“იაფდება წამლები,იზდება სია..” – ნახეთ მისამართები,რომელ აფთიაქებში იყიდით თურქული წარმოების იაფ წამლებს

0

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. აქედან, ყველაზე მეტი, 32 დასახელების მედიკამენტი „ფარმადეპოს“ ქსელში იყიდება. 8 დასახელების მედიკამენტი აქვს „ავერსს“, ხოლო ჯერჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი – „პსპ“-ს და „ფარმსახლს“. მედიკამენტების გაყიდვაში გაშვებას უახლოეს დღეებში გეგმავს „იმპექსიც“.

როგორც აღნიშნულ სააფთიაქო ქსელებში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მედიკამენტების რაოდენობის ზრდა, ასევე სააფთიაქო ქსელების დამატება უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ამჟამად თურქული წარმოების მედიკამენტების შეძენა მხოლოდ 10 მისამართზეა შესაძლებელი, აქედან 5 დედაქალაქში,ხოლო 5 – დიდ ქალაქებში.

„უკვე ერთი კვირაა „ფარმადეპოს“ ქსელში 32 დასახელების თურქული წარმოების მედიკამენტი იყიდება. ესენია ყველაზე მოთხოვნადი და ქრონიკულად მისაღები მედიკამენტები. ამ 32 დასახელებაში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, დიაბეტური მედიკამენტების ჯგუფები, ასევე არის ნევროლოგია და ძვალსახსროვანი მედიკამენტების ჯგუფი. ეს მედიკამენტები, ოღონდ ევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჩვენს სააფთიაქო ქსელში მანამდეც იყო, ახლა მომხმარებლებს თავად შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ევროპულზე ან თურქული წარმოების მედიკამენტზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფარმაცევტები აწვდიან მომხმარებლებს. ეს მედიკამენტები ჯერჯერობით ხელმისაწვდომია „ფარმადეპოს“ 10 აფთიაქში, აქედან 5 აფთიაქი არის თბილისში (ვაჟა-ფშაველას 6, ვაჟა-ფშაველას 65, სანაპიროს 10 ა, მელიქიშვილის 6, სამგორის მეტროსთან -კახეთის გზატკეცილი 32) და 5 დიდ ქალაქებში – (დეპო 13 -ზუგდიდი, გამსახურდიას ქ)(12) დეპო 8 -ქუთაისი, აღმაშენებელი)(11) დეპო 17 -ბათუმი, მელიქიშვილის 18)(36) დეპო 21 – თელავი, ალაზნის 43)(37) დეპო 27 – გორი, იურუშალაიმის 9) (43)“, – აცხადებს კოზმანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ფასთა შორის სხვაობა ევროპული და თურქული წარმოების ერთი და იგივე მედიკამენტს შორის საკმაოდ დიდია და 50%-დან 85%-მდე მერყეობს; მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა კი, თურქული წარმოების მედიკამენტებზე საგრძნობლად გაზრდილია.„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იგეგმება დამატებით სხვა მედიკამენტების შემოტანაც. ასევე, ჩვენი აფთიაქების სხვა მისამართებზე დამატებაც. პირველად მცირე რაოდენობა შემოგვივიდა, რადგან თურქმა მომწოდებლებმა ჩვენი გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს, ამიტომაც შევზღუდეთ და 260 აფთიაქიდან მხოლოდ 10 აფთიაქში გვაქვს გაყიდვაში. მედიკამენტების მეორე პარტიაც შემოსულია და გაყიდვების მოთხოვნებს მიყვება. ვგეგმავთ რაც შეიძლება მალე სრული ქსელი მოვიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ რომელიმე ქალაქში, სადაც

თურქული წარმოების მედიკამენტი ამ ეტაპზე გაყიდვაში არ არის, დაფიქსირდება მოთხოვნა, აფთიაქს ერთჯერადად შეუძლია საწყობისგან გამოითხოვოს პროდუქცია და ადგილზე მივუტანთ“, – განაცხადა კოზმანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება „ავერსის“ სააფთიაქო ქსელს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე თურქული წარმოების 8 დასახელების მედიკამენტია მათ ქსელში ხელმისაწვდომი.

“დღეისათვის რეგისტრირებულია 8 პოზიცია. ისე წლებია ფორმა 100-ის საფუძველზე ვახდენთ მომხმარებლებისათვის 50-მდე დასახელების იმპორტს. ეს მედიკამენტები არის გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ასთმის, ნევროლოგიის და სხვა ქრონიკული პათოლოგიის სამკურნალო საშუალებები. ჯერჯერობით მედიკამენტების შეძენა მომხმარებელს რამდენიმე ფილიალში შეუძლია. მთელ ქსელში განაწილებულია, რაც უკვე დარეგისტრირდა და ეტაპობრივად მალე ყველგან იქნება ხელმისაწვდომი.რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, თურქეთში ნაწარმოები მედიკამენტების ფასი 50-60%-ით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში წარმოებული და იქიდან იმპორტირებული. „ავერსი“ აგრძელებს სხვა დასახელების მედიკამენტების შემოსატანად რეგისტრაციის პროცესს და თვის ბოლოს რამდენიმე ათეულ პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს „ავერსში“.

რაც შეეხება „პსპ“-ს და „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მედიკამენტი („ქსარელტო“) აქვთ თურქეთიდან შემოტანილი, თუმცა, ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე დასახელების მედიკამენტის შემოტანას გეგმავენ. კერძოდ, „პსპ“ 10-ზე მეტი მედიკამენტის დამატებას მომდევნო კვირიდან აპირებს, ხოლო 20-ზე მეტი მედიკამენტისთვის რეგისტრაციაზე აქვს მიმართული.

„ფასდაკლების დღეებში ჩვენ სააფთიაქო ქსელში გერმანული „ქსარელტო“ იყიდება 139 ლარად, ხოლო თურქული წარმოების იგივე გერმანული მედიკამენტი 55 ლარად. მედიკამენტი ყველა აფთიაქში გვაქვს. ახლა ველოდებით კიდევ 10-მდე მედიკამენტს, რომელიც გზაშია. ვფიქრობთ, ამ კვირაში უკვე შემოვა და გვექნება. ამასთან, დამატებით რეგისტრაციაზე გვაქვს 20-ზე მეტი მედიკამენტი გაშვებული და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკების შედეგად ასევე იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე მედიკამენტის გაყიდვაში გაშვება, თურქეთის აფთიაქების ფასად, ამ კვირიდან იქნება შესაძლებელი“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პსპ-ში.

თურქული წარმოების „ქსარელტოს“ ყიდვა მომხმარებელს „ფარმსახლშიც“ შეუძლია“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, მედიკამენტი ყველა აფთიაქში იყიდება. ამასთან, მათივე განმარტებით, მომავალში სხვა მედიკამენტების დამატებასაც გეგმავენ, თუმცა, როდის და რა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შემოიტანენ, ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის წარმოებული მედიკამენტების ქსელში განთავსებას გეგმავს სააფთიაქო ქსელი „იმპექსიც“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იმპექსფარმის“ გენერალურმა დირექტორმა დავით კოხრეიძემ განუცხადა, უკვე შესყიდულია 10 დასახელების მედიკამენტი, რაც საქართველოს მასშტაბით 100 აფთიაქში განთავსდება.

„თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების ფარგლებში, დღევანდელი მდგომარეობით, “იმპექსფარმს“ შესყიდული აქვს რეგისტრირებული – 10 დასახელების მედიკამენტი. აღნიშნული წამლები განკუთვნილია სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ/სამკურნალოდ და ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში უკვე გავრცელდება „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის 100 აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში. აღნიშნული პრეპარატები იგივეა, რაც ევროპული, რომელიც შემოდის თურქეთის ქვეყნიდან. შესაბამისად, სხვაობა ევროპიდან და თურქეთიდან შემოსულ კონკრეტულად ამ პოზიციების წამლებზე არ არის და მათი გაყიდვების პროცესიც წავა სტანდარტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. სამომავლოდ, სახელმწიფოსგან ხელშეწყობის პირობებში, ვგეგმავთ დამატებით 200 დასახელების წამლის შემოტანას, – განუცხადა კოხრეიძემ “ინტერპრესნიუსს.

ცნობისთვის, თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 17 იანვარს გაიხსნა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ხარჯები გაუიაფდება. თურქული წარმოების მედიკამენტების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოვიდა.
წყარო:ambavi.club

Share.