“მოულოდნელად ესროლა სახეში, ქალმა ხელების აფარებაც ვერ მოასწრო..” – ნახეთ ქართველ ემიგრანტ ქალებს იტალიაში თავს დაესხნენ

0

იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს თავს იტალიელი ახალგაზრდები დაესხნენ. ემიგრანტი ლელა ლაჩაშვილი ქუჩაში მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – წერს ემიგრანტების გვერდი, რომელიც თავად ლელა ლაჩაშვილის დაწერილ პოსტს აქვეყნებს.„გუშინ, მეგობარი ქალბატონი ერთი დღით ქალაქ ბარში ჩამოვიდა. მთელი დღე ერთად გავატარეთ, საღამოს (18:00 სთ.) წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მივედით. იქიდან კი ფეხით „ბარი ვეკიას” (ქალაქის ისტორიული ნაწილი) დავუყევით. ბნელოდა, გზად ერთ კათოლიკურ ეკლესიასთან ჩემს მეგობარს თავში ტყავის ბურთი მძიმედ მოხვდა. რა თქმა უნდა, იქ მოთამაშე მოზარდების დადანაშაულება არც მიფიქრია. ასე ხშირად ხდება, რომ შემთხვევით ბურთს მოგარტყამენ და მერე მოგიბოდიშებენ… სანამ მე მეგობარს ვამშვიდებდი, სრული ტანის ბიჭი ჩვენს წინ შედგა და ჩემს მეგობარს ჰკითხა: „გეტკინა?” მან უპასუხა კი,

მეტკინაო, ჩემი არ იყოს, ისიც ბოდიშის მოხდას ელოდა და ის იყო, გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ ცრემლიანი თვალებით ბიჭს ახედა. აქ მოხდა ის, რამაც წერილის დაწერა გადამაწყვეტინა…

ბიჭი დაიხარა, ბურთი აიღო და იმდენად მოულოდნელად ესროლა სახეში ჩემს მეგობარს, რომ ხელების აფარებაც ვერ მოასწრო. სათვალე კი, რომლის გარეშე ვერ ხედავს, მოსძვრა და ძირს დავარდა. ბიჭი სათვალეს ფეხით შედგა. რაც შევძელი ის იყო, რომ მინა ამოგდებული სათვალე გამოვაცალე და ვეცი ტელეფონს, კარაბინერებთან (პოლიციელებთან) ვრეკავ-მეთქი. მობილური ხელიდან გამაგდებინეს, ჩემს მეგობარს ჩანთაზე ეკიდებოდნენ და დაგეშილი ლეკვებივით გარშემო გვივლიდნენ.

მსუქანი ბიჭი, სავარაუდოდ, მათი „ატამანი” მკაფიოდ გამოთქვამდა შემდეგი შინაარსის ფრაზებს: „უცხოელები ხართ, უსაბუთოები, ვერ დარეკავთ კარაბინერებთან, რადგან თავად დაგიჭერენ”. გაქცევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ვერ გავრბოდით, ეს იმდენად შემაძრწუნებელი იყო. ხმამაღლა ვეძახდი კარაბინერებს. ამან გაჭრა, ჩაბნელებულ ვიწრო ქუჩაზე მიიმალნენ. ვისხედით ეკლესიის კიბეებზე, მეგობარს თავი სტკიოდა, მე ტელეფონის წართმევისას ნატკენი მუხლი… შესაძლებელი იყო, ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ იმდენად მძიმე იყო შეურაცხყოფა, დამცირების ატანა, იმ ადგილს ვერ ვტოვებდით და გაოგნებულებს ნატკენზე მეტად, სული და თავმოყვარეობა გვტკიოდა.

ეს სიტყვები „სტრანიერების” (უცხოელების) უუფლებობის შესახებ ამ ბიჭებს ხომ ოჯახში ჰქონდათ მოსმენილი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ და ზიზღით გვიმეორებდნენ. აი ესაა პრობლემა, რატომ უნდა სძულდეთ ადამიანები, ვინც მათ ბებიებს, ბაბუებს, დედებს, ბიძიებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ და უვლიან?! – წერს ლელა ლაჩაშვილი.წყარო:geoambebi.com

Share.