ჭორებიც ამიგორეს, _ იქნება და, მაზლთან აქვს ფარული ურთიერთობა, თორემ სხვის კაცს რატომ უვლისო?
ქალბატონი სევდია ქმარმა წლების წინ მიატოვა. როგორც ამბობს, მან ღირსეულად გაუძლო ტკივილს, ჭორებს, ბარიერებიც გადალახა და პრობლემებს ვაჟკაცურად გაუმკლავდა. მართალია, საყვარელმა ადამიანმა ხელი ჰკრა, მაგრამ თავად გამოიჩინა სულგრძელობა და სიცოცხლის ბოლომდე პატრონობდა მამამთილს, რომელმაც ცხოვრების ბოლომდე, მეგობრობაც გაუწია და მამის მაგივრობაც…
– ქმარმა წლების წინ მიმატოვა. დავრჩი ორ ბავშვთან ერთად. მათ გაზრდაში ხელის შემშველებლები კი მყავდნენ, მაგრამ ხომ იცით, როცა ქალს ქმარი უდგას მხარში, როგორი უვარგისი კაციც უნდა იყოს, მაინც გგონია, რომ ძლიერი ხარ, მაინც სხვანაირად ამაყი დააბიჯებ ამ ქვეყანაზე… ფრთამოტეხილივით დავრჩი ქმრის სახლიდან წასვლის შემდეგ. თავს ვიტყუებდი, რომ დამიბრუნდებოდა და ამიტომაც გადავწყვიტე, მამამთილის სახლიდან არსად წავსულიყავი, მით უმეტეს, რომ ქალის ხელი სჭირდებოდათ. დედამთილი ცოცხალი არ იყო და ვუვლიდი მოხუცს, არც მაზლს ვტოვებდი უყურადღებოდ, რომელსაც არც ცოლი ჰყავდა და არც შვილები. თავიდან ყველა მაქებდა, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და დაიწყეს ჩურჩული: ეს გოგო ან შტერია, ან წასასვლელი არსად აქვს. აბა, მაზლს და მამამთილს მოსამსახურედ რატომ უდგასო? არადა, მშვენივრად იცოდნენ, რომ ძლიერი ოჯახიდან ვიყავი და ჩემი წაყვანა მშობლებისთვის პრობლემა არ იქნებოდა. უბრალოდ, ენას ხომ ძვალი არ აქვს და ჭორებიც ამიგორეს, – იქნება და, მაზლთან აქვს ფარული ურთიერთობა, თორემ სხვის კაცს რატომ უვლისო?
– ამ ჭორებმა თქვენამდე როგორ მოაღწია?
– მეზობელმა გოგომ მითხრა, შენზე ძალიან ვდარდობ და ვერ დაგიმალავ, რასაც უბანში ამბობენო. გავმწარდი. ბევრი ჩუმად ვიტირე, მაგრამ ბოლოს სიმართლე ვერ დავმალე და როცა მამამთილი ჩამაჯინდა, – ქმრის გარდა, კიდევ რა სადარდებელი გაქვს? ხომ არაფერი გაწყენინეთო? – ვერ დავუმალე და ვუთხარი, რასაც სამეზობლოში ამბობდნენ. გადაირია ეს ავადმყოფი კაცი და იმ ღამეს მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა, გულის შეტევა დაემართა. მადლობა უფალს, გადარჩა და მე არ გავხდი მისი სიკვდილის მიზეზი. შინ რომ მოვიყვანეთ, მართალია, სუსტად იყო, მაგრამ მეზობლები მის სანახავად რომ მოდიოდნენ, ყველას ელაპარაკებოდა ჩემს სათნოებაზე: ვეცოდები, ავად რომ ვარ. თან, შვილის სახლიდან წასვლის შემდეგ დავუჩოქე, რომ არ მივეტოვებინე და აჰა, ხომ ხედავთ, როგორი კეთილია, გვერდიდან აღარ მშორდება. თუმცა, ახლა ვხვდები, ჩვენ გამო მსხვერპლის გაღება არ ღირს. ჩემმა შვილმა ქალის გამო მიატოვა და ახლა, ამანაც უნდა იფიქროს სხვა ადამიანთან ურთიერთობაზე. ბინას ვუყიდი ქალაქში და გავუშვებ დალოცვილსო. არ ვიცი, მისმა სიტყვებმა ხალხს გული მოულბო თუ არა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მოხუცმა სიტყვა შეასრულა: ცოტა დანაზოგი ჰქონია, ცოტაც დაამატა – ძროხა გაყიდა, ღორიც და ერთოთახიანი, კოხტა ბინა მიყიდეს რაიონში. ჩემს მაზლზე აუგი არ მეთქმის. ძალიან განიცადა, სახლიდან რომ უნდა წავსულიყავი და ერთხელაც არ დასცდენია საყვედური იმის გამო, რომ მამამ ძროხა ან ღორი გაყიდა ჩვენთვის… მითხრეს, – ვიცით, მშობლებიც გიპატრონებენ, მაგრამ შვილიანი ქალისთვის ძნელია თუნდაც, დედ-მამასთან ერთად ცხოვრება და ვიღაცის დამადლებული ლუკმა. ჯობია, მარტო იყო და ყველანი დაგეხმაროთ, ვიდრე ჩვენ გვერდით იცხოვრო და უმადურები ვიყოთ იმით, რასაც აკეთებო. თუმცა, ამ ოქრო ადამიანებისთვის უმადურობა არასდროს შემიტყვია და არც არასდროს დაუმადლებიათ რამე…
– საოცარი მამამთილი გყოლიათ, ძალიან გულისხმიერი და გაბედულიც.
– ასეა. მამაჩემი გიჟდებოდა, – გათხოვილი ქალი ცალკე რატომ უნდა ცხოვრობდესო? მას ჩემში ეჭვი ეპარებოდა, მამამთილმა კი ეს ნაბიჯი თამამად გადამადგმევინა. ის მეგობრულადაც ამომიდგა მხარში და მამაშვილურადაც. თვეში ერთხელ, სოფლის პროდუქტებს გვიგზავნიდა. მეც არ ვივიწყებდი ამ კეთილ მოხუცს და ვიდრე ცოცხალი იყო, შვილებთან ერთად, კვირაში ერთხელ მაინც ჩავდიოდი სოფელში, სახლს ვულაგებდი, თბილ საჭმელს ვუმზადებდი. როცა ლოგინად ჩავარდა, ჩემთან წავიყვანე და ბინაში ვუვლიდი. როგორც მერე თანასოფლელმა მეგობარმა მითხრა, სწორედ ამის შემდეგ დაიჯერეს მეზობლებმა ჩემი სათნოება და ირწმუნეს, რომ კეთილი გული არ მიშვებდა ქმრის ოჯახიდან, თორემ საქმე გასაქცევად ნამდვილად მქონდა. მამამთილი ჩემი სახლიდან გავასვენეთ და მადლიერმა მაზლმაც, ხალხის გასაგონად მაქო და მადიდა. მამის გასვენებამაც ვერ მიიყვანა საკუთარ სახლში ჩემი ქმარი. არადა, ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოში იყო და ჩვენ შესახებაც სავარაუდოდ, ყველაფერი იცოდა.
– შეიძლება გკითხოთ, თქვენი დაშორების მიზეზი რა იყო?
– კი, ბატონო, გეტყვით: მიზეზი ქალი აღმოჩნდა. მე და ელგუჯამ ერთმანეთი ავტობუსში გავიცანით. ორივე ბაზრიდან შინ ვბრუნდებოდით. გვერდიგვერდ ვისხედით და ვგრძნობდი, როგორ თვალმოუშორებლად მიყურებდა, მაკვირდებოდა. უხერხულობისგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი და როცა ჩემს სოფელს მივუახლოვდით, ძალიან ბედნიერი ჩავედი ტრანსპორტიდან, რადგან მეგონა, თავიდან მოვიშორე აბეზარი ახალგაზრდა. შინ რომ მივედი და ჭიშკრის დასახურად, ზურგს უკან შევტრიალდი, დავინახე, რომ შორიახლოს იდგა და იღიმოდა. გაიგო, სად ვცხოვრობდი და მერე ყოველდღე მოდიოდა ჩემს სახლთან, ჭიშკარს აუვლ-ჩაუვლიდა სტვენა-სტვენით. ვბრაზობდი, – ეს უზრდელი, რას გადამეკიდა? ღირსია, მამა მიუხვდეს ჩანაფიქრს და მაგრად სცემოს-მეთქი. მამა ვერა, მაგრამ მეზობლის ბიჭს არ გამორჩენია ეს ამბავი და ერთ დღესაც, ჩემ გამო “საქმის გარჩევა” მოაწყვეს. თურმე, უბნელმა ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ საბოლოო სიტყვა გოგოს უნდა მეთქვა ანუ არჩევანი იმ ორ ადამიანს შორის უნდა გამეკეთებინა, რომელიც არც კი მიყვარდა. როცა უკვე ქმარს ვკითხე, რატომ გქონდა იმის იმედი, რომ შენ აგირჩევდი-მეთქი? მიპასუხა: ყველა გოგოს მოვწონდი, ვისაც კი გავუღიმე და შენ რა სიჯიუტე შეგეყრებოდა ასეთი? თანაც, აღიარე, იმ ბიჭს გარეგნულად ხომ ბევრად ვჯობდი, მე კი საკუთარი თავის ფასი დედამ თავიდანვე მასწავლაო. მოკლედ, საკუთარ თავში დარწმუნებული იყო.
– ბიჭებმა არჩევანის წინაშე მართლა დაგაყენეს?
– სასაცილოა, მაგრამ იმ დღეს მეგობარი ბიჭი მომადგა, რაღაც უნდა გითხრა, გამომყევიო. ხომ იცით, სოფელში როგორც ხდება, მეზობლობა სულ სხვანაირად გვესმის და ცხადია, გავყევი. გზაშივე გამანდო: ნიკო და ვიღაც ბიჭი, მეზობელი სოფლიდან, შენ გამო კამათობენ. შენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი არ დახოცონ. რასაც გული გიკარნახებს, ის თქვი. ნუ გეშინია, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ, უბრალოდ, სიტუაცია უნდა გაირკვესო. დავიბენი, მაგრამ მეგობარს მაინც გავყევი. ჩემს დანახვაზე ნიკო უხერხულად შეიშმუშნა და თავი დახარა, ელგუჯა კი უტიფრად, თვალებში მიყურებდა და მისმა ასეთმა თავხედურმა საქციელმა ძალიან დამაბნია. მეგობარმა მკითხა, – ამ ორიდან რომელიმე მოგწონსო? – ნიკო ძალიან მიყვარს, მაგრამ ისე ვუყურებ, როგორც ძმას, ამ მეორეს კი საერთოდ არ ვიცნობ და არც მისი გაცნობა მაინტერესებს-მეთქი. ჩემი პასუხი ბიჭებისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და შინ გამომიშვეს. ვგრძნობდი, უფრო სწორედ, ზურგს მიხვრეტდა ელგუჯას ცხელი მზერა. ბიჭებს გადაუწყვეტიათ, რომ ორივეს სხვა გზა უნდა მოენახა, რადგან გოგო უარზე იყო. ნიკო მართლაც, მას მერე თავს მარიდებდა და ელგუჯაც კარგა ხანს არსად დამილანდავს. ერთ დღეს, როცა ისევ ბაზრობიდან, ავტობუსით შინ ვბრუნდებოდი, ტრანსპორტი გააჩერეს. მძღოლმა გვითხრა, ცოტა ხანი, ყველანი ქვევით უნდა ჩახვიდეთ, ავტობუსს რაღაც დაემართაო. უკმაყოფილო ხალხი ჩავიდა და მეც მათ ჩავყევი. უცებ, ვიღაცებმა ხელში ამიყვანეს და მანქანაში ჩამტენეს, ელგუჯას სახლში მიმიყვანეს. თურმე, ავტობუსის მძღოლი იარაღით დაუშინებიათ. იმას მძარცველები ეგონა და შეეშინდა.
– ვინაიდან მოტაცებული ქალის შინ დაბრუნება გამართლებული საქციელი არ იყო, თქვენც შეეგუეთ ბედს, გამოვიცანი?
– კი, ასე იყო. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ელგუჯა გარეგნულად მართლა კარგი კაცი იყო და ამან მომატყუა. მის მიმართ გულში რაღაც გაურკვეველი გრძნობა მეც მქონდა და ეს გრძნობა მასთან თანაცხოვრებამ კიდევ უფრო მეტად გააღვივა, სიყვარულად აქცია. შემიძლია გითხრათ, რომ ერთად ბედნიერი 12 წელი გავატარეთ, მერე კი ისე მიმატოვა, მისგან ჩხუბიც არ მახსოვს. ერთ დღეს უბრალოდ, ადგა და წავიდა. ესეც იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ მისი სახლიდან ჯიუტად არ წავედი. ხომ იცით, ზოგიერთი ქალის სისულელეს (ასეთებს შორის ვარ თავადაც) არ აქვს საზღვარი და მეც ვიმედოვნებდი, რომ ოდესმე მოჰბეზრდებოდა ის სხვა და დამიბრუნდებოდა. თუმცა, მერე უიმისოდ გატარებულმა წლებმა და მამამთილის საქციელმა მიმახვედრა, რომ ადამიანს არ შეიძლება, დაუსრულებლად ჰქონდეს რაღაცის ან ვიღაცის დაბრუნების იმედი. ამის ნაცვლად, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თუნდაც, შვილების გამო. ჩემთვის უკვე დადგა ეს “უკეთესი ხვალინდელი დღე”: ჩემმა შვილებმა ღირსეულად დაასრულეს ჯერ სკოლა, მერე უნივერსიტეტი, იშოვეს სამსახური, უფროსი ოჯახსაც მოეკიდა და ბინის შეძენაც მოახერხა. ბედნიერი ვარ შვილებით. ისინი არაჩვეულებრივები არიან.
– ყოფილი ქმრის შესახებ წლების განმავლობაში, არაფერი გაგიგონიათ?
– როგორ არა! დრომ ყველაფერს ახადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ მეზობლის ბიძაშვილი ჩაუვარდა გულში, რომელიც სოფელში ხშირად ჩამოდიოდა და ჩვენს სახლშიც მოდიოდა, მედაქალებოდა. სახლიდან წასვლის შემდეგ, თურმე, ჯერ ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე კი ჯვარიც დაიწერეს – ეს მაშინ, როცა ჩემი მამამთილი დავასაფლავეთ და მისი გარდაცვალებიდან წელიწადიც გავიდა. ანუ იმ ქალსაც ისე უყვარდა, რომ თანახმა იყო, თუნდაც მისი საყვარელი ყოფილიყო ცხოვრების ბოლომდე. თუმცა, ასეთი მსხვერპლის გაღება არ დასჭირდა და ჯვარი დაიწერეს. ეს რომ გავიგე, გადავწყვიტე მომეძებნა და მას ოფიციალურად დავშორებოდი. შევუთვალე, რომ არ ვაპირებდი მისთვის გზა გადამეღობა. მოკლედ, დავშორდით და ხელიც მოაწერეს. ახლა უკვე საერთო შვილებიც ჰყავთ – ორი გოგონა. ვიცი, თავს კარგად გრძნობენ და სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ მიშლის ნერვებს, რადგან უკვე აღარ მიყვარს.
– შვილებს თუ აქცევდა ყურადღებას? თუ გეხმარებოდათ მატერიალურად მაინც?
– შვილებს თავიდანვე ავუხსენი ყველაფერი და ისიც ვუთხარი, რომ თუ ოდესმე მამა მათ მიმართ ყურადღებას გამოიჩენდა, ამისი საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა. თავიდან ძალიან განიცდიდნენ უმამობას, მერე ამასაც ისე შეეჩვივნენ, როცა გამოჩნდა, აღარ მიიღეს: მამა კარგა ხნის წინ გამოვიგლოვეთ. მამობილი კი ისედაც გვყავსო – ჩემს მაზლს გულისხმობდნენ. მართლაც, ბიძისგან ყურადღება არასდროს მოჰკლებია ჩემს შვილებს და მისი მადლიერი ვარ. მას მერეც, როცა ცოლი მოიყვანა, ბავშვები ყოველ ზაფხულს მიჰყავდა სოფელში დასასვენებლად და არც მისი ცოლი იყო წინააღმდეგი. უფრო მეტიც, ჩვენ დავმეგობრდით და დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთოOბა გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვი ელგუჯას მეორე ცოლზე: მათ მაზლი და მისი მეუღლე კი არა, ის მეზობელიც არ იკარებს სიახლოვეს, რომლის ოჯახშიც ხშირად მოდიოდა და ვისი მეშვეობითაც გაიცნო ელგუჯა. მე რომ დამინახავენ ხოლმე ის მეზობლები, არ იციან, როგორ მოიქცნენ, სად დაიმალონ. თითქოს გამუდმებით მებოდიშებიან. არადა, რა შუაში არიან? ის ქალი თუ არა, სხვა წამართმევდა ქმარს. მოღალატე ბუნებას ვერაფერი გამოასწორებს – ეს კარგად ვიცი.
– თქვენი შვილები თუ იცნობენ დებს?
– კი, იცნობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ცივი ურთიერთობა აქვთ. იმედია, დროთა განმავლობაში მათთანაც “დათბება”. როცა ის გოგონები წამოიზრდებიან, უფრო მეტად დაუახლოვდებიან დას და ძმას. არ მინდა, მშობლების გამო პასუხი ბავშვებმა აგონ, ამის მომხრე არასდროს ვყოფილვარ….
რაც შეეხება მამის წვლილს შვილების აღზრდის საქმეში: როცა უფროს შვილს უნივერსიტეტში ბოლო კურსი უნდა დაეხურა და სწავლის საფასური გადასახდელი დამრჩა, რადგან საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა, მამამისმა შემომითვალა, – თუ გინდა, მე გადავიხდიო. გამოდის, ყოველთვის ყველაფერი იცოდა ჩვენზე და როცა ძალიან გამიჭირდა, მხოლოდ მაშინ გამოთქვა შვილის სწავლაში ფულის გადახდის სურვილი. თუმცა, უარი შევუთვალე: აქამდე მე მოვიყვანე და როგორმე, უშენოდ მოვახერხებ, ბოლო კურსზე რომ არ ჩაშხამდეს ყველაფერი. თუ ზედმეტი თანხა გაქვს, ჯობია, ჩვენზე მეტად გაჭირვებულებს დაეხმარო-მეთქი. ეს იყო და ეს, მისგან მატერიალური დახმარების შემოთავაზებაც კი არ მახსოვს… საბედნიეროდ, მეგობრები მყავდა კარგი და ისინი დამეხმარნენ თანხის შეგროვებაში, თანაც ისე, რომ ვალი არ დამდებია – ეს ფული ფაქტობრივად, მაჩუქეს. ამისთვის მათი მადლიერი ვიქნები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მინდა გითხრათ, რომ კარგ მეგობარზე უკეთეს საგანძურს, უფრო ღირებულს ვერაფერს შეიძენს ადამიანი და მინდა, ახალ თაობას ვურჩიო: დაანებეთ თავი სოციალური ქსელით მეგობრების ძებნას. ეცადეთ, ისინი “ლაივში” იპოვოთ. ვინც კარგად ეძებს, აუცილებლად იპოვის სულის მეორე ნაწილს, რომელთანაც ცხოვრების ბოლომდე იმეგობრებს. მადლობა უფალს, მე ასეთი სულის ნაწილი ცხოვრების გზაზე ბევრჯერ ვიპოვე და ახლა ძალიან მდიდარი ვარ მეგობრებით. ის სითბო და სიყვარული, რასაც რეალური ურთიერთობა მოგიტანთ, შეუცვლელია. კომპიუტერი ახალი ამბების გასაგებად, გონების სავარჯიშოდ, უცხოეთში მყოფი მეგობრების მოსაკითხად გამოიყენეთ, ხოლო ისინი, ვინც ახლოს გეგულებათ, რეალურად დაინახეთ. ნუ დაგეზარებათ მეგობრის გამო თუნდაც, ყინვიან, წვიმიან, ქარიან ამინდში ქუჩაში გასვლა. მასთან ურთიერთობის სიამოვნება ღირს ყველანაირი ბარიერის გადალახვად.
წყარო: genews.ge