ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი დანით მოკლა, აფხაზეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ზუგდიდში ცხოვრობდა.
ზუგდიდიდან იყო გარდაცვლილი ქალიც.
არსებული ინფორმაციით, ცოლ – ქმარი ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობაა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
თვითმხილველების გამოკითხვა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო:dainteresdi.club