როდესაც ამგვარ ამბებს აწყდები, ხვდები, ვინ ხარ სინამდვილეში, რით საზრდოობს შენი გული და ხშირად რა საოცრად ჰგავხარ იმ მონას, უფლისგან განსამრავლებლად ნაბოძებ ტალანტებს მიწაში რომ ფლავს…
ჩვენს გაფეტიშებულ თავმოყვარეობას ხომ, შვილის მკვლელის შენდობა კი არა, ძალიან ხშირად მდოგვისოდენა წყენის ატანაც არ შეუძლია…
ვინ მოთვლის, სამყარომ რამდენი ამგვარი და კიდევ უფრო საოცარი მაგალითი იცის, რომელთა დიდი ნაწილი საიდუმლოდ დაიმარხა მარადისობამ, ნაწილი კი ჩვენდა სანუგეშოდ და იმის სამხილებლად გაამჟღავნა, თუ როგორი “ქრისტიანები” და “მოყვასნი” ვართ ერთმანეთისა…
ყველაფერი 30 წლის წინ, საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში მოხდა, როდესაც ათონის გრიგორიუსის მონასტრის იღუმენმა გიორგიმ ერთ-ერთი მომაკვდავი მოხუცი მოძღვრის აღსარება ჩაიბარა…
მოხუცს ორი შვილი ჰყოლია – ვაჟი, რომელიც მოწიფულ ასაკში ათენს გაგზავნეს განათლების მისაღებად, და მასზე გაცილებით უმცროსი ქალიშვილი.
გავიდა დრო და ათენიდან ოჯახს შემზარავი ცნობა მოუვიდა: – მათი ვაჟიშვილი ცემით მოკლული ეპოვათ უდაბურ ადგილას, მკვლელთა ვინაობა კი ვერავინ დაადგინა…
შვილის დაკარგვის ტკივილთან ერთად მოძღვარს ისიც ძალზე ტანჯავდა, რომ გარდაცვლილს მკერდზე ნათლობის ჯვარი ვერ უპოვეს – უკვალოდ გამქრალიყო.
დედამ ტკივილი ვერ აიტანა, მალე დასნეულდა და გარდაიცვალა…
წლებს წლები მიჰყვა. მოძღვრის ქალიშვილი წამოიზარდა, ახალგაზრდა კაცი შეუყვარდა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მოძღვარს სასიძო ესათნოვა, შინაც მიიღო და უმასპინძლა, მაგრამ დრო გადიოდა და ახალგაზრდა რატომღაც დაქორწინებას აყოვნებდა…
ბოლოსდაბოლოს მან სასიმამროს გაუმხილა – სანამ აღსარებას არ გეტყვით, თავს ღირსად ვერ ჩავთვლი, თქვენი ოჯახის წევრი გავხდეო, და უამბო, როგორ მოხვდა ათიოდ წლის წინ ცუდ წრეში, გვიან ღამით თავის “მეგობრებიანად” როგორ გადაეყარა ათენში მიმავალ ახალგაზრდა კაცს, როგორ აუხირდნენ ჭაბუკს და როდესაც მან მათი დამოძღვრა იწყო, მოთმინებადაკარგულებმა რა დაუნდობლად გამოასალმეს სიცოცხლეს…
რაც შეეხება ჯვარს, სასიძოს “მსხვერპლისთვის” ყელიდან აუგლეჯია და თავად ატარებდა შემდეგ…
როდესაც მოძღვარმა სასიძოს მკერდზე გარდაცვლილი შვილის ნათლობის ჯვარი ნახა, იგრძნო, როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ იატაკი და რომ არ წაქცეულიყო, უფალს შველა სთხოვა…
სასიძო კი განაგრძობდა: “ხომ დარწმუნდით, მამაო, რომ ჩემნაირ ცოდვილს უფლება არ აქვს, თქვენი ქალიშვილი შეირთოს?..”
მღვდელმა როგორღაც მოიკრიბა ძალა, სასიძოს თვალებში ჩახედა და უთხრა: “შემიძლია კი, ოჯახში არ მიგიღო, თუ თავად უფალმა მიიღო შენი აღსარება, ან როგორ არ შეგინდო, როცა თავად ღმერთმა შეგინდო?!.”
მალე ქორწილი გადაიხადეს, მოძღვარმა კი გარდაცვლილი შვილის ყველა ფოტო საგულდაგულოდ გადამალა, რომ სიძეს ვერასოდეს შეეტყო, ვინ გამოასალმა სიცოცხლეს…
ეს საიდუმლო მოხუცმა მოძღვარმა მრავალი წლის შემდეგ მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ გაუმხილა მამა გიორგის…
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა / კარიბჭე
წყარო: genews.ge