21 ნოემბერს უმძიმესი ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, სადავ ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო დანარჩენი დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.არსებული ინფორმაციით, მძღოლს სველ ასფალტზე მანქანა მოუსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით გადავიდა, რა დროსაც საპირისპირო ზოლში მიმავალ მანქანას დაეჯახა, შემდეგ მათ კიდევ ერთი მანქანა დაეჯახა.
ავტოავარიის ადგილზე გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ზუგდიდელი რამაზ კონჯარიაა. მეორე დღეს გავრცელდა კიდევ ერთი ახალგაზრდის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. ის თერჯოლას მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის მკვიდრი, 24 წლის თორნიკე (თოკო) გვადიბაძეა.
ახლობლების თქმით, თოკო კლინიკაში შეყვანისას გონზე იყო.
“როგორც გვითხრეს, კლინიკაში შეყვანისას კონტაქტური იყო, მერე დამძიმდა… ძალიან განვიცდი, ჩვენი თოკო აღარ არის, უკარგესი ადამიანი იყო, ნათესავები ვართ და ეს თავზარდამცემი ამბავი რომ გავიგე, მას შემდეგ განადგურებული ვარ. საუბარიც მიჭირს, მხოლოდ გეტყვით, რომ უკეთილშობილესი ადამიანი იყო სიკეთით და სიყვარულით სავსე, უანგაროდ სიკეთის გამცემი ყველას მიმართ. დაოჯახებული იყო – მეუღლე და შვილი დარჩა“,- გვითხრა მისმა ახლობელმა.