23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. რა ხდებოდა და ვინ მოძრაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 18-19 ივლისს, ამაზე გოლთეთის მკვიდრი “ამბებს” უყვება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
“18 ივლისს, შაბათს სოფელში ორი უცხო მანქანა იყო შემოსული. გოგონა, რომელიც შემდგომ გარდაცვლილი ნახეს, დაახლოებით, 12 საათისკენ უნახავთ. მერე გამოჩნდა მეორე მანქანა. ჩვენი თანასოფლელის თქმით, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის გზაზე გამოსულმა დაინახა მანქანა, რომელშიც გოგონები ისხდნენ. ეს კაცი ვერ იხსენებს, მათ სახეს, ვერ აღიდგინა, თამუნა იყო თუ არა მათ შორის, მაგრამ ამბობს იმას, რომ ასაკით საკმაოდ პატარები იყვნენ, ნელა მოძრაობდნენ და მანქანაში ხმამაღლა კამათობდნენო. იმასაც არ გამორიცხავს, სამნი ყოფილიყვნენ (ხმების მიხედვით), ამბობს, შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უკან კიდევ იჯდა მესამეო…
ორი ახალგაზრდა მამაკაცი 19-ში, ანუ კვირას შემოვიდა სოფელში. ისინი წითელი მანქანით იყვნენ. პირადად მე არ მინახავს, თუმცა სხვების მონაყოლით ვიცი, რომ უთქვამთ, თამუნას ვეძებთ, თანამშრომლები ვართ, დაგვეხმარეთო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, თუ – გოგონასი. მათ შემდეგ ამოსულან თამუნას მშობლები და ძმა. კიდევ იყო ორი კაცი ამოსული და ერთ-ერთს უთქვამს, კახა ვარო და სოფელში ტელეფონის ნომერიც დაუტოვია, დაუბარებია – თუ რამე გაიგოთ, გაგვაგებინეთო. პოლიცია მართლაც ყველა კუთხე-კუნჭულში ეძებდა გოგონას მანქანებით, ფეხით, დრონებით…
სოფლიდან სულ სამი გზა გადის – ერთი სამანქანო გზა გაფუჭებულია, გაუქმებული და შანსი არაა იქიდან გადასულიყო, ხრამში გადავარდებოდა. მეორე გზა ფარცხისს უკავშირდება და იქ არის სათვალთვალო კამერა, რომელზეც მისი ავტომანქანა არაა დაფიქსირებული. გამოდის, გოგონა რომელი გზითაც შემოვიდა, იმავე გზით გავიდა სოფლიდან და კამერამ იმიტომ არ დააფიქსირა და მერე სხვაგან გადაუხვია. იმ ადგილას, სადაც მანქანა იპოვეს, თხილნარია. ასფალტიდან გადადიხარ მინდორში. ნაწვიმარი იყო და პატარა მანქანით რამდენად შეძლებ გზიდან იქ გადახვევას, არ ვიცი, შეიძლება ვერც გადახვიდე…” – განაცხადა სოფლის მცხოვრებმა.
წყარო: ambebi.ge