ამბროლაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 19 წლის ახალგაზრდებს, იური ქურციკიძეს და ვლადიმერ სამხარაძეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის ლასო აბუთიძე მათ სასტიკად სცემეს, შემდეგ გაგუდეს და იქვე მიატოვეს.
ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებული იური ქურციკიძე დანაშაულს აღიარებს, ვლადიმერ სამხარაძე კი ამბობს, რომ მათ აშველებდა და დანაშაული არ ჩაუდენია. ყველაფერი ერთი უწყინარი საღამოთი დაიწყო. ლასო აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯებს აქირავებდა. ერთ-ერთი კოტეჯი ახალგაზრდა ქალებმა იქირავეს. მათ ახლობლად სახლში, სარემონტო სამუშაოებზე 19 წლის ბიჭები მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, მათ აბუთიძის მდგმურების გაცნობა გადაწყვიტეს, ქალებმა კი პასუხი არ გასცეს. იური ქურციკიძე და ვლადიმერ სამხარაძე, რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, გაღიზიანდნენ და ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მდგმურებმა კოტეჯის მეპატრონეს, ლასო აბუთიძეს დაურეკეს და ისიც მივიდა.
ჟურნალმა „სარკემ“ დაკავებულების ჩვენებები მოიპოვა. დაკავებული იური ქურციკიძე ყვება, რომ მასსა და ლასო აბუთიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო.
ამის შემდეგ კი, აბუთიძის დახრჩობას შეეცადა.
„მე ერთ-ერთ თბილისელ გოგონას, რომელიც მომეწონა, ვთხოვე, კოტეჯთან გამოსულიყო და ცალკე გვესაუბრა.
გოგონა, რომლის სახელიც ახლა არ მახსოვს, გამომყვა და დავიწყეთ საუბარი.
გამოვიდა ვლასი აბუთიძე, მოვიდა ჩემთან და იმ გოგონასთან, რომელთანაც ვსაუბრობდი. მითხრა, შენ რა ტვინი გაბურღეო და სამჯერ შემაგინა დედის მისამართით.
თავიდან მოვითმინე, ვკითხე, რატომ მაგინებ-მეთქი. მან მკერდში მუშტი ჩამარტყა და ისევ შემაგინა.
მე ვლასი აბუთიძეს ასევე დედის მისამართით შევაგინე, ორივე ხელით ყელში მივწვდი და ხელები მოვუჭირე. ვლასი აბუთიძე შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ხელები ყელიდან ვერ გამაშვებინა, ნათქვამია ქურციკიძის ჩვენებაში.
ბრალდებული ვლადიმერ სამხარაძე ჩვენებაში ყვება, რომ მხოლოდ გაშველებას ცდილობდა და მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.
„მათი გაშველება დავიწყე. გაშველებაში გოგონებიც ჩაერთნენ. ამ დროს მივაწექით ჭიშკარს, რომელიც ხის იყო, შეინგრა და ინერციით მიწაზე წავიქეცით. როდესაც წამოვდექი დავინახე იური ქურციკიძე, რომელიც ზურგით იწვა მიწაზე, გულმკერდზე ზურგით ჰყავდა მიბჯენილი ლასიკო აბუთიძე და მკლავები მის კისერზე ჰქონდა შემოხვეული და ახრჩობდა – ამბობს ჩვენებაში სამხარაძე.
პრაიმტაიმი