ჯვარზე გაკრული მაცხოვრის უკანასკნელი 7 სიტყვა და მისი განმარტება

0

ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა 7 ფრაზა წარმოსთქვა. გთავაზობთ ამ ფრაზებსა და მის განმარტებებს 1)„მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23, 34) როდესაც ადამიანებმა ზეციური სიყვარული გათელეს და მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, იესომ განრისხებულ ზეციურ მამას მიმართა ამ სიტყვებით “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან”. ამ სიტყვებიდანაც კარგად ჩანს რაოდენ დიადია უფლის სიყვარული ადამიანისადმი. 2)„ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა…“ (ლუკ. 23, 43) კვდებოდნენ ტანჯული ავაზაკებიც. კვდებოდნენ თვალებში სინათლემიმქრალნი, გონება დაბინდულ დაბნელებულნი. ამ სიბნელემ ვერ შეაკავა ადამიანური სინდისის ნათელი. იმ დროს, როდესაც სჯულით „მართალნი“ სიტყვებს ვერ პოულობდნენ ჯვარცმულისადმი სიძულვილის გამოსახატავად, მათი გულები უფრო და უფრო აღივსებოდა რა ბოროტებით, ერთი ავაზაკის გული სიყვარულმა მოიცვა. გონება გაუნათდა, სული კი იმის შემეცნებამდე ამაღლდა, რომ არსებობს არაამქვეყნიური და ამ სოფელზე განუზომლად აღმატებული ცხოვრება… და აი, გმობის ნაცვლად, სინანულის ხმა გაისმა; ვხედავთ მორჩილებას ადამიანური მართლმსაჯულების წინაშე; გვესმის წმიდა აღმსარებლობა ქრისტეს სიმართლისა დაჯვარცმულ ავაზაკში გაჩნდა რწმენა უმაღლესი, არაამქვეყნიური ფასეულობებისადმი.

3)„დედაკაცო, აჰა ძე შენი!.. აჰა დედაჲ შენი…“ (იოან. 19, 26-27)

დედა უფლისა იდგა ჯვართან… იქნებ ღმრთაებრივი შვილის ყრმობას იხსენებდა, მაშინვე რომ სურდათ მისი მოკვდინება ამა სოფლის თავადის მიერ აღძრულ ძლიერთ ამა ქვეყნისა. აგონდებოდა მორჩილება, სიმშვიდე, სიბრძნე ყრმაიესუსი. აგონდებოდა მოძღვარი, თავის მისადრეკი ადგილიც რომ არ ჰქონდა;

დასვენება რომ არ იცოდა, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდა ადამიანებისთვის. თვალწინ კი ჯვარცმა აღესრულებოდა ენით გამოუთქმელი ტკივილებით; ყურს მოსწვდა განსაცვიფრებელი სიტყვები: – „მიუტევე მათ…“, „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა…“

4)„მწყურის!“ (იოან. 19, 28)

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჯვარცმისას ერთ-ერთი ძლიერი ტანჯვა წყურვილის დაუოკებელი სურვილია. სწყუროდა ჯვარცმულ მაცხოვარს და ითხოვდა წყალს ადამიანებისგან, მათგან, ვისთვისაც ეწამა.

5)„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტევე მე?“ (მათე 27, 46)

სამი საათი ტანჯვის. გამოუთქმელი ტანჯვის სამი საათი. მიყუჩდნენ მტრები, დაიქანცნენ მცველნი, უსიტყვოდ იტანჯებოდნენ მეგობრები. ცა ჩამობნელდა, განილეოდა სიცოცხლე, უტანჯველი ადგილი აღარ

იპოვებოდა ჯვარცმულის სხეულზე.

უფლის მიწიერი ცხოვრება ადამიანებისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული. მათ კი უარყვეს, ჯვარს აცვეს. „ერო ჩემო, რა შეგაწუხენ თქუენ, ანუ რა განგარისხენ თქუენ, ბრმანი თქუენნი განვანათლენ,

კეთროვანნი განვსწმიდენ, და განრღვეულნი ცხედარსა ზედა მდებარე აღუადგინენ,

მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნაღველსა, და წყლისა მის წილ ძმარსა,

სიყვარულისა წილ ჯუარსა ზედა მე დამმსჭუალავთ…“

6)„მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ (ლუკ. 23, 46)

აი, ეს ჟამიც დადგა. უფალი ტოვებდა მიწიერ ცხოვრებას. როგორი სიდიადე და

სიწმინდეა, როდესაც მორწმუნე მიიცვალება ღმრთისადმი ამგვარი სიტყვებით:

„ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. მაგრამ არა მარტო დიადი და წმიდაა

ამგვარი წუთები, არამედ ნაღვლიანიც. ამქვეყნიდან გასულ სულს ხომ არაფერი

შეცვლის. ადამიანის სიცოცხლე აღარ მეორდება ამ სოფლად და თუ მორწმუნის სული

გარდაცვალებისას სიკვდილიდან ზეციურ სიცოცხლეში გადადის, ობლდება ქვეყანა;

მისი ერთი კუთხე-კუნჭული მაინც. ეს დედამიწაზე მუდმივი დაობლების და

ჭმუნვა-წუხილის წყარო და ყველაზე იდუმალი და საშინელი რამ არის კაცობრიობის

ისტორიაში. უფალი ტოვებდა ამ სოფელს…

7)„აღსრულებულ არს…“ (იოან. 19, 30)

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც

აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა,

კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა.

გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი

ამა სოფლის თავადთან.

აღსრულდა, მაგრამ არ დასრულებულა. ქრისტიანული სინდისი ვერ დამშვიდდება,

ვერ მიეცემა სულიერ სიხარულს, ვერ მოისვენებს ქრისტეს ჯვრის ჩრდილქვეშ. ხატება, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ამასოფლის უსჯულოებასთან

შეურიგებლობის და სიმართლისათვის ბრძოლის სულისჩამდგმელი და ქრისტეს ეკლიან

გზაზე მავალთა ნუგეშინისმცემელი.აღსრულდა ქრისტეს საქმე ამქვეყნად და არ დასრულდება ვიდრე დიადი დღის

დადგომამდე, როცა ძე კაცისა თავის მეორე „აღსრულებულ არს“ იტყვის. „ვიქმენი

მეანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული… რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე

ყოველი და ვიყო მისა ღმერთ და იგი იყოს ჩემდა ძე“ (გამოცხ. 21, 6-7)

თხოვნაა გააზიაროთ და გაავრცელოთ უფლის სიტყვა, ეს ყველა ქრისტიანის ვალია, ღმერთი გვფარავდეს ყველას! ამინ!

Share.