“მგზავრობა, საცხოვრებელი და საკვების თანხა თქვენზეა..” – ნახეთ რეალურად რა თანხას ჩამოიტანთ 3 თვიანი მუშაობით გერმანიიდან

0

გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა ყოველწუთს მატულობს. ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ უცხო ქვეყანაში გამგზავრებით და იქ მუშაობით საკმაოდ დიდ შემოსავალს მიიღებენ, თუმცა რეალურად არავინ იცის, იქ ჩასულ ქართველებს რა პირობები დახვდებათ და რამდენად მძიმე საქმის შესრულება მოუწევთ. ცნობილია, რომ ქართველებს საკვების, მგზავრობისა და საცხოვრებლის გადასახადის დაფარვა თვითონ მოუწევთ, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. აქედან გამომდინარე, 3 თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულნი ბევრს ვერაფერს ჩამოიტანენ, თუმცა პროგრამის პორტალზე, რომელიც რამდენიმე დღეა ამოქმედდა, რეგისტრაცია უკვე 90 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება 3-თვიან პერიოდს გულისხმობს, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის განხრით იქნება. მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, ეუბნებიან, რომ ანაზღაურება საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა ვერავინ აკონკრეტებს, რამდენად სარფიანი იქნება მოცემული სამსახური, მაშინ, როცა თითოეულ მოქალაქეს თავად მოუწევს საკუთარი ხარჯების დაფარვა.

ანა ფეიქრიშვილს, რომელიც უკვე გამოცდილია და გერმანიაში ლეგალურად სოფლის მეურნეობის განხრით უმუშავია, მიაჩნია, რომ სამუშაო საკმაოდ მძიმე იქნება და შესაძლებელია, ანაზღაურებითაც დიდად ვერ იხეირონ იქ ჩასულმა ქართველებმა, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ შეთავაზება ურიგო არ არის.

„გერმანიაში ყოფნისას სეზონურად მომიწია მუშაობა და მარწყვის კრეფა. რა თქმა უნდა, სამუშაო რთული იყო, რადგან საჭიროა ფიზიკური შრომა, რაც მოითხოვდა დიდ ენერგიასა და დროს. დღეში ვმუშაობდით 9-10 საათს, ანაზღაურება კი საათში 9.50 ევროს შეადგენდა. კვირაში როცა 5 დღე სრულ განაკვეთზე მუშაობ, რა თქმა უნდა, რთულია. მარტივი სათქმელი არ არის, ვის შეიძლება უღირდეს კონკრეტული შემოთავაზება და ვის – არა, რადგან დანაზოგი ფულის ხარჯვასა და მოხმარებაზეცაა დამოკიდებული.

შესაძლოა, რაიმე კონკრეტულმა კომპანიამ ან ორგანიზაციამ შემოგთავაზოთ დახმარება და ბინა შედარებით იაფად მოგაქირაოთ, თუმცა ეს არ ხდება ყველასთვის. დიდ ხეირს ყველა ვერ ნახავს. ამასთანავე, საჭიროა მგზავრობისა და კვების თანხების გაღება, რაც ყოველდღიურად არც ისე ცოტა გამოდის დღიური ანაზღაურების ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის განმავლობაში შესაძლოა, დიდი შემოსავალი ვერ მიიღოთ, უმუშევარი ადამიანისთვის მაინც კარგი შეთავაზებაა“, – განუცხადა „რეზონანსს“ ანა ფეიქრიშვილმა.

საქართველოში უმუშევრობის პრობლემა თითქმის სულ არსებობდა და მოქალაქეები ხშირად მიდიოდნენ ემიგრაციაში, თუმცა გაჩერებულმა ეკონომიკამ და პანდემიამ საფრთხე უფრო მეტად გაზარდა, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

მაშინ, როცა კვირაში 5-6 დღე, დღეში კი 8-9 საათი გიწევთ მუშაობა და ანაზღაურება არც ისე სახარბიელოა, თანაც თუ ყველანაირი ხარჯის დაფარვა თავად გიწევთ, გერმანიაში წასვლა და იქ დასაქმება დიდად მომგებიანი არ გამოდის. გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულს ხელფასის 5% გადასახადების სახით ჩამოეჭრება. ყველაფერი, ჯამში, უკვე დიდი დანახარჯია.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ადასტურებს, რომ გერმანიაში მუშაობა საკმაოდ რთულია, ასევე არის ზედმეტი ხარჯები – თუნდაც ბინის ქირა, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი გადადო.

„საკმაოდ რთული იყო ქარხანაში მუშაობა. ძალიან შრომატევადი საქმეა, რადგან ფიზიკურად გიწევთ მუშაობა ერთ რეჟიმში. ამ დროს ყურადღების მოდუნების უფლება არ გაქვთ და მთლიანად კონცენტრირებული ხართ საქმეზე. ყველაფერი დროზეა დამოკიდებული, რადგან მოგეხსენებათ, დანადგარებია და გიწევთ ძალიან სწრაფ რეჟიმში მუშაობა.

ადგილობრივები არცთუ ისე კარგად იყვნენ განწყობილი დროებითი მუშახელის მიმართ, ხშირად მოგვისმენია სალანძღავი სიტყვები, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. სამუშაო დრო იყო სრულ განაკვეთზე, ანუ დღეში 8 საათი, ანაზღაურება კი _ საათში 9.79 ევრო.

რა თქმა უნდა, ხარჯიც გვქონდა _ ბინის ქირა, რომელიც საკმაოდ ძვირია – 800-900 ევრო თვეში. ამ გადასახადს გვიმსუბუქებდა ერთმანეთთან შეამხანაგება და მათთან გაყოფილი თანხა. საკვებიც ჩვენი შესაძენი იყო. შესაბამისად, დღიურად 15-20 ევრო მაინც გვჭირდებოდა ყველაფრის დასაფარად.

თითქმის ნახევარი თანხა ცხოვრებაში გვეხარჯებოდა, ის შრომა კი, რასაც იქ ვეწეოდით, საკმაოდ შრომატევადი და რთული იყო. ამ ფონზე შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებად ხელსაყრელია სხვა ქვეყანაში თუნდაც ლეგალურად მუშაობა, რადგან სამშობლოში დაბრუნებულს ისევ ის თანხა ჩამოგაქვს, რაც შეიძლება, ადგილზეც გამოგემუშავებინა“, – განუცხადა „რეზონანსს“ ნინი გიუნაშვილმა.

მუშაობის რთულ პირობებს ადასტურებს გერმანელი არქიტექტორი იორგ შულცეც. იგი საქართველოს მოქალაქეების სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მხოლოდ 24 საათში 53 000-ზე მეტი ქართველი დარეგისტრირდა გერმანიის მინდვრებში სამუშაოდ. იციან მათ, რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები? იციან, რომ თვეში 300 ევროს იხდიან, თან ოთახში კი არა, მხოლოდ საწოლში. ეს თანხა იჭრება ხელფასიდან დაუყოვნებლივ. პოლონელი ბიჭები აღარ ჩამოდიან, რადგანაც მათ იციან რეალური პირობების შესახებ“, – დაწერა გერმანელმა არქიტექტორმა.

მიუხედავად ყველაფრისა, ქართველების ინტერესი ზედმეტად დიდია, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ რეგისტრაციის გავლის რეალური მიზეზი გერმანიაში დიდი ხნით დარჩენაა (3 თვის შემდეგ უკვე არალეგალური გზით). სოციოლოგ პაატა აროშიძის აზრით, თუნდაც სამთვიანი დასაქმებით ყველა დასაქმებულს რაღაც პერიოდი გარანტირებული შემოსავალი ექნება.

„ნებისმიერ ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში დასაქმება და მუშაობა არის საკმაოდ მძიმე და რთული. ადამიანი როცა გადაწყვეტს გერმანიაში წასვლას, ფიზიკურად და მორალურად უნდა მოემზადოს ამისთვის. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეები არანაკლებ მძიმე პირობებში მიდიან თურქეთში, სადაც ჩაის კრეფენ ან თხილს აგროვებენ.

აშკარაა, რომ შრომითი პირობები მძიმე იქნება, თუმცა მაინც დადებითად შეიძლება ამ ფაქტის შეფასება, რადგან ნებისმიერ დასაქმებულთან ფორმდება ხელშეკრულება და გარკვეულწილად გარანტირებული ანაზღაურება ექნებათ“, – განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ თუ მოქალაქეს არ აქვს იმის იმედი, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში დასაქმებას მოახერხებს, მაშინ მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

„მოქალაქე, რომელიც გერმანიაში წასვლას გადაწყვეტს, მზად უნდა იყოს ფიზიკური შრომისთვის და ამასთანავე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი შრომა ფუჭად არ დაიკარგება. რთული სათქმელია, ხალხს უღირს თუ არა კონკრეტული შეთავაზება, მაგრამ ყველას აქვს თავისი გათვლები და არჩევანი, რის მიხედვითაც მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ ადამიანი უმუშევარია და დამოკიდებულია მხოლოდ სოციალურ შემწეობაზე, მისთვის, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი იქნება.

არსებობს გათვლები, რომელთა მიხედვითაც, დასაქმებული სამშობლოში დაბრუნებისას 3000 ევრომდე მაინც ჩამოიტანს, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობისა და კვების თანხა თვითონვე უნდა გაიღოს. ადამიანისთვის, რომელიც წასვლას გადაწყვეტს, კარგია არა მარტო შემოსავლის გაზრდისთვის, არამედ გამოცდილებისთვისაც, რომელსაც განვითარებულ ქვეყანაში შეიძენს, გამოიმუშავებს შრომის კულტურას და შემდეგ საკუთარ ქვეყანას მოახმარს“, – დასძინა „რეზონანსთან“ საუბრისას პაატა აროშიძემ.
წყარო: geoambebi.com

Share.