“ჩემი წასვლის დრო დადგა ვგრძნობ ამას ალბათ ოდესმე დავბრუნდები ან არ დავბრუნდები..” – ნახეთ გიორგი გაბუნიას ემოციური განცხადება

0

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია „მთავარ არხში“ მიმდინარე საკადრო გადაადგილებების შესახებ სოციალურ ქსელში მორგი პოსტს ავრცელებს.
„გაბულოგი #77 – სექტემბერი, 2021 წელი;
რამდენიმე დღეში გავა ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც „მთავარ არხზე“ პირველი „პოსტ-ფაქტუმი“ წავიყვანე.
მანამდე ორწელიწად-ნახევარი მიმყავდა „პოსტ-სკრიპტუმი“ „რუსთავი 2“-ზე ანუ, თითქმის, ხუთი წელია, რაც ამ ყველასგან გამორჩეულ გუნდთან ერთად ვმუშაობ.

ხუთი წლის შემდეგ ვთვლი და უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ამდენი წლის შემდეგ ცვლილებაა საჭირო, ისევე, როგორც ყველაფერში – ცალკე ჩემთვის და ცალკე გადაცემისთვის.
არასწორად არ გაიგოთ – „მთავარი არხიდან“ არ მივდივარ; ეკრანზე აღარ გამოვჩნდები, უბრალოდ, თორემ აქ საქმე კადრს მიღმაც უამრავია. როდისმე, ალბათ, დავბრუნდები სხვა გადაცემით; ან არ დავბრუნდები… ჯერ არ ვიცი.

ჩემი გადაწყვეტილება მომავალი არჩევნების შედეგებზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული. აგერ, ხომ ხედავთ, ახლავე ვამბობ, რომ წავალ, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები. არადა ვინ იფიქრებდა?…

2006 წელს „მაესტროდან“ „რუსთავი 2“-ზე რომ გადავედი, ერთი გადაცემის, „ბიზნეს-კურიერის“ რიგით გრაფიკოსად დავიწყე მუშაობა, მაგრამ თან ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი და ძალიან მინდოდა „პოსტ-სკრიპტუმში“ მუშაობის დაწყება.

ერთ-ერთ იქაურ ჟურნალისტს ვთხოვე კიდეც, ეკითხა პროდიუსერებისთვის, თუ არსებობდა შანსი, რომ „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდის წევრი გავმხდარიყავი. არ ვიცი, მივიდა თუ არა საერთოდ ეს ამბავი პროდიუსერებამდე… იმიტომ, რომ ჩემთვის აღარავის არაფერი უთქვამს და მეც აღარ ამომიღია ხმა.

მალევე მივხვდი, როგორი მიამიტური იყო მაშინ ჩემი წარმოდგენა, რომ „ბიზნეს-კურიერის“ დანჯღანულ, ფერადთმიან, უკუღმაშარვალამოცმულ, ყურებდახვრეტილ გრაფიკოსს – თანაც სათანადო ჟურნალისტური გამოცდილების გარეშე – „პოსტ-სკრიპტუმის“ თუნდაც რიგით კორესპონდენტად მიმიღებდნენ.
და იმ დროს ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, რომ მე როდისმე ჯერ „კურიერის“, შემდეგ არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანის“ და ბოლოს სწორედ „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანი გავხდებოდი, ხომ არც დავიჯერებდი და მაგრადაც დავცინებდი.

ახლა კი საკუთარი ნებით მივდივარ და ვტოვებ გადაცემას, რომელში მოხვედრასაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამაოდ ვცდილობდი.

ამ ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, პროდიუსერებთან მუშაობა დიდი პატივია არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ სუფთა ადამიანური კუთხითაც.

სტანდარტების და გემოვნების საკითხში მათ ბევრი ვერ შეედრება; ჩემი გამოხტომები ყველაზე მეტად მათთვის იყო მიუღებელი, მაგრამ ყოველთვის გაგებით და მოთმინებით მიღებდნენ – როგორც ოჯახის წევრს რომ პატიობ წარმოუდგენელ დანაშაულსაც კი და ცდილობ, ფრთხილად მისცე შენიშვნა; ისე, რომ არ აწყენინო – ასე იქცეოდნენ ჩემთან მიმართებით ეს ადამიანები ყოველთვის.

პუტინი რომ საფლავში ჩავდე, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ელი თუ სხვა კოლეგები სოციალურ ქსელებში ღიად მგმობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს გაკრიტიკებას და ჩემგან გამიჯვნას, როდესაც ზოგიერთი მათგანი დირექტორის კაბინეტში სამსახურიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაგდებას მოითხოვდა, ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლების წაქეზებით გარეთ შეკრებილი გააფთრებული ხალხი, მაშინაც ეს გუნდი ჩემს გვერდით დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლიდან ყველაზე მიუღებელი ჩემი საქციელი, შესაძლოა, სწორედ მათთვის იყო.

მაგრამ მათ გამიგეს და დაინახეს, რა ვითარება იყო ირგვლივ და რა სახიფათო მდგომარეობაში აღმოვჩნდი პირადად მეც. ამიტომ იმ მომენტში არცერთ მათგანს აზრადაც კი არ მოსვლია ჩემთან დაპირისპირება ან საყვედურის თქმაც კი, საჯარო პოსტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ვიცი, რომ ისინი ახლაც გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე. მათ ბევრად უფრო მეტი იციან – თქვენთან ყველაფერს არ ვამბობ და ვერც ვიტყვი…

მაგრამ ჯერ მე ისევ აქ ვარ – არჩევნების ორომტრიალის დასრულებამდე არსად მივდივარ, რამდენიმე გადაცემა კიდევ დამრჩა წასაყვანი.

ნეტავ, ის გამაგებინა, „ქართულ ოცნებაში“ როდის მიხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა? მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი“, – წერს გაბუნია.
წყარო:dainteresdi.club

Share.