„ეგ ბავშვი დამნაშავე არ იყო!.. დედა ამბობს, ალბათ თავს მოვიკლავო“ – რას ამბობს ჩვილის მკვლელობაზე დაკავებულის მეზობელი

0

დღეს დილიდან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული გლდანის ხევში, სადაც გუშინ ბავშვის ცხედარი იპოვეს.
ამ დრომდე უცნობია ვინ არის ბავშვის დედა, რადგანაც გოგონა, რომელიც გუშინ მკვლელობისთვის დააკავეს, აღმოჩნდა, რომ დამნაშავე არ იყო და ის სამართალდამცველებმა გამოუშვეს.
„ტევე პირველთან“ საუბარში არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის, და ხალხი ჭორებს ავრცელებს.
„პოლიციამ მითხრა, გოგონა უნდა გადავიყვანოთო, არ არის პრობლემა-მეთქი ვუთხარი. ხალხი ათას სისულელეს ამბობს.“ – აცხადებს არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრი.

მეზობლები ამბობენ, რომ გოგონას ოჯახის წევრები მომხდარით ისე არიან შეძრულები, რომ ეშინიათ თავს არაფერი აუტეხონ.
„ეგ ბავშვი დამნაშავე არ იყო. დედამისი იყო მოსული და ისეთ დღეშია საწყალი, ალბათ თავს მოვიკლავო ამბობდა… გოგონა მაშინვე გამოუშვეს, ეს რომ დამნაშავე იყოს, სახლში ვინ გამოუშვებდა?!“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

შეგახსენებთ, გლდანის ხევში გუშინ მომხდრმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანმა გოგონამ სახლში იმშობიარა, ჩვილი კი ნაგავსაყრელზე გადააგდო.

ჩვილის ცხედარი ექსპერტიზაზე პატრულმა გადაიყვანა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის მოკვიდენბას გულისხმობს.

Share.