ბათუმელი მოდელი ნინიკო ნაცარიშვილი წლების წინ საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის საცოლე. მალე ცნობილი გახდა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა. ჯიბღაშვილი მალევე დაოჯახდა და ნარკოტიკების სკანდალის შემდეგ საჯარო სივრციდან გაქრა.
რაც შეეხება ნინიკო ნაცარაშვილს, მალევე ცნობილი გახდა, რომ შვილს ელოდებოდა. საზოგადოებაში ბევრს საუბრობდნენ, რომ მისი რჩეული ცნობილი ბათუმელი “კანონიერი ქურდი” მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” გახლდათ. თუმცა უამრავი კითხვის
მიუხედავად ნინიკოს “ლავასოღლის” ცოლობა ბავშვის შეძენის შემდეგაც არ დაუდასტურებია.ამ ცოტა ხნის წინ, ნაცარაშვილმა მინდია გორაძესთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა. რითაც ცნობა იმის შესახებ, რომ ქალის იდუმალი მეუღლე სწორედ “ლავასოღლია”, დადასტურდა. სად არის სურათი გადაღებული უცნობია. ცნობილია, ის, რომ “ლავასოღლი” ამჟამად ქართულ სამართალდამცავ სისტემას ემალება.
შეგახსენებთ, მინდია გორაძის კრიმინალური ბიოგრაფია მოიცავდა სხვადასხვა დანაშაულებს, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულს – ქურდობას, რეკეტსა და ფინანსურ მაქინაციებს. “ლავასოღლი” გავლენიანი ფიგურაა ქართულ კრიმინალურ სამყაროში და მისი ავტორიტეტი ვრცელდებოდა ქვეყნის გარეთაც.
2023 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონიერი ქურდი მოლდოვაში დააკავეს. თუმცა მალევე მისმა ოჯახის წევრმა ეს ინფორმაცია უარყო.
მინდია გორაძეს საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.
2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო “კანონიერ ქურდობაში”, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ “კანონიერი ქურდობისა” და “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის მუხლებით დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
“ლავასოღლი” 2021 წელს უკრაინაშიც დააკავეს და ოდესის აეროპორტში ექსტრადირებას ელოდებოდა, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები უცნობია, ფაქტია, რომ კანონიერმა ქურდმა ციხეს მაშინაც დააღწია თავი.