რა გზა გაიარეს შოვში მეწყრის ჩამოწოლისას ტყეს შეფარებულმა დამსვენებლებმა, რა მოხდა რეალურად და შეიძლებოდა თუ არა ამ განსაცდელის თავიდან აცილება? – თვითმხილველების მიერ აღწერილი ჯოჯოხეთი და ბუნების გამაფრთხილებელი მაგალითები, რომლებიც “გამოგვრჩა”.
რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს არც არის საჭირო – რადგან ამ ტრაგედიაში ყველას სათქმელი ერთია.
“ორი უცხოელების ოჯახი იყო, ჩეხეთიდან და დანიიდან. ჩეხეთიდან საკუთარი მანქანით იყვნენ ჩამოსული. კარავი გვათხოვეს. გვეუბნებოდნენ, მარაგი ბევრი გვაქვს და არ შეგეშინდეთ, ყველას გვეყოფაო. ვაზიარებდით სურსათს, კარვებს, ნივთებს.
ოდნავ ხმაურზეც პანიკა იწყებოდა. ძრავის ხმაზეც კი ყველა ფრთხებოდა. მოგვიანებით გაწვიმდა, დაიწყო ჭექა-ქუხილი, ძალიან შეგვეშინდა. მალე ტელეფონის საშუალებით შევიტყვეთ, რომ დრონების ინფორმაციით, იმ ეტაპზე მეწყრის განმეორების საფრთხე აღარ იყო და ცოტა დავმშვიდდით. როგორც კი გათენდა, ვერტმფრენებით ონში გადაგვიყვანეს.
15 ადამიანი გადაჰყავდათ თითო რეისით. 8-9 ასეთი რეისი შესრულდა. ონში მისულებს ხალხი გვეხვეოდა, გვაჩვენებდნენ ახლობლების ფოტოებს, ელოდებოდნენ თუნდაც ერთ სანუგეშო სიტყვას. ადგილობრივებმა წაგვიყვანეს სახლებში, დაგვაპურეს, დაგვამშვიდეს, სული ცოტა მოგვათქმევინეს. გავიგეთ, რომ ჩვენი სასტუმრო მეწყერს გადაურჩა.
ნივთები ადგილზე გვქონდა და პოლიციას ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ. გადაგვიყვანეს მანქანებით, ჩავედით შოვში. ჩემ თვალწინ გამოჰყავდათ ცხედრები. დავინახეთ ქალის ცხედარი, რომელსაც სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული… ეს იყო ჯოჯოხეთი.
დავაპირეთ სასტუმროში ღამის გათენება, მაგრამ წყალი არ იყო, მალე ელექტროენერგიაც გაითიშებოდა. ზოგადად, ხშირად ირთვებოდა ხოლმე ელექტროენერგია, თითქმის ყოველი წვიმის დროს და აღარ გავრისკეთ დარჩენა. მანქანა ტყეში დარჩა და ჩვენ რაჭა დავტოვეთ.”
წყარო:ambavi.club