2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარმა სისხლიანმა გარჩევამ მთელი საქართველო შეძრა.
ამ დროის განმავლობაში არავის გაუგია მოკლული მოზარდის დედის სიტყვა.
უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, დავით სარალიძის დედამ პირველი, ძალიან მძიმედ მოსასმენი ინტერვიუ „ალიას“ მისცა.
ნათია სარალიძე:
– როცა დავდექით იმის წინაშე, რომ ჩვენ ორიდან ერთი უნდა წასულიყო უცხოეთში სამუშაოდ, გადავწყვიტე, მე წავსულიყავი – ჯერ ერთი, ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეორეც, გადავწყვიტე, რომ ბიჭს მამის ხელი სჭირდება. ზაზას უნდოდა წასულიყო, მაგრამ გადავაფიქრებინე და მე წავედი.
იმ წელს უკვე უნდა ჩამოვსულიყავი.
მე და დათუნას ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, ტანად იყო დიდი, თორემ, პატარა ბავშვივით იყო, ყველაფერს მიყვებოდა და მაჩვენებდა და მეკითხებოდა, ეს მიხდება? ეს როგორ მაქვს?
არასოდეს უთხოვია ჩემთვის ფული ან საჩუქარი, ყოველთვის იმას მპასუხობდა, არაფერი მინდა, მინდა მალე ჩამოხვიდე, მომენატრეო. საჩუქრები, თუნდაც მცირე, პატარა ბავშვივით უხაროდა, ამიტომ, ვცდილობდი ხოლმე, მცირედი მაინც გამომეგზავნა და გამეხარებინა.
იმ წელს მთხოვა პირველად, მეგობრები ბაკურიანში მიდიან და შეგიძლია, მეც გამიშვაო? დავპირდი, რომ გავუშვებდი, ვკითხე, რამდენი გინდა ფული-თქო, შენ რამდენიც შეგეძლებაო – მიპასუხა.
გადავწყვიტე, რომ მესიამოვნებინა და დამემახსოვრებინა მისთვის მეგობრებთან ერთად ბაკურიანში წასვლა.
მეგობრებთან წასულა და ყველასთვის უხარებია, მერე მიყვებოდნენ, დედა ბაკურიანში მიშვებს, ფულს მიგზავნისო.
უამრავი სათამაშო ჰქონდა, უყვარდა სათამაშოები, ეს დათუანიაც მისი სათამაშოა, ვითომ ეჭიდავებოდა, ხოლმე. ყველასთან შეეძლო თამაში, 2 წლის ბავშვთანაც კი.
ძალიან კეთილი და თბილი იყო, ყველა უყვარდა, სულ იცინოდა. შეყვარებული იყო. მომიყვა და რომ გავიგე, ვინ უყვარდა, შევუქე არჩევანი და ისე გაუხარდა, რომ შევუქე…
იმ დღეს არ დამირეკა, ვერც მე დავურეკე და აფორიაქებული ვიყავი, არ ყოფილა მანამდე ასეთი. მივწექი, მაციებდა და ჩამეძინა. ღამე გამაღვიძა შეგრძნებამ, რომ დღეს არ მილაპარაკია ჩემებთან, პირველ რიგში ტელეფონს დავხედე, სადაც უკვე იყო ზაზას ნარეკი…
მაშინ მითხრეს, რომ დათუნა დაჭრილი იყო…
სანამ არ ჩამოვფრინდი, არ ვიცოდი, რომ…
ყველამ იცოდა, ჩემს გარდა. რომ ჩამოვფრინდი, მაშინ მითხრა ზაზამ, იმის მერე, უკვე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი…
არც არაფერს ვკითხულობდი, არაფრის გაგება არ მინდოდა, არც ის მინდოდა ვინმესთან ამაზე მესაუბრა, ახლაც ასე ვარ, არ მინდა, რადგან ჩემთვის დათუნა ცოცხალია, ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ისევ ყოველ დღე ვესაუბრები, ჩემს სამყაროში დათუნა ისევ ისეთი თბილი და მოსიყვარულეა.
არავისი დანახვა არ მინდოდა, მაშინ მითქვამს, ჩემი სიცოცხლე დასრულდა-თქო, მერე მარიამი მახსენებს, მეც ხომ ვარ თქვენი შვილი, ჩემთვის ხომ უნდა იცოცხლოო.
ვპასუხობ, რომ გახდება დედა და მიხვდება თავად, რას ვგულისხმობ. მარიამისთვისაც დამთავრდა ძმის სიცოცხლე და მარიამიც ცუდადაა, ისიც განიცდის, მაგრამ ხედავს ჩვენს მდგომარეობას და ჩვენს გამხნევებას ცდილობს ამ სიტყვებით. მაგრამ, მარიამს ეყოლება შვილი და მიხვდება, რა ბედნიერებაა შვილი, რას ნიშნავს მშობლისთვის შვილი. შვილის გარეშე შენ ის აღარ ხარ, რაც იყავი და ვეღარასოდეს იქნები.
დათუნას მეგობრები სულ აქ არიან, არც ჩვენ გვშორდებიან, არც მარიამს, კუდში დაჰყვებიან, ცდილობენ ძმის ფუნქცია შეასრულონ, გააცილონ, დაელოდონ, დაურეკონ, სად არის, რამდენ ხანში დაბრუნდება. არც ერთ მოსულ სტუმარს, ბავშვს, დიდს, მე ჩემს ტკივილს არ დავანახებ. არსად დავდივარ, არ მინდა ჩემი ტკივილით ადამიანები შევაწუხო. გინდა არ გინდა წუხდებიან, თუნდაც იმით, რომ შავი მაცვია, თუნდაც იმით, რომ ჩემი თანდასწრებით ისე ვერ იმხიარულებენ, ასე მგონია.
სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყე ინფორმაციის წაკითხვა, არაფრის მოსმენა არ მინდოდა, რაც იმ ამბავს ეხებოდა, საერთოდ გვარებიც არ ვიცოდი…
მახსოვს, სამძიმარზე მოსული მასწავლებლებიდან ერთმა მითხრა – შენი შვილი ყველამ მიატოვა, ყველა გაიქცაო… – ეს სიტყვები მახსოვს. ხშირად მიფიქრია მერე ამ სიტყვებზე… დათუნა არ დატოვებდა, არასოდეს არავის დატოვებდა გაჭირვებაში…
არც სუბელიანი ვიცოდი ვინ იყო, მე ვიყავი სახლში, რომ მოვიდა, ხატი და ბიბლია რომ მოიტანა. ბოდიში რომ მოგვიხადა, ვერც მივხვდი, რისთვის გვიხდიდა ეს კაცი ბოდიშებს, მერე ზაზას ვუთხარი და ზაზამ მითხრა ვინც იყო.
ვბრაზობ თუ არა რომელიმეზე? არც კი ვფიქრობ მაგაზე.
მინდა აღიარონ და სიმართლე თქვა, მერე ვინ როგორ დაისჯება, უფალს მივანდობ, არასოდეს არც ერთი არ დამიწყევლია…
ერთ-ერთი მშობელს მოსვლა უნდოდა, ეს არ იყო კალანდიას მშობელი, მაშინ არავისთან საუბარი არ მინდოდა, მერე აღარ გაუმეორებია თხოვნა, ახლა რომ მოვიდეს, დაველაპარაკები, მოვუსმენ…
ბოლო თვეების მანძილზე დავიწყე იმის კითხვაც რაც წერენ ჩვენზე და ჩვენს ოჯახზე, რამდენ ტალახს გვესვრიან თურმე, რისთვის, რას გვთხოვენ, ვერ ვიგებ?
განსაკუთრებით მძიმეა იმ ხალხისგან ლანძღვა, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდით, რას ითხოვენ ჩვენი ოჯახისგან და ზაზასგან, რატომ არ მოკვდა რუსთაველზე მარტო დარჩენილი?
ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება მიულოცა ზაზამო – წერდნენ, ცოტა რომ დაფიქრდნენ, მიხვდებიან, რომ ივანიშვილს ზაზამ მიულოცა ის, რაც ზაზას, რაც ჩვენ აღარ გვეღირსება, ჩვენი გვარის შთამომავალი აღარ გვეღირსება და კი არ მიულოცა, ეს შეახსენა – ნუთუ ეს ასე ძალიან რთული გასაგებია?
ამდენ სისაძაგლეს რომ წერენ ჩვენზე, არ ფიქრობენ, რომ ამას მე და მარიამი ვკითხულობთ? ჩვენი ოჯახი რომელიც ისედაც ძალიან ცუდ დღეშია, ამას რომ წაიკითხავს, მაგაზე არ ფიქრობენ?
ერთადერთი რაც მინდა, აღიარონ, თქვან სიმართლე, მოინანიონ.
მონანიების და აღირების ნაცვლად, დათუნასთვისაც კი დაიწყეს ტალახის სროლა, რა აღარ დააბრალეს.
მე იმათიც მესმის, მშობლები არიან და ცდილობენ თავიანთი შვილების დაცვას, მაგრამ ასე და ამ გზით ვერ დაიცავენ, სისხლი ისედაც ყველაზე რთული მოსანანიებელია…
სიმართლე გითხრათ, მე არც ის მაინტერესებს ციხეში ისხდებიან, თუ არა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? რას შემიცვლის? რას შემიმსუბუქებს? გარდა იმისა, რომ ეცოდინებათ, რომ თუ სხვის შვილსაც დაუშავებენ – დაისჯებიან – ამის გარდა, რას შეცვლის, გთხოვთ, მითხრათ?
ჩვენ გვინდა სიმართლე გაირკვეს, დანარჩენი, წლები, სასჯელი, სასამართლო – ყველაფერი სხვისი შვილების დასაცავადაა.
პატრიარქი დამეხმარა ძალიან… მასთან საუბარი მამშვიდებს, მისი ნახვა მამშვიდებს. უდიდესი ძალა მომცა. ეკლესიაში დავდივარ ხშირად, მინდა ჩემს შვილს ყველაფერი ისე გავუკეთო, როგორც საჭიროა.
ყველაზე მეტად ის წლები მენანება, რომელიც უცხოეთში დათუნას გარეშე გავატარე.
ახლა რომ ვფიქრობ, ყველაფერი უფლის ნება იყო, უფლის ნება იყო, რომ მე წავსულიყავი უცხოეთში, არ ვიცი, სწორად როგორ ავხსნა, იმ წლების მანძილზე, როცა არ ვცხოვრობდით ერთად, როცა მხოლოდ შორიდან ვხედავდი და ვისმენდი მის ხმას, ხომ შევეჩვიე, რომ ვერ ვეხებოდი და ვიხუტებდი და ახლაც იმ მდგომარეობაში ვარ, ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ჩემი შვილი ცოცხალია, მელაპარაკება, მიცინის, ამბებს მიყვება, შეჭრილ, თუ წამოზრდილ თმებს მაჩვენებს და მეკითხება: – მიხდება?
წყარო: jurnali.club