წარმოუდგენელი მასშტაბის ოჯახური დრამა გათამაშდა გერმანიის ქალაქ ზოლინგენში (ვესტფალია), სადაც გუშინ, 3 სექტემბერს 27 წლის ახალგაზრდა ქალმა თავისი 5 შვილი მოკლა და შემდეგ თავადაც თავის მოკვლა ცადა – S. Bahn-ის მატარებელს ჩაუვარდა დიუსელდორფის ცენტრალურ სადგურში.
უფროსმა ვაჟიშვილმა განგაში ატეხა ტრაგედიის გამო: 11 წლის ბიჭი, რომელიც ქალმა თავისთან ერთად წაიყვანა დიუსელდორფში, მარტოდმარტო ჩავიდა ბებიასთან მატარებლით ქალაქ მოეხენგლადბახში (60 კმ-ის დაშორებით), რათა იგი გაეფრთხილებინა.
ვუპერტალის პოლიცია ვარაუდობს, რომ ბიჭი მანამ გაემგზავრა ბებიასთან, სანამ დედამისი თვითმკვლელობას დააპირებდა სადგურზე. ამის შესახებ სააგენტო „ანსას“ პოლიციის პრესსპიკერმა განუცხადა.
პატარების ცხედრები – 1, 2, 3 წლის 3 გოგონასი და 6 და 8 წლის 2 ბიჭის – სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებმა ზოლინგენში, ჰაშელშტრასეზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს.
ქალაქში 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ის ცნობილია დანების და ხმლების წარმოებით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვებს შესაძლოა საძილე საშუალება მისცეს, აშკარაა, სასიკვდილო დოზით. ამ საკითხს ექსპერტიზა მოჰფენს ნათელს.
ბავშვების მკვლელობის შემდეგ, დედა უფროს შვილთან ერთად დიუსელდორფში წავიდა – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დედაქალაქი ზოლინგეიდან დაახლოებით 35 კმ-ში მდებარეობს – და აქ, ცენტრალურ სადგურზე, 27 წლის ახალგაზრდა ქალი, თვითმკვლელობის მიზნით S1 ხაზის მე-11 პლატფორმაზე მეტროს ლიანდაგებს შორის ჩახტა. ქალი გადარჩა და მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. „მას ამ დროისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოგვიანებით შეძლებენ მის დაკითხვას“, – ამბობს პოლიცია.
NOSTAL.GE