ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი დაშავებული ბავშვის მოსანახულებლად “ნიუჰოსპიტალში“ მივიდა.
“მოხდა უდიდესი ტრაგედია. ვუსამძიმრებ მარიტა მეფარიშვილის ოჯახს. ყველა სიტყვა არის უძლური მომხდარი ტრაგედიის გამოსახატავად. ეს კონკრეტული ბავშვები დღეს დილიდან არ გამოცხადდნენ 55-ე საჯარო სკოლაში, გაკვეთილებზე. რეგულაციის მიხედვით,
დამრიგებელი ვალდებულია, რომ როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, ეს აცნობოს მშობლებს, რაც გააკეთა ამ ბავშვების დამრიგებელმა. ლაზარეს მდგომარეობა გვაინტერესებდა, გავარკვიეთ, ახლა წავალ და ვნახავთ ანდრიასაც, კლინიკებთან ვართ მუდმივ კონტაქტში”, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.
მათგან ერთი – 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, გარდაცვლილი მოზარდი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და ყველა სამედიცინო მანიპულაცია უშედეგო აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.