„ცეკვავენ ვარსკვლავები ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან დიდი საწყისია და ამისთვის ნოე სულაბერიძეს ძალიან დიდი მადლობა, ის დამეხმარა ძალიან.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოირგებ ცეკვას. თუ შეგეშალა, არა უშავს, მთავარია, არ გაჩერდე. ჩემთვის განსაკუთრებული იყო ქართული ტური, სადაც „აფხაზური“ ვიცეკვეთ. ამ ცეკვას სულ სხვა დატვირთვის ვცეკვავდით. ყველა ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად პროექტში შესრულებული პირველ ცეკვას გამოვარჩევ. სიცხე მქონდა და რეპეტიციებზე ვერ დავდიოდი, ბოლო სამ დღეში დავდგით რეალურად ცეკვა.
ჩემს გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. ჩემი ცეკვა რამდენჯერაც დაიდო ფეისბუკზე, სულ ვნახულობ კომენტარებს და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ერთი თბილი სიტყვა მაინც დაუწერია. იმდენი დადებითი კომენტარია ემოციებში ვვარდები და ვანებებ ხოლმე კითხვას თავს”, – ამბობს თედო ბექაური „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში.
თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.
გაღმა ნაპირი“ თედო ბექაურის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო:
“მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია. ყველაფერი ბედნიერი შემთხვევითობის შედეგია. ერთ დღეს, თბილისში, თვალის კლინიკაში ჩამომიყვანა დედამ, სადაც სრულიად შემთხვევით შევხვდი გიორგი ოვაშვილს, რომელსაც შვილები ჰყავდა ექიმთან ვიზიტზე მოყვანილი. ამ შეხვედრამ ჩემი ცხოვრება ძირეულად შეცვალა. ვიზიტის მოლოდინში ბატონი გიორგის ქალ-ვაჟმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, ცელქობდნენ. ბიჭს ხელში რაღაც სათამაშო ეჭირა, თამაშობდა, უცებ გოგომ გამოსტაცა და თავში ჩაარტყა. ამაზე გულიანად გადავიხარხარე. თურმე სწორედ ამ სიცილით მივიქციე რეჟისორის ყურადღება. მოვიდა, გამომელაპარაკა. მერე დედაჩემს გაესაუბრა და გადაწყვიტეს, სინჯებზე მივეყვანე.
მახსოვს, სტუდიაში რომ შევედი, ბატონმა გიორგიმ მითხრა, ახლა მე მაგიდაზე რაღაც რიტმს დავუკრავ და შენ იცეკვეო. მე ჯერ მორცხვად ვიდექი, მერე კი უცებ ენერგიულად ავცეკვდი. რეჟისორმა, რომელიც კმაყოფილი ჩანდა, გამაფრთხილა, იცოდე, სანამ გადაღებები არ ჩაივლის აღარსად იცეკვოო. გადაღებები 2 კვირაში დაიწყო და 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასობაში, პირველად ვნახე ზღვა. მანამდე თბილისს არ ვიყავი გაცილებული. გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ შესაძლებლობები გამომემჟღავნებინა. თავიდან ისე ვმორცხვობდი და ისეთი ჩაკეტილი ვიყავი, რომ რეჟისორს ეუბნებოდნენ, ტყუილად კარგავ ამ ბავშვთან დროსო. მერე ბატონი გიორგი დამიჯდა, სერიოზულად დამელაპარაკა და ამ საუბარმა შედეგი გამოიღო… გადაღებების დროს ჯანო იზორიასთან ერთად ვცხოვრობდი ოთახში. ისე მანებივრებდა, სულ კისერზე ვყავდი შემჯდარი. ყველგან ერთად დავდიოდით. “გაღმა ნაპირი” იყო პირველი, ყველა გაგებით. ამ ფილმმა პოპულარობაც მოიტანა, ხალხის სიყვარულიც მაჩუქა, თვალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემაც მომიგვარა. ეს ფილმი რომ არ ყოფილიყო, დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ” – იხსენებდა თედო ბექაური.
წყარო: ntv.com.ge