ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კობა დავითაშვილის შვილის, თორნიკე დავითაშვილის მიმართვა. წერილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა და ახალგაზრდა წერდა, რომ შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია. თორნიკე უკვე ხუთი წელია გერმანიაში ცხოვრობს. Ambebi.ge-სთან იხსენებს მამასთან ბოლო შეხვედრას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა, დედა მისთვის გმირია.
– თორნიკე, ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა წერილმა, პირველ რიგში თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ…
– დიდი მადლობა, რომ დროს მითმობთ. უკვე მეხუთე წელია, რაც DAAD-ს სტიპენდიით ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში და ვსწავლობ სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად ვმუშაობ მეცნიერ-ასისტენტად რობოტიკისა და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის განყოფილებაში.
– ელოდით, რომ თქვენს წერილს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ხომ არ ინანეთ მისი გამოქვეყნება?
– არა, პატარაობიდან არ მიყვარდა ჟურნალისტები, როცა მამას წერდნენ, მუდმივად ცუდი რამე ხდებოდა. უბრალოდ, გარშემო ყველა დანევროზებულია ამ ამბით და ხშირად გვავიწყდება, რომ ემოციებზე მაღლაც კი კანონი დგას. მამაჩემიც სწორედ კანონის უზენაესობისთვის იბრძოდა. ამიტომ არ მინანია გამოქვეყნება, დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით და კარგ რჩევებსაც მომცემდა ასეთ სიტუაციაში.
– მამასთან ბოლო შეხვედრას როგორ გაიხსენებდით?
– ძალიან თბილად. მე და მამა სულ ვჩხუბობდით და ვკამათობდით, ჩვენი შეხედულებები ძალიან ბევრ რამეში ცდებოდა ერთმანეთს, მაგრამ რაც უფრო გართულდა მისი მდგომარეობა, უფრო დავახლოვდით. ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ალბათ ეგ მაძლებინებს დღემდე ემოციურად.
წყარო: ambavi.club