1-ელი დეკემბერი სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) გარდაცვალების დღეა, უკრაინული წარმოშობის ბერის, რომლის საფლავიც ბევრი მართლმადიდებლის ნუგეშისმცემელი ადგილია.
მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს, 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ, წინასწარ იცოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე, ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა
მასთან ხშირად მიდიოდა ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მიცვალებულს წესი სწორედ მან აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი, ისევ შეკრა. 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხორციელად დატოვა ეს ქვეყანა.
მამა ვიტალი იყო ადამიანი, რომელიც მუდამ სიყვარულს ქადაგებდა, დაუვიწყარია მისი საოცარი სიტყვები: “ძმებო შეიყვარეთ სიყვარული.მთელი სამყარო ჩემი მამა და დედაა. უცხო არავინ მყავს – ყველანი ჩემი ახლობლები არიანო“.
ძალზე განიცდიდა, თუ სადმე კატასტროფა მოხდებოდა, აანთებდა სანთლებს და იმდენ მეტანიას აკეთებდა, რამდენი ადამიანიც დაიღუპა, ყველას სათითაოდ ავედრებდა უფალს. მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას “ღირს არსს“ ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). შემდეგ დაგსვამდა, თვითონ იატაკზე მოირთხამდა ფეხს და საათობით იჯდა გაუნძრევლად, გისმენდა, მერე წიგნს აიღებდა და მამათა ნაწერებს გიკითხავდა. ცხოვრებაზე მოწუწუნეს ანუგეშებდა: “ამქვეყნად არაფერია რთული. თუ ადამიანები გეყვარება და გულწრფელად ეცდები მათ დახმარებას, ცხოვრება გაგიიოლდება“.”თუ გეყვარებით, არც მწუხარება გექნებათ, არც გულგატეხილობა. არასოდეს დაეცეთ სულით და ყოველთვის იქონიეთ ღვთის დახმარების და წყალობის იმედი. ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.”
ოცდაათი წლით ადრე იწინასწარმეტყველა 1991-1992 წლების ძმათამკვლელი, აფხაზეთის ომი. ხოლო როცა ეს ყველაფერი აღსრულდა, მარხვა გაამკაცრა და ლოცვა გააძლიერა. განუწყვეტლივ სახავდა ჯვარს თბილისს, დადიოდა ქუჩებში და აკურთხებდა ქალაქს: ”შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ, რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვების” სიკვდილის წინ ყველას დაგვიტოვა ანდერძად: “მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებით”.
მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. აი, მის საფლავზე კი მართლაც უამრავი სასწაული აღესრულება, უამრავი ადამიანი იღებს მისგან ნუგეშსა და სიყვარულს. უშვილოებს შვილი მისცა. ყოფილა შემთხვევა, ექიმები რომ აბორტის გაკეთებას სთხოვდნენ რომელიმე დედას, ნაყოფი მახინჯი დაიბადება ან მუცელშივე დაიღუპებაო, თუმცა მამა ვიტალის საფლავზე ლოცვის შემდეგ, დედას შვილის მოკვლაზე სასტიკი უარი განუცხადებია და შვილიც ჯანმრთელი შესძენია. უამრავი ადამიანი განსაცდელისაგან დაუხსნია და ასე შემდეგ…
წყარო: primetime.ge