“საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ წერილობით ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თავისუფლად გადაადგილდებოდა.მისი ინფორმაციით, ცხოვრობდა ბათუმში, ასევე თბილისში და დროდადრო რჩებოდა სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სასტუმროებში. რაც შეეხება ბანკის ძარცვის დღეს, ამბობს, რომ ეს ამბავი ტელევიზიით გაიგო და მომხდართან მას კავშირი არ აქვს. ბრალდებული ასევე იხსენებს, რომ მანამ, სანამ ძარცვის ფაქტი მოხდებოდა, მას ძალოვანები დევნიდნენ.
“ამის გამო სამეგრელო 2020 წელს დავტოვე და ვცხოვრობდი ხან ბათუმში, ხან სოხუმში” – ჰყვება ესებუა.
ამბობს, რომ თუ ქართული სასამართლო გაამტყუნებს, ბრძოლას სტრასბურგში გააგრძელებს.
“ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. ინფორმაციზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, როცა იბრალებენ, რომ მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1 წელი ვიმყოფებოდი, შემდეგ დავბრუნდი ბათუმში, შემდეგ თბილისში. დედაქალაქში მეტროთი გადავადგილდებოდი, რადგან ეს უსაფრთხოა” – ჰყვება ინტერვიუში ესებუა.
ირკვევა, რომ ესებუას თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სუს-ის შენობის გვერდით ჰქონდა ბინა ნაქირავები, სადაც მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, სწორედ შეყვარებული იყო მოტივაცია, რომ ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან წამოსულიყო.
“მას ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელზეც სერიოზულად ფიქრობდა. ეს იყო მოტვაცია, რომ ყოფილიყო საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ესებუა თბილისში სიყვარულმა დააბრუნა. ის თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა” – ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობახიძე.
შეყვარებულმა ტერორისტად გამოცხადებულ კაცს საიდუმლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში შეუნახა, თუმცა საბოლოოდ, ის პოლიციის მახეში მაინც გაება, საბედისწერო ბადრი ესებუასთვის 8 თებერვალი და ჯიხაშკარში ნათესავთან სტუმრობა აღმოჩნდა. ჯიქიების საცხოვრებელ სახლში საქმის მასალების მიხედვით ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ მინიმუმ ოთხჯერ იმყოფებოდა. მეხუთე ჩასვლა კი მისი დაკავებით დასრულდა.