ვედური ასტროლოგიის მიხედვით, 26 აპრილი ჯადოსნური თარიღია. მას “აკშაია ტრიტია” ჰქვია და უძველესი დროიდან განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ეს არის დღე, როცა მზე და მთვარე ეგზალტირებულია (პლანეტის იმ ნიშანში მდებარეობა, სადაც მას შეუძლია იკაშკაშოს, მისი თვისებები გაძლიერებულია) და ამ დღეს შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცალოთ, ჩავატაროთ რაიმე რიტუალი.
უფრო კონკრეტულად განვმარტოთ, რას ნიშნავს ეგზალტაცია, ეს არის დღე, როცა მზე იმყოფება – ვერძში , სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს, სრულყოფილად ავლენს თავის თვისებებს. ხოლო მთვარე იმყოფება კუროში , სწორედ აქ გრძნობს თავს მთვარე ყველაზე კარგად. არ გაგიკვირდეთ, ეს უნიკალური დღე აღინიშნება ვედური ასტროლოგიის მიხედვით და ამიტომ არის მზე ვერძში და არა კუროში, როგორც ახლა ჩვენთან.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ 26 აპრილს: სასურველია, ამ დღეს ადრე ადგომა, წაიკითხეთ მანტრა (სასურველია, დილას მზის მანტრა წაიკითხოთ, საღამოს – მთვარის), ილოცეთ, აანთეთ სანთელი; საკენკი დაუყარეთ ჩიტებს; მორწყეთ მცენარეები, ქოთნის ყვავილები (ამ დღეს საუკეთესოა ყვავილების, მცენარეების დარგვა); ივარჯიშეთ, თუ იოგის მიმდევარი ხართ, შეასრულეთ სურია ნამასკარის (“მზის მისალმება”) კომპლექსი.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ვერცხლისა და ოქროს სამკაული. აგრეთვე შეგიძლიათ, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობა თქვენს საყვარელ ადამიანებს აჩუქოთ. თუ თავად აკეთებთ სამკაულებს, გაიკეთეთ თილისმა-სამკაული.
დღის განმავლობაში კარგია ქველმოქმედება. ეს შეიძლება იყოს: საკვები, სამოსი, ფული. დაურიგეთ გაჭირვებულებს. ინდოეთში ფულის გარდა შესაწირად ითვლება: რძე, ხილი და ბოსტნეული.
პატივისცემა გამოხატეთ მშობლების მიმართ. ასტოლოგიაში მზე მამას, ხოლო დედა მთვარეს განასახიერებს. პატივი ეცით მოხუცებს. მათთვის რამე სასარგებლო გააკეთეთ. თუ მშობლებიდან რომელიმე გარდაცვლილი გყავთ, აანთეთ სანთელი, ილოცეთ მისი სულისთვის.
ამ დღეს უნდა დაიწყოთ იმ საქმის კეთება, რასაც ადრე ვერ ახერხებდით, დაიწყეთ დიეტა, ახალი ჰობი, გადააგდეთ სიგარეტის მოწევა, ისწავლეთ რამე… ჩამოწერეთ სამომავლო საქმიანობის სია, ერთწლიანი ან ხუთწლიანი გეგმა.
კარგ შედეგს მოგიტანთ ფულის დაბანდება, თუნდაც ახალ ყულაბაში (ყუთში, ქილაში) ფულის დაგროვების დაწყება (პირველად ჩააგდეთ 1 ცალი ერთლარიანი და ერთი ცალი ორლარიანი).
ბინის კუთხეებში აპკურეთ ნაკურთხი წყალი, იბანავეთ და წყალს გაატანეთ ყველა ის უარყოფით, რაც გაწუხებთ (შიშები, აზრები, ავადმყოფობა).
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, შეგიძლია სურვილის რუკაც ამ დღეს შეადგინოთ. აგისრულდებათ ყველაფერი, რაც სიკეთეს მოგიტანთ თქვენ და თქვენს ახლობლებს.
ამ დღეს ჩაიცვით ნათელი ფერის, თავისუფალი სამოსი. იკვებეთ მსუბუქად, სასურველია, საკვები ვეგეტარიანული იყოს.
იზრუნეთ ახლობლებზე, სასურველია გაუმასპინძლდეთ მათ გემრიელობებით, ტკბილეულით.
ამ დღეს არ შეიძლება ბილწსიტყვაობა, ვალის აღება, სმა და ჩხუბი.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ “აკშაია ტრიტია” წელიწადში ერთხელ გვაქვს. 2021 წელს გვექნება 15 აპრილს, 2022 წელს კი 3 მაისს.
ჩანაფიქრების კეთილად ასრულებას გისურვებთ!
წყარო: imedi.club