კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულთა უმძიმეს სტატისტიკას, სამწუხაროდ, 47 წლის ნატო ფხაკაძე შეემატა. ქალი კოვიდინფიცირებული იყო და 20 აგვისტოს ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში“ იმშობიარა. ტყუპი ქალ-ვაჟის დაბადების შემდეგ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს და იქ განაგრძობდა მკურნალობას.
47 წლის ქალი შვილს ათი წლის განმავლობაში ელოდა. სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის გარდაცვალებას მისი მეგობრები ეხმაურებიან და წერენ, რომ ვერაგმა დაავადებამ ქალის სიცოცხლე შეიწირა.
“ჩემთვის უმძიმესი წუთები, თითქოს დედამიწა გაჩერდა… ჩემი უსაყვარლესი პაციენტი ნატო ფხაკაძე აღარ არის… ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ერთად დიდი გზა გავიარეთ. ამ ბრძოლაში მან გაიმარჯვა და ნანატრი ტყუპი გააჩინა, როგორ უნდოდა, როგორ ნატრობდა, მაგრამ ვერაგმა Covid19 – მა არ დააცალა მათი მოფერება. რა უსამართლობაა. ნათელში განისვენე. მე შენ მუდამ მემახსოვრები. შენი ექიმი “ლელუ” როგორც მეძახდი…“ – წერს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული ცენტრის ექიმი ლელა ირემაძე.
წყარო: ambavi.club