სამართალდამცავებმა ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა მისსავე თანასოფლელს, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
დაკავებული დედის თქმით, მან საკუთარი შვილი სამართალდამცავებს თავად გადასცა.
“არ ვიცი არაფერი, არ მისაუბრია. ფაქტს რომ შევხედე, არ მინდა ასეთი შვილი მყავდეს. არ გამიზრდია ასეთი ადამიანი. ერთად იყვნენ სულ, მეგობრობდნენ, მაგრამ რატო გაამწარა ასე, არ ვიცი. პატრულმა მოჩხუბარი ბავშვები ასე როგორ მიატოვა. რომ შეხედა, რო ნასვამები იყვნენ. მოვკიდებდი რომელიმეს ხელს და წავიყვანდი, დავამშვიდებდი. ფაქტზე რომ მივედი, სასწრაფოს დავუძახე, მერე პატრულიც მოვიდა და ჩემი შვილი მე თვითონ ჩავაბარე. ” – განაცხადა ბრალდებული დედამ “მთავარ არხთან”.
შსს-ს თანახმად, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.