წარმატებული საოპერო მომღერლის დავით სუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ზღაპარს უფრო ჰგავს. იგი ბევრისთვის იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა შეუშინდეს ადამიანი დაბრკოლებებს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე. დავით სუმბაძე წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან არის… მან ბევრი იბრძოლა, რომ დღეს მსოფლიოში წარმატებული საოპერო მომღერალი ყოფილიყო. ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს და მის საოცარ ისტორიას AMBEBI.GE-სთან ჰყვება:
– გვიამბეთ თვენს ბავშვობაზე…
– არაერთხელ მაქვს მოყოლილი ჩემი ბავშვობის შესახებ და ვფიქრობ, ამის გამეორება კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით მომიწევს, რათა ჩემი გამოცდილება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო იყოს. როგორც ხელოვანი ადამიანების უმეტეს ნაწილს, არც მე მქონდა დალხენილი და ია-ვარდით მოფენილი გზა! სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან შემიყვარდა და შემდეგ იყო საკმაოდ დიდი სირთულეები იმისთვის, რომ მესწავლა და მიმეღწია ჩემი მიზნისთვის, რასაც საერთაშორისო მომღერლის კარიერა ქვია…
– თუ არ ვცდები, მამა სიმღერას გიშლიდათ, ეს პროფესია არ სურდა…
– არა, ასე არ იყო… მამა ხელს მიშლიდა, რომ დედაქალაქში სასწავლებლად მარტო წამოვსულიყავი, რადგან 90-იანი წლები იყო და თბილისი რისკებით სავსე ქალაქად ითვლებოდა. ისე კი მამას დედასთან ერთად სურდა, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ…
– მშობლიური კახეთიდან თბილისში პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას რატომ გამოყევით?
– დიახ, ნამდვილად ასე იყო, რადგან გზის თანხაც კი არ მქონდა, რომ დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვსულიყავი. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც კეთილმა კაცმა პურის ფქვილით დატვირთულ მანქანას გამომაყოლა. ახლა ღიმილით მახსენდება ის მოგზაურობა, თბილისში ჩამოსული სულ მთლად თეთრი ვიყავი, ფქვილში ამოვლებული…
– პატრიარქთან როგორ აღმოჩნდით?
– უწმინდესთან მოხვედრა სასწაული იყო, რამაც ჩემი დედაქალაქში სასწავლებლად გადმოსვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. დაუვიწყარია მასთან გატარებული 10 წელი, რა პერიოდშიც საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მივაღწიე… მეორე მამასავით მყავდა! საკვებით, მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით. მისი ნაჩუქარი 3500 ევროიანი მარკო ლუჩის პალტო დღესაც მაქვს…
– პატრიარქს ხელოვნება ძალიან უყვარს…
– დიახ… “დავიღალე უფალო” და “უფალო შემიწყალენ” ბობოყვათის რეზიდენციაში მე დამაწერინა. მკარნახობდა ნოტებს და მე ფურცელზე ვწერდი …
– ალბათ თქვენს შვილს ილია მის პატივსაცემად დაარქვით…
– ჩემს შვილ უწმიდესმა სახელი თავად დაარქვა… ბავშვი რომ დაიბადა, დავურეკე, რომ კარგი სიახლე მეუწყებინა და იმის გამო, რომ საავადმყოფოში იყო მიუნხენში, თანმხლებმა პირმა მითხრა, რომ იმ წუთში საუბარს ვერ შეძლებდა და აუცილებლად დამირეკავდა. ერთი კვირის შემდეგ რეკავს უწმინდესი, როდესაც მის ზარს უკვე აღარც კი ველოდი და მეკითხება ყველაფერს: ბავშვის სიგრძეს, სიგანეს, წონას, დედის ჯანმრთელობას და შემდეგ მკითხა, ბავშვს რას ვარქმევდი. მე ვუთხარი, რომ ორი სახელი მქონდა შერჩეული – ნოე და ილია და რომელზეც მაკურთხებდა, იმას დავარქმევდი. მან თქვა, ღმერთმა დალოცოს პატარა ილიაო.
– ისევ თქვენს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, როგორ დაიწყო სამშობლოში წარმატებები?
– კონსერვატორიის დამთავრებისთანავე თბილისის ოპერის თეატრში, ოპერა “დაისში” არაჩვეულებრივი დებიუტი მქონდა, სადაც მალხაზის მთავარი პარტია შევასრულე. შემდეგ სტაჟირება გავიარე ოდესის ოპერის თეატრში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე…
– როგორ აეწყო საერთაშორისო წარმატებული კარიერა?
– გასაკეთებელი კიდევ ბევრია! თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე! მქონდა არაერთი სპექტაკლი ბორდოს საოპერო თეატრში, სადაც საკმაოდ დიდი წარმატებებით გამოვდივარ დღემდე. 2015-2016 წლებში, ანუ ორი წელი ზედიზედ რობერტ მასადის საერთაშორისო საოპერო კონკურსის ლაურიატი გავხდი.
– როგორია სამომავლო გეგმები?
– ჩავწერე ალბომი, სადაც შესულია 10 იტალიური, ფრანგული, რუსული და ქართული სიმღერებიც… ბედნიერი ვარ, რომ ამ ალბომში ბიძაჩემის, ძალიან ცნობილი კომპოზიტორის, ნუგზარ სუმბაძე-თუშიშვილის სიმღერაა შესული. საკმაოდ ბევრი სოლო კონცერტები მაქვს, რაც ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ნიჭის, ხმის და შესაძლებლობების რეალიზება მომეხდინა… მყავს ახალი აგენტი და მეტი წარმატებებისთვის საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს. მოგეხსენებათ, კარიერაში ტემპის დაგდება უკუსვლას ნიშნავს, რის უფლებასაც ჩემს თავს არ მივცემ!
წყარო:ntv.com.ge