სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხშირად ლოცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ბავშვებს და მათ ქადაგებით მიმართავს.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ასეთი ქადაგება გაიხსნეს, სადაც მისი უწმინდესობა ბავშვებს კონკრეტულ რჩევა-დარიგებას აძლევს:
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან შემოვიდა, ხოლო IV საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ღვთის განგებით, ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეშივე ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ასეთი დიდი მადლი და წყალობა მიანიჭა უფალმა საქართველოს.
ამიტომაც უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მარად გვახსოვდეს, რამ გადაარჩინა ჩვენი სამშობლო. იგი იხსნა ღმერთმა, მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ამგვარი გზით უნდა ვიაროთ ჩვენც…
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
თქვენ იცით, რომ ერთად შეკრული ხელის პირველი სამი თითი წარმოადგენს წმიდა სამების სიმბოლოს. ახლა ყველამ ერთად გადავიწეროთ პირჯვარი და ჩემთან ერთად გაიმეორეთ სიტყვები:
„სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.
სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.
სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ“.
ამჯერად რასაც ვიტყვი, ისიც გაიმეორეთ:
„უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!
უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!
უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო! ამინ“.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო!
ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ, აუცილებლად ილოცეთ. პირველი ლოცვა კი ასე თქვით: „უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!“ ჯერ საქართველოსთვის ილოცეთ, მერე თქვენი თავისთვის, მშობლებისა და ახლობლებისთვის