კორნავირუსით გარდაცვლილ ორსულთა ტრაგიკულ რიცხვს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეემატა. ბაკო სალაყაია ექვსი თვის ორსული იყო, როდესაც დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ დღეში დამძიმდა და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. ბაკოს მეგობარი ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე ამბობს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ საკეისროს შემდეგ ქალი ისე გარდაიცვალა, შვილის ნახვაც ვერ მოასწრო.– ბაკო ფოთში ცხოვრობდა, ექვსი თვის ორსული იყო, კოვიდი რომ შეხვდა. ტემპერატურა რომ დაუფიქსირდა, მეორე დღესვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლევან რატიანთან.
რადგან ორსული იყო, პირველი ორი დღე ძლიერ წამლებს არ აძლევდნენ, ექვსი თვის ბავშვი ჰყავდა მუცელში და აკვირდებოდნენ, როგორ წავიდოდა პროცესები. რომ ნახეს, ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ვირუსი, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. სხვა გზა, უბრალოდ, არ იყო. იმ ორ დღეში იმდენად მოედო ორგანიზმს ვირუსი, რომ ფილტვების 15 – ბალიანი დაზიანებით შეიყვანეს და ეს მაჩვენებელი 24 ბალამდე ავიდა. ამაზე მაღალი აღარ არსებობს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.საკეისრო კვეთის შემდეგ ძალიან დამძიმდა. მანამდე უფრო კონტაქტური იყო, ოჯახის წევრებსაც ესაუბრებოდა. რეანიმაციაში გადაიყვანეს და ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს ეცადნენ ექიმები, რომ გადაერჩინათ. პირადად მე ლევან რატიანსაც ვესაუბრე რამდენჯერმე.– ბელა, ბაკო აცრილი არ ყოფილა?– არა, სამწუხაროდ. ალერგიული იყო და კოვიდზე მკურნალობის პერიოდში, წამლებს რომ აძლევდნენ, იმაზეც ალერგიას აძლევდა.– ბაკოს სხვა შვილიც ჰყავდა?– დიახ, უფროსი გოგო ჰყავს. მეორეც გოგონაა, თვეზე მეტია ჟვანიას კლინიკაში, ინკუბატორშია. სუნთქვის აპარატი მოხსნეს და ბოთლით ჭამს უკვე. თუმცა ორი თვე კიდევ უნდა დარჩეს. საკეისროს შემდეგ პირდაპირ ინკუბატორში გადაიყვანეს ბავშვი, ბაკო ისე დამძიმდა, არ უნახავს შვილი.
წყარო:ambavi.club