1-ელ ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ჩამოწოლილ მეწყერში თედორაძეების ოჯახის შეიწირა. გადარჩა ერთადერთი წევრი, 12 წლის თიკა, იგი სტუმრად სხვა სოფელში იმყოფებოდა. წლების წინ კი თიკასავით გაუმართლა სოფელ ორთაბათუმის მასაურას დასახლებაში მცხოვრებ მაგდასაც – მან ოჯახის 4 წევრი დაკარგა – დედა-მამა და და-ძმა. ისინი მიწის მასამ ჩაიყოლა. 5 საათის განმავლობაში თავად მაგდაც მიწისქვეშ იყო ჩამარხული და… ცოცხალს მიაკვლიეს.
დღეს მაგდა 12 წლის თიკას ტკივილმა აალაპარაკა და სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა 12 წლის გადარჩენილი გოგონას მისამართით:
“უკვე არ შემიძლია გავჩუმდე და ვარღვევ ტკივილით სავსე დუმილს! 12 წლის შემდეგ, რადგან დღეს შენ, ჩემი განმეორება ხარ პატარა გოგო, ჩემსავით გეწვის გული, სული! კი, ყველაზე უკეთ მესმის დღეს რა დღეში ხარ! რადგან ზუსტად შემოდგომა 19.09.2008. წლის ღამეს მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები. ზუსტად ასე ჩამომეშალა ჭერი, ზუსტად ისე წვიმდა, როგორც შენთან გაწვიმდა, ჩემო ლამაზო. თუმცა სხვაობა ის არის, რომ მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ, რადგან ვგრძნობდი უკვე დავობლდი. არ მინდოდა ვეპოვნე ვინმეს, სიკვდილს არ ვებრძვოდი, პირიქით ვთმობდი სიცოცხლეს. მაგრამ არ მეწერა, არ მომცა უფლება ღმერთმა წავსულიყავი მათთან ერთად, სხვა ცხოვრებაში. მიპოვეს, ვინც დამრჩა იმათმა, ამომიყვანეს, დამაძალეს, რომ მეცხოვრა, მათი სულისთვის! იმ დროს ერთადერთი დავრჩი გვარის ნერგად. რომ მეგონა ცხოვრება დასრულდა, ღმერთს ვუსვამდი კითხვას რისთვის? პასუხი არ მქონდა.
მე გავაგრძელე სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, დროსთან ერთად ტკივილი ძლიერდებოდააა. ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერით გავიმართე, ვისწავლე, შევქმენი ოჯახი, მყავს შვილები და ეს მახარებს, რადგან ჩემი და ჩემი შვილების წყალობით, მარადიული ხსოვნა იქნება, არ ჩაქრება სანთლები ჩემების სულისთვის! ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა, იცი? არ გაბედო, არ დაეცე, ეს შენებს არ მოეწონებათ. მართალია ვერავინ შეცვლის შენების ადგილს, მაგრამ მერწმუნე ჩაენაცვლება ისინი ვინც გვერდით გეყოლება, როგორც ოჯახი. როგორც ჩემთან, მამიდა და მისი ოჯახი. მათ მიმიღეს, ყველაფერი გააკეთეს ჩემი ბედნიერებისთვის. პირობას გაძლევ, გავა დრო და ჩემსავით იფიქრებ დაუვიწყარ, ტკივილით სავსე შემთხვევაზე.
გისამძიმრებ თიკუნა და ვთხოვოთ ღმერთს, ასე აღარავინ დაოობლოს. მეტი რა გვეთქმის, როცა დღემდე არ მაქვს პასუხი. და კიდევ, თუ სურვილი გექნება, რაც ძალიან მინდა, ვნახოთ ერთმანეთი. ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის. გახსოვდეს რომ გაძლიერდე, ისევ მათ გამო! მე შენი ტკივილი მტკივა”. წყარო:epicentir.club