“ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია” – ეკა ბესელია

0

ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელი და ხელისუფლებისთვის საყურადღებოა – დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ოკუპირებული რეგიონიდან მიღებულ გზავნილზე წერს.

წერილში მოქალაქე აღნიშნავს, რომ ახალგორისა და მიმდებარე რაიონების ყველა სოფელში მძიმე მდგომარეობაა, ვერ ახერხებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტისა და წამლების შეძენას. ოკუპირებულ რეგიონში ჩარჩნენ სტუდენტები, რადგან გადმოსვლის უფლება არ მისცეს.

“მივმართავთ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, თქვენ მაინც მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მთავრობას!

რაც, სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს საზღვარი და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. 1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფაქტობრივად მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არა აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე არც პენსია აქვთ და არც სხვა რაიმე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახამარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება. არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიჩა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან. პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტიურად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.

გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადავუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის.

მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას, ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება.
გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით… დავიღალეთ წამებული ცხოვრებით,”- ნათქვამია წერილში.

დამოუკიდებელი დეპუტატი წერილის ავტორს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ასახელებს.

წყარო: ioxnews.ge

Share.