„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, „გაღმა ნაპირის“ მსახიობი, თედო ბექაური ჟურნალ „თბილისელებთან“ გაჭირვებულ ყოფაზე საუბრობს, იხსენებს, რა გზა გამოიარა და პასუხობს კითხვას, რატომ არ ყიდის პროექტში მოგებულ ბინას იმისთვის, რომ თბილისში საცხოვრებელი ჰქონდეს…
– თედო, ვიცი, როცა ცოლი მოიყვანე, ხელმომჭირნედ ცხოვრობდი, ბინა არ გქონდა და არც სამსახური. ახლა როგორ ხარ?
– ცოლი რომ მოვიყვანე, არც ბინა მქონდა და არც სტაბილური შემოსავალი. ორბეთში, ჩემს სოფელში ვცხოვრობდით, რთულ პირობებში, განსაკუთრებით ცივ სეზიონზე. მერე ჩამოვედით, ვიქირავეთ ბინა და მეც მუშაობა დავიწყე. მძიმე სამუშაო მქონდა, ელიავაზე გათბობის მაღაზიაში, მერე – მშენებლობაზე. ფიზიკურად ძალიან მიჭირდა, მაგრამ ძალიან ვცდილობდი, ოჯახისთვის არაფერი მომეკლო. ზაფხულის პერიოდში სოფელში ვიყავით, ზამთარში კი ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ ის პერიოდი. ახლაც ქირით ვართ. თბილისში ბინა ახლაც არ მაქვს და ვერც სამსახური ვიშოვე. მცხეთის დრამატულ თეატრში ვარ, მინიმალური, მაგრამ ხელფასი მაქვს, ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ კიდევ ვეძებ სამსახურს, მინდა, დამატებით ვიმუშაო. კი მინდა, სახლის ყიდვა, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს. თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ორბეთში მაქვს მიწა, 2 500 კვადრატული მეტრი, რომლის გაყიდვაც მინდა და მერე ვიფიქრებ ყიდვაზე. ძალიან კარგი მიწის ნაკვეთია, თბილისთან ახლოს, ოცი წუთის სავალზე, საუცხოო ხედებითა და ადგილმდებარეობით. ვინც იყიდის და სახლს ააშენებს, ქალაქთან ახლოს სასწაული აგარაკი ექნება. არ გავყიდიდი, კი მენანება გაყიდვა, მაგრამ სხვა გაზა არ მაქვს.
– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული რომ გახდი, ბინა ხომ გაჩუქეს?
– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კი მოვიგე ბინა, მაგრამ ბაკურიანშია. იქ ვერ ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან საყვარელი ბინაა და სეზონურად ვაქირავებ.
– არ გიფიქრია, ის ბინა გაგეყიდა და თბილისში გეყიდა?
– არა! განა არ შემიძლია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავყიდი. ეს სახლი მოგებულია, უბრალოდ ნაჩუქარი რომ იყოს, შეიძლებოდა გამეყიდა. ხალხმა, თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით გავიმარჯვე, ბინა მოვიგე და ამას ვერანაირად ვერ გავყიდი. ჯვარი მეწეროს და რა უნდა გამიჭირდეს ისეთი, ხალხის გვერდით დგომით, მათი სიყვარულით ნაჩუქარი ბინა გავყიდო. ეს ბინა ჩემთვის შეუფასებელია.
წყარო:elnews.ge