“12 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს სასამართლომ 2 თვინანი პატიმრობა შეუფარდა..”

0

კაცს, რომელიც კახეთში დაჭრის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია იმ ძალადობრივ დანაშაულზე, რომელიც ერთ-ერთ სოფელში, 19 იანვარს მოხდა.არასრულწლოვანი გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფაქტის გახმაურების შემდეგ კი მოძალადე ბავშვის მეორე ბიძამ დაჭრა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, თავად არასრულწლოვანი გოგონა უსაფრთხო ადგილას იმყოფება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და

განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. აღნიშნულ საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით, შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“- განაცხადეს სააგენტოში.

გამოძიება მის წინააღმდეგ 19/108 -ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამძიმდა, რადგან თავდაპირველად საქმე 117-ე , ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იყო აღძრული. ბრალდებული ფაქტს აღიარებს. ის პოლიციას თავადვე ჩაბარდა და დანაშაულის იარაღი დანაც, პოლიციას თავადვე მიუტანა. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კაცის ორი ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება გაუპატიურებაში ბრალდებულს. ის ამჟამად საავადმყოფოშია და მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო.

Share.