“63 წლის კაცი,ცოტა ხნის წინ მეუღლე რომ დაკრძალა, გაამწესა გლდანში, იმის გამო, რომ სააკაშვილს უმასპინძლა..” – ნახეთ ადვოკატის განცხადება

0

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ელგუჯა ცომაიას გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდება უსამართლოა. უფლებადამცველების თქმით, პროკურატურის ამგვარი ლოგიკით, ყველა პირი უნდა დააკავონ, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი ჰქონდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური აფილაცია და დევნილი მესამე პრეზიდენტი შეიფარა. მისივე განცხადებით, დღევანდელი პროკურატურა გამოიყურება როგორც ,,ხუნტის პროკურატურა, რომელიც ზვიად გამსახურდიას დასდევდა”.

,,ქართველმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ განმეორდეს ის უმძიმესი შეცდომები, რაც 90-იან წლებში დავუშვით. ელგუჯა ცომაიას მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდული, დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას. ეს მუხლი არ არსებობს და დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვარზე უკანონოდ შემოყვანის საკითხს, პროკურატურის ფანტაზიას და აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს შესაძლოა დასასრული არც ჰქონდეს ღარიბაშვილის დაკვეთით.

63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე დაკრძალა სულ მოკლე ხნის წინ, მოსამართლე კოპალიანმა გაამწესა გლდანში, მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

წყარო – მთავარი

Share.