“სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა,ჩამოართვის ექიმის სტატუსი, მან..” – ნახეთ სკანდალი ლევან რატიანის გარშემო

0

„ალიას“ ხობელი ორდე დგებუაძე დაუკავშირდა, ყოველგვარი შესავლის გარეშე, მის ინტერვიუს გთავაზობთ:
– „ალიას“ საშუალებით მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს გია აზარაშვილს, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, რომ დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჩემ მიერ მოყვანილი მძიმე ფაქტები და

მოახდინონ სათანადო რეაგირება, რადგან საქმე ეხება, სამწუხაროდ, აწ გარდაცვლილ ცნობილ მეცნიერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის პროფესორს, ჩემს ღვიძლ დას მაია დგებუაძეს, რომელიც გახლდათ კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; ევროპული აკადემიის საპატიო დოქტორი; რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი; რომის საპატიო დოქტორი. ის იყო ანატომიური ატლასის შემქმნელი, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში ისწავლება. მასზე მოგვითხრობს ბესტსელერი „ვინ ვინ არის“.

ის ფლობდა შვიდ ენას, იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-ზე მეტი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე; ლექციებს კითხულობდა ევროპის არაერთი ქვეყნის ცნობილ სამედიცინო უნივერსიტეტებში. მას უხდიდნენ დიდ ჰონორარს და ეს თანხები დღემდე მის ანგარიშზე ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებში. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფილმს იღებდა რეჟისორი დიმა კორძაია, მაგრამ ჩემი და მძიმე სენით დაავადდა, დაუდგინდა ყელის ავთვისებიანი სიმსივნე.

თუმცა ჩვენ ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით. მაია გვიმალავდა ამის შესახებ, რომ არ გვენერვიულა. ისიც არ ვიცით, მისთვის ოპერაციის გაკეთება შეიძლებოდა თუ არა, ეს სამედიცინო კვლევებმა უნდა დაადგინოს. ჩვენ, მის დედმამიშვილებს (მაია დგებუაძეს საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა) და უახლოეს ნათესავებს, რომელთა შორის ცნობილი ექიმებიც არიან, იმის საშუალება არ მოგვეცა, ამ საკითხზე ჩვენთან შეთანხმება მომხდარიყო, რადგან ლევან რატიანის მოთხოვნით, გასაიდუმლოებულად გაუკეთდა ოპერაცია, რათა მას ჩემი დის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, სამეცნიერო მემკვიდრეობა, საგვარეულო უნიკალური ნივთები და საბანკო ანგარიშები დროულად ხელში ჩაეგდო.

– რანაირად ჩაიგდებდა ლევან რატიანი ხელში?

– მანამდე, ოპერაციამდე 4-5 თვით ადრე, ლევან რატიანმა ჩემს დას დააწერინა ანდერძი, რომ გარდაცვალების შემდეგ ის, თავის ქონებას ლევან რატიანს უტოვებდა. სავარაუდოდ, მაია ამ დროს არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მას ჰქონდა ფსიქიკური აშლილობები და მკურნალობდა ექიმ ფსიქიატრთან როზა ჯანჯღავასთან. თუმცა საოჯახო ანდერძში მაია წერს, ეს ანდერძი არ არის საბოლოო, მე შემიძლია, ის ნებისმერ წუთს შევცვალოო, რადგან მიუხედავად თავისი მძიმე მდგომარეობისა, ის ჯერ სიკვდილს არ ელოდებოდა.

– ბატონო ორდე, რატომ მოხვდა თქვენი და, მაია დგებუაძე, მაინცდამაინც საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმ ლევან რატიანთან, იცნობდნენ ერთმანეთს?

– ყველაფერს ქრონოლოგიურად გიამბობთ. ლევან რატიანი იყო ჩემი დის სტუდენტი, რომელზეც დიდი ამაგი ჰქონდა. მან დაამთავრებინა უნივერსიტეტი, დისერტაცია მან დააწერინა, შემდეგ ხარისხების დაცვაში დაეხმარა.

– ასე რატომ ზრუნავდა მასზე?

– ლევან რატიანის ბაბუა მუშაობდა მამაჩემთან, ამბროსი დგებუაძესთან, რომელიც ხობის რაიონის მთავარი ექიმი იყო. ლევანის ბაბუა და მამაჩემი კარგი მეგობრები იყვნენ. როცა ჩემმა დამ ეს შეიტყო, გულში ჩაიხუტა ლევან რატიანი და მას ყველაფერი გაუკეთა. ერთი სიტყვით, სამეცნიერო გზა გაუკვალა და რადგან ასეთი დიდი ამაგი ჰქონდა გაწეული ჩემს დას ლევან რატიანზე, თან ლევანი უკვე ცნობილი ექიმი იყო, როცა უკვე შეუძლოდ გახდა, მას მიაკითხა, მე იმ პერიოდში გულის ოპერაცია მქონდა გაკეთებული და მიფრთხილდებოდა, რომ არ გამეგო, თუმცა ჩემს მეუღლესთან, ფიქრია დვალაძესთან ჰქონდა მუდმივი სატელეფონო კავშირი.

„ფიქრია, თავს გაუფრთხილდი, ნუ გადაიტვირთები! მე აუცილებლად გამაგებინე, რამე სერიოზული პრობლემა თუ გექნება ჯანმრთელობასთან, შენ კარგად იცი ეხლა აღარ არსებობს ამასთან მიმართებაში გადაუჭრელი პრობლემები და ღვთის მადლით შენთანაც ვიმედოვნებ ყველაფერი უკვე უკანაა, მაგრამ იცოდე, რომ მე გყავარ და მატერიალური ჩემი ყველაფერი იქნება შენთვის…“ – აი, ასეთ შეტყობინებას წერდა, ის ოპერაციის ჩატარებამდე ჩემს მეუღლეს ფიქრიას, რომელიც იმ პერიოდში ასევე შეუძლოდ იყო და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა.

ჩემმა დამ მას 2000 აშშ დოლარი გამოუგზავნა. ამას იმიტომ ვყვები, რომ ჩემი და მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ თქვენს მეტი მე ვინ მყავს, ყველაფერი თქვენთვის მინდაო… და ამ დროს ანდერძით უტოვებს ჩემი და ლევან რატიანს ყველაფერს, ჩემი მშობლების მიერ აშენებულ ბინას, რომელიც სტუდენტობის პერიოდში აუშენეს ჩემს დას, კარებიც კი ხობიდან არის ჩატანილი. თითოეული ნივთი არის დედაჩემის მიერ მიტანილი. ამის მოწმეა ჩემი 92 წლის მეზობელი, რომელიც დედას ეხმარებოდა იმ პერიოდში ნივთების გადატანაში.

– ბატონო ორდე, ხშირად ხდება, რომ სრულიად უცხო ადამიანებსაც კი უტოვებენ ანდერძით ქონებას, თქვენ მაინც რატომ შეგეპარათ ეჭვი თქვენი დის ამ გადაწყვეტილებაში? როდის გაიგეთ, რომ დამ ქონება უანდერძა ლევან რატიანს?

– ანდერძი დაწერილია 2020 წლის 20 ივლისს, იმ დროს, როდესაც ჩვენთან ჰქონდა ურთიერთობა ჩემს დას. ოპერაცია მაია დგებუაძეს გაუკეთდა 2020 წლის ნოემბერში ჩუმად, ჩვენ ოპერაციის ჩატარების ზუსტი თარიღიც კი არ ვიცით და, რომ არა ჩვენი ახლობელი ექიმი მარინა წულაია, ლევან რატიანი ჩემს დას ისე დაასაფლავებდა, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გავიგებდით. მარინამ დაგვირეკა და გვითხრა, მაია მართვით სუნთქვაზეა, მომაკვდავია და ლევან რატიანთან წევს რეანიმაციაშიო. ჩვენ ჩამოვედით თბილისში. მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ოპერაციას გაიკეთებდა ჩემი და, მას დეპუტატ არჩილ თალაკვაძისთვის დაურეკავს.

– რატომ?

– ჩემს დას გერმანიაში უნდოდა ოპერაციის გაკეთება. არჩილ თალაკვაძეც ჩემი დის ყოფილი სტუდენტი იყო. ის ძალიან შეწუხებულა. უთქვამს, ყველაფერში დაგეხმარებითო. მკითხველის დასარწმუნებლად გთავაზობთ პირად შეტყობინებას, რომელიც მაიამ ჩემს მეუღლეს ფიქრიას გაუგზავნა: „ფიქრია, შეიძლება მოხერხდეს ჩემი წასვლა დროზე, მე შენ კარგად იცი, რომ არასდროს ვიყენებ ჩემს კავშირებს.

ეხლა ვიფიქრე, ეს პირველად გამომეყენებინა. პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჩემი ნასტუდენტარია და კარგად ვიცნობ. დილით დავუკავშირდი პრეს სამდივნოს, შედეგად მაშინვე გადმომირეკა არჩილმა. რომ ვერ ვუპასუხე, მაშინვე მომწერა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ გერმანიის ელჩსაც ჩართავს, ვნახოთ, რა გამოვა, მოგწერ…“. ჩვენ ბატონი არჩილის ძალიან მადლიერი ვართ და ვაპირებთ მასთან მისვლას, რათა ვუამბოთ, თუ როგორ დააჩქარა ჩემი დის სიკვდილი ლევან რატიანმა.

– გერმანიაში რატომ უნდოდა წასვლა თქვენს დას?

– იქაც მისი ყოფილი სტუდენტი იყო, ცნობილი ექიმი, ქირურგი ასლან გერმანიშვილი და მასთან უნდოდა ოპერაციის გაკეთება, მაგრამ იმ პერიოდში ასლანი თბილისში იყო ჩამოსული და ოპერაცია უშუალოდ ასლან გერმანიშვილმა გაუკეთა მაია დგებუაძეს. ოპერაციის შემდეგ ჩემმა მეუღლემ ფიქრიამ ნახა ასლან გერმანიშვილი. მას ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, თუ ასეთი ნათესავები ჰყავდა მაიას, ოპერაციამდე სად იყავით! ლევანმა მითხრა, თითქმის გვამია, მაგრამ ოპერაცია უნდა გაუკეთოო.

ისმის კითხვა, როცა მეტასტაზები უკვე გასული იყო ხორხსა და ტვინში, იყო სიმსივნის ბოლო სტადია, საჭირო იყო კი ოპერაციის გაკეთება და ავადმყოფის წვალება? ნებისმიერი ონკოლოგი ამაზე ერთ პასუხს იძლევა, ამ შემთხვევაში ოპერაცია არ კეთდება, რათა ავადმყოფი არ აწვალონ. თუ ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, ლევან რატიანს შავბნელი საქმისთვის ნეტა, რამდენი გვამი სჭირდებოდა? პასუხი არის მხოლოდ ერთი – როგორმე ჩემი დის ქონება ხელში ჩაეგდო, რაც შეიძლება სწრაფად.

– ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა… ისევ ჩემს კითხვას მივუბრუნდეთ, როდის გაიგეთ ანდერძის შესახებ?

– ანდერძის შესახებ ჩვენ 2020 წლის 20 დეკემბერს შევიტყვეთ ლევან რატიანისგან, როდესაც ჩემი დის სანახავად მივედით საუნივერსიტეტო კლინიკაში, როცა ოპერაცია უკვე გაკეთებული ჰქონდა და უგონოდ იყო. მანამდე მას ამის შესახებ არ უხსენებია. მაშინ ვუთხარი რატიანს, ქონებაზე ლაპარაკი ჩემთვის არ არის მთავარი, მთავარია დავადგინო, ოპერაცია როდის გაუკეთდა, ჩემთვის მისი ჯანმრთელობაა მთავარი-მეთქი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი მოვლისთვის ყოველდღიურად ას ლარს იხდიდა. მე შევეკამათე, თქვენ რატომ იხდით, მას ვყავართ პატრონები, დედმამიშვილები და ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა-მეთქი.

შემდეგ საუბარი ჩამოაგდო იმაზე, რომ გარდაცვალების შემდეგ თბილისში უნდა დავასაფლავოთო. აგერ მაქვს ჩანთა, რომელშიც დევს ანდერძი, სადაც მთხოვს, რომ თბილისში დავასაფლავოო. შენ რატომ განკარგავ ჩემი დის ბედს-მეთქი, ვუთხარი. ჩემი და მისი დედ-მამის გვერდით, ხობში უნდა დასაფლავდეს-მეთქი. შეცბა ლევანი. მან იფიქრა, ეს წაიყვანს თავის დას და თვითონ რომ დაასაფლავებს, პრეტენზია ექნება ქონებაზეო.

მე, მაია დგებუაძის ძმა, ორდე დგებუაძე, ვაცხადებ, იმ დღეს, 20 დეკემბერს, მე მივხვდი, რომ ჩემი და უკვე გარდაცვლილი იყო და მას მორგში მალავდა. ეს ეჭვი იმან კიდევ უფრო გამიმყარა, რომ ჩემი დის სანახავად არა ერთხელ მივიდა მსოფლიოში ცნობილი ექიმი, პროფესორი, აკადემიკოსი სორთმან ჯაფარიძე, რომელიც არის ჩემი მეორე დის მეუღლე, ანუ მაიას სიძე. მასთან ლევან რატიანს სტუდენტობისას გამოცდა აქვს ჩაბარებული.

თითქმის 60 წელი აქვს გატარებული სორთმან ჯაფარიძეს საოპერაციო მაგიდასთან, უმძიმეს ავადმყოფებთან და მასზე კარგად ვინ იცის ავადმყოფის მდგომარეობა. სორთმან ჯაფარიძე მან არ შეუშვა მაია დგებუაძესთან და მიაყენა შეურაცხყოფა, მაიამ დამიბარა, რომ არავინ შემოუშვა ჩემთანო. ჩვენ კი გვითხრა, ახლა მართვით სუნთქვაზეა, ჯერ კიდევ იცოცხლებს და წადით ხობშიო. დამაიმედა, დამამშვიდა, ჯერ არ არის სასიკვდილო და რაც შეეხება ანდერძს, ჩემს სახელზე კი დაწერა, მაგრამ მე რად მინდა, რა თქმა უნდა, მთელი მისი ქონება თქვენი იქნებაო.

ჩვენ 21 დეკემბერს წამოვედით ხობში… ვერაფრით დავუშვებდი იმას, რომ ყველასთვის ცნობილი ექიმი, ჩემი დის გაზრდილი, გზა გაკვალული, იკადრებდა იმას, რაც იკადრა. სულ მაიმედებდა, უნდოდა, როგორმე 6 თვე გაეყვანა, ანუ ვადა, რომელიც იურიდიულად საჭიროა ანდერძის ძალაში შესასვლელად, რათა მანამდე ჩვენ არ გაგვესაჩივრებინა. ჩემს დასაც ოპერაცია იმიტომ გაუკეთა, რომ მისი სიკვდილი დაჩქარებულიყო, თორემ იმ სიტყვებს სად გაექცევა, ქირურგ ასლან გერმანიშვილისთვის რომ უთქვამს რატიანს: „თითქმის გვამია, მაგრამ ოპერაცია უნდა გაუკეთოო“. რა, ცდებს ატარებდა ჩემს დაზე? რამდენჯერაც ჩამოვედი მაიას სანახავად, არცერთხელ არ მაჩვენა.

ბოლოს, 21 დეკემბერს რომ დამარწმუნა, წავსულიყავი, 5 საათში დამირეკა, სიკვდილი დაფიქსირდაო. სასწრაფოდ თბილისში ჩამოვედით და იმავე დღის 4 საათზე მიცვალებული უკვე გადასვენებული ჰყავდა საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიაში, საფლავიც გათხრილი ჰქონდა. ყველაფერი როგორ მოაგვარა ერთ დღეში? ეკლესიაში მხოლოდ მღვდელი იყო, რომელმაც ნახევარ საათში დაკეტა ეკლესია და ჩვენ გარეთ გამოგვიშვა.

მე და ჩემმა მეუღლემ დეკემბრის ცივი ღამე ეკლესიის გვერდით ეზოში გავატარეთ, მიცვალებული მარტო არ დავტოვეთ. მაიას გარდაცვალების ამბავი არავინ იცოდა – არც ნათესავმა, არც მეზობელმა, არც სამედიცინო საზოგადოებამ. მეორე დღეს მარტო ლევან რატიანი, მისი ცოლი და ცოლის დაქალები მოვიდნენ. მოწვეული ჰყავდა მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. მიცვალებული ერთი დღეც კი არ გააჩერა და უპატრონო მკვდარივით ჩააგდეს მიწაში. ქელეხი ნატახტარში გაუკეთა.

– ნატახტარში რატომ?

– თბილისს მოაშორა სპეციალურად, ვინმეს რომ არ გაეგო. მე განვაცხადე, ეს არის სამარცხვინო დასაფლავება-მეთქი. ავდექით და წამოვედით მე და ჩემი მეუღლე და ყველაფერი, რაც ეკადრებოდა ჩემს დას, სორთმან ჯაფარიძემ გაუკეთა თავის სახლში. მილიონის ღირებულების ქონება დაუტოვა ანდერძით მაია დგებუაძემ ლევან რატიანს და 10 კაციანი ქელეხიც კი ჩემი დის დაგროვილი პენსიით გააკეთა.

– ბატონო ორდე, დაუჯერებელ ამბავს ყვებით. ამის შემდეგ რა მოხდა, როგორ დაშორდით ლევან რატიანს?

– ძალიან ცუდად, რა თქმა უნდა, მაგრამ აყალმაყალს ხომ არ ავტეხდი? თან ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ცნობილი კაცი, ეს ჩვენი დროის „გმირი ექიმი“ ასეთი თაღლითი აღმოჩნდებოდა. გამომიცხადა, ჩვენ ახლობლები უნდა ვიყოთ, მე მაიას ქონება რად მინდა, ჯერ დავიმტკიცებ და მერე თქვენ გადმოგიფორმებთო. ასე დავშორდი და მერე, ორმოცზე რომ ჩამოვედით ხობიდან, წარმოიდგინეთ, ორმოციც კი არ გადაუხადა, მითხრა, მერე გადავუხდიო. მე და ჩემმა დისშვილმა მივაკითხეთ. ვკითხე, რას აპირებდა. მითხრა, ყველაფერი კარგად იქნება, სიტყვა მოგეცი და შევასრულებო. ერთი სიტყვით, დამაიმედა, რომ მე საჩივარი არ შემეტანა. ასე გაიყვანა 6 თვე და 6 თვის შემდეგ კი გამომიცხადა, ახლა წადი და მიჩივლეო! ამ მთავრობაში ყველა ჩემიანია, წინაშიც ჩემები იყვნენ და მომავალი მთავრობაც ჩემი იქნება, ჭკვიანად თუ არ იქნები, შენს თავს დავაჭერინებო.

რა თქმა უნდა, მას ჰყავს პოლიტიკური მფარველები. ვისაც არ ჰყავს, ის ვერ ბედავს ამის გაკეთებას. ჩემი დის სამეცნიერო მემკვიდრეობის და სხვადასხვა შრომების ქურდს – ლევან რატიანს ახლახან წიგნის პრეზენტაცია ჰქონდა. მან მიითვისა მაია დგებუაძის ნაშრომები და თავისი ავტორობით გამოსცა წიგნი. ის მარტო ოცნების ხელისუფლებით კი არ მაშინებს, ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ხშირად იყენებს ჩემს დასასჯელად. ხაზს უსვამს მასთან ახლობლობას. ერთი სიტყვით, ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნია. არც მისი წინაპრებისა და ჩვენი მშობლების მეგობრული ისტორია აინტერებს და არც საზოგადოების აზრი, კაცს, რომელსაც მისი მამისთვის, რევაზ რატიანისთვის უთქვამს, რაც მე აკვნიდან ამოვედი, შენთვის არ მისმენიაო.

– ეს თვითონ გითხრათ?

– დიახ, თვითონ მითხრა. როცა დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მიითვისა, წავედი ლევან რატიანის სოფელში, პატარა ფოთში, სადაც ის გაიზარდა და მისი მშობლები ცხოვრობენ. მამამისს, რევაზ რატიანს, ძალიან პატიოსან და მშრომელ კაცად იცნობენ. ყველაფერი ვუამბე, თუ რა ჩაიდინა მისმა შვილმა და იცით, რა მითხრა? მე მაწონს ვყიდდი და ისე გავზარდე და ვასწავლე. თუ ასეთი რამ ჩაიდინა, მოკალით, მე ასეთი შვილი არ მინდაო. დედამისი კი გამოენთო, წივილ-კივილი ატეხა, დამემუქრა, წადი, თორემ შენს თავს დავაჭერინებო, მთელი სოფელი შეყარა. როცა ლევან რატიანმა გაიგო, რომ მის მშობლებთან ჩავედი, სწორედ მაშინ მითხრა მამამისისთვის ნათქვამი ის სიტყვები, რომელიც ზემოთ ვახსენე…

მე წერილის დასაწყისში იმიტომ მივმართე სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ ლევან რატიანი საზოგადოებისთვის არის საშიში. ჩემს წერილს უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივ რეაგირება! მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ცოცხალ ადამიანზე ჩაატარა ექსპერიმენტი და სიცოცხლე ნაადრევად მოუსწრაფა. მკვდარიც კი გადამალა. ახლა მე მემუქრება დაჭერით და მთავრობის წევრებთან ახლობლობით მაშანტაჟებს, მეუბნება, არ გაბედო ჩემთან დარეკვაო.

ბოლოს ტელეფონით საუბრისას, სულ მკვლელი და ავაზაკი ვეძახე და ისიც კი იკადრა, ეთქვა, მე ხომ ყველაფერი გავუკეთე ჩემს პროფესორს, ღირსეულად დავასაფლავეო. ალბათ, ამას იმიტომ ამბობდა, რომ ამ სიტყვებს ვიღაცას ასმენინებდა, თორემ ადრე, ანდერძის იურიდიულ ძალაში შესვლამდე, როცა არ აწყობდა ჩემთან ურთიერთობის გამწვავება, ჩემთან საუბარში აღიარა, რომ მან თავის პროფესორს სათანადო პატივი ვერ მიაგო. თუ აღნიშნულ ფაქტზე დროული რეაგირება არ მოხდება, მთელი სამედიცინო საზოგადოება, რომელიც ჩემთან მუდმივ კავშირშია, დაირაზმება ლევან რატიანის წინააღმდეგ და მოეწყობა თეთრხალათიანების აქცია, რომელსაც შეუერთდებიან მაია დგებუაძის ყოფილი სტუდენტები, ხობის რაიონის მოსახლეობა, მარტვილის რაიონის საზოგადოება. ჩვენ ვცხოვრობთ ხობში, თორემ მარტვილიდან ვართ წარმოშობით.

შევატყობინებთ მსოფლიოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს, სადაც ჩემი და კითხულობდა ლექციებს. მივმართავ მსოფლიოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ლევან რატიანს ჩამოერთვას ექიმის სტატუსი და ყველა ტიტული, რომელიც მას დაუმსახურებლად მიაკუთვნეს. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დამტკიცდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგს, გარდაცვალებასა და ექიმების მოქმედებებს შორის, რომლებმაც დაარღვიეს სამოქალაქო უფლებები. აუცილებელია დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი და გარდაცვალების ზუსტი თარიღი.

მე ვითხოვ ჩემი დის სამეცნიერო მემკვიდრეობას, ჩემი მშობლების მიერ აშენებულ სახლს, დგებუაძეების საგვარეულო ოქროს ნივთებს, უნიკალურ წიგნებს, ჩემი დის მიერ შექმნილ ანატომიურ ატლასს, ვითხოვ საბანკო ანგარიშებზე არსებულ დიდი რაოდენობის თანხებს, რომელიც ამ უსინდისო არაკაცმა უკვე სამჯერ მოხსნა ანგარიშიდან.

მოვითხოვ, ჩემი დის საბანკო ანგარიშებიდან თანხები გადაირიცხოს უკრაინის ფონდში ლტოლვილთა დასახმარებლად. დაბოლოს, დღევანდელ მთავრობას ვთხოვ, შეისწავლოს ლევან რატიანის ქონება, საიდან აქვს ამ ახალგაზრდა ექიმს ამდენი სახლი, ამდენი მიწა თბილისსა თუ სხვადასხვა რეგიონებში? როგორც ამბობენ, ის მომაკვდავ ადამიანებთან ეწევა მსგავს გარიგებებს და თურმე, ეს არის მისი „ბიზნესი“. ამ დღეებში ისიც შევიტყვე, რომ სამი შვილის დედას დააწერინა სიკვდილის წინ ანდერძი და შვილები ქუჩაში დარჩნენ. უნდა შეჩერდეს ლევან რატიანის „ბიზნესი“, რომელსაც პაციენტების ხარჯზე ეწევა!

– ბატონო ორდე, თქვენ გაქვთ თქვენი დის სამედიცინო ისტორია? რითი დაამტკიცებთ ამ ყველაფერს?

– არ გვაქვს. რატიანს აქვს ყველაფერი.

– რატომ არ მოსთხოვეთ მას?

– რა აზრი ჰქონდა, თავის კლინიკაში რასაც უნდოდა, იმას ჩაწერდა. ამჟამად უკვე ჩავრთეთ იურისტების ჯგუფი და მიმართეს კლინიკას, რომ ისტორია გამოთხოვილ იქნას. რატიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მაია დგებუაძეს ხონდრო-სარკომა ჰქონდაო. ჩემმა დამ იცოდა თუ არა, მას რა ჰქონდა, ეს ჩვენთვის უცნობია. თვითონ ჩქარობდა ოპერაციის გაკეთებასო, მაგრამ მას რომ სცოდნოდა თავისი მძიმე დიაგნოზის შესახებ, ის იმდენად კარგად ერკვეოდა ყველაფერში, რომ ოპერაციის გაკეთებაზე უარს იტყოდა.

როცა საავადმყოფოში დასაწოლად ემზადებოდა და ნივთებს ალაგებდა, მასთან მისული იყო ექიმი მარინა წულაია. პურები არ გადამიყარო, რომ გამოვალ, „დავასუხარებო“, უთქვამს მისთვის. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, ავადმყოფის კლინიკური ისტორიის მიხედვით ჩაგვეტარებინა სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალებისთანავე, ისე სწრაფად დაასაფლავა მიცვალებული რატიანმა.

ორდე დგებუაძესთან საუბრის ჩაწერის შემდეგ დავუკავშირდი ექიმ ლევან რატიანს, რომ რამდენიმე კითხვისთვის ეპასუხა, მაგრამ ის აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, გამაოგნებელი შეკითხვა დამისვა: თქვენ რამდენი წლის ხართო? ჩემი ასაკი რა შუაშია-მეთქი, – ვუპასუხე. შემდეგ მკითხა, რატომ ვარ ამ თემით დაინტერესებული? მე ვუთხარი, რომ ჟურნალისტის მოვალეობაა, ასეთი ფაქტები გააშუქოს და ყველა მხარეს მისცეს პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

აქვე ვკითხე, შეეფერება თუ არა რეალობას, რომ ის დაინტერესებულია პაციენტის ფინანსური მდგომარეობით და ქონებით? ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, არ შედგა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

ამის შემდეგ კიდევ ვცადე მასთან დაკავშირება, რადგან ჩემთან საუბრის შემდეგ მაია დგებუაძის ძმასთან და რძალთან დარეკა და უთქვამს – წერილი შეუკვეთეთ ჟურნალისტს და ალბათ ფულიც გადაუხადეთო(?!). რადგან მან ჩემს ზარს არ უპასუხა, რატიანს ვრცელი ესემეს შეტყობინება გავუგზავნე, სადაც კიდევ ერთხელ ავუხსენი ჟურნალისტის ფუნქცია და გავაფრთხილე, რომ თუ ჟურნალისტის მიმართ პროვოკაციებს, ავანტურას და დევნას განახორციელებს, შესაბამისი სამსახურებიდან მიიღებს რეაგირებას. ამის შემდეგ მას ჩემთვის არც დაურეკავს და არც მესიჯზე უპასუხია.

ასევე დავუკავშირდი ჩემი რესპონდენტის მიერ ნახსენებ ქირურგს ასლან გერმანიშვილს, ვინც ოპერაცია გაუკეთა მაია დგებუაძეს. ვკითხე, მისთვის ოპერაციის გაკეთება იყო თუ არა აუცილებელი და შევახსენე ლევან რატიანის ნათქვამი სიტყვები, „თითქმის გვამია, მაგრამ ოპერაცია უნდა გაუკეთოთო“, რომელიც მაია დგებუაძის რძალთან, ფიქრია დვალაძესთან საუბარში უთქვამს ასლან გერმანიშვილს. ის ძალზე განერვიულდა, მითხრა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და ის არ მაძლევს არანაირ ინფორმაციას გარდაცვლილზე, რადგან მე არ ვარ პაციენტის ნათესავი და აღარ ისურვა საუბრის გაგრძელება.

ასევე დავუკავშირდი მაია დგებუაძის სიძეს, აკადემიკოს სორთმან ჯაფარიძეს, რომელსაც ასევე ახსენებს ჩემი რესპონდენტი საუბრისას.

– ბატონო სორთმან, უკანასკნელად როდის ნახეთ თქვენი მეუღლის და?

– როცა შევიტყვე მისი დამძიმებული მდგომარეობის შესახებ, მივედი რატიანის კლინიკაში, მაგრამ ავადმყოფთან არ შემიშვა, მართვით სუნთქვაზეაო, მითხრა. ჩვენს მეტი მას არავინ ჰყავს. ჩვენ ვართ მაია დგებუაძის პატრონები. ის ჩემს ხელში გაიზარდა. სტუდენტობის წლები ჩემს სახლში გაატარა. სათანადო ყურადღება უნდა მივაქციო-მეთქი. უარით გამომისტუმრა. მეორედ როცა მივედი, იგივე განმეორდა. ასეულობით ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ავადმყოფთან შეუთანხმებლად არასდროს ნაბიჯი არ გადამიდგამს. მეუღლის დას ყელის სიმსივნე თუ ჰქონდა და მეტასტაზი ტვინში იყო წასული, თავის ქალა რატომ გაუხსნეს, როცა ძირითადი კერა ყელში იყო?

– ბატონო სორთმან, სამედიცინო დასკვნა გაქვთ ნანახი, ავადმყოფს ნამდვილად ჰქონდა ყელის სიმსივნე?

– არა, ბატონო, ჩვენ არ გვინახავს. ჩვენთვის არ გაუცვნია. მოვთხოვეთ, მაგრამ ზეპირად გვითხრა, ყელის სიმსივნე აქვსო. ჩვენ ახლოს არ გაგვაკარეს. ბიოფსია უნდა აეღოთ. რატომ გაუკეთეს ოპერაცია? როცა ამის შესახებ ვკითხე, რატიანმა მიპასუხა, მაიას თვითონ უნდოდა ოპერაციის გაკეთებაო. ამ პასუხის შემდეგ შეიძლება, რაიმე კომენტარი გააკეთო? ხომ შეიძლება ავადმყოფი საერთოდ არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო იმ დროს, როდესაც ოპერაციას უკეთებდნენ? მაიას მსგავსი ავადმყოფები წლების განმავლობაში ცოცხლობენ, რა თქმა უნდა, კარგი მოვლა-პატრონობით.

ამის მეტი რა მინახავს ჩემი მუშაობის პერიოდში?! ასეთ დროს ოპერაცია არ უნდა გაკეთებულიყო. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, როცა მესამედ მივედი რატიანთან, ის აქეთ გადმოვიდა პროვოკაციაზე და უკადრებელი იკადრა. რა თქმა უნდა, ავადმყოფთან არ შემიშვა. ვფიქრობ, მაია მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო და მორგში ჰყავდა. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ რატიანმა გამიზნულად დაგეგმა ეს ოპერაცია, რომ დროულად ჩაეგდო ხელში მაია დგებუაძის ქონება, მისთვის ცოცხალი მაია საჭირო აღარ იყო და ოპერაციით მოუსწრაფა სიცოცხლე, დროულად მოიშორა, მოსავლელი რომ არ ჰყოლოდა. ლევან რატიანმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი!

და ბოლოს, 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, მაია დგებუაძის გარდაცვალებას ლევან რატიანმა ემოციური პოსტი მიუძღვნა, რომელიც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა:
„ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას.

ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ცხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს…. მშვიდობით პროფესორო….მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან!

სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყო „შვილო მომისმინე”……. და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით…. ესე იყო ესე….

შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს ასე მეუბნებოდა… მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით“
წყარო:ambavi.club

Share.