ბაქო გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას მასპინძლობს. კლიმატის ჩარჩო-კონვენციის მხარეთა შეხვედრას წინ უძღოდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ტემპერატურა, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, მკვეთრად მომატებულია, რაც განპირობებულია სათბური გაზების ემისიებით და ეს შეიძლება შეუქცევადი გახდეს კლიმატისთვის დედამიწაზე.
რა პრობლემების წინაშე დგას კლიმატის ცვლილებების გამო მსოფლიო, რა არის გასაკეთებელი და რა კეთდება, ამ თემაზე ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე საუბრობს.– კლიმატის ცვლილების მხარეთა შეხვედრა ყოველწლიურია. 1992 წელს შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს და აღიარეს კლიმატის ჩარჩო-კონვენცია, რომლის მხარე ჩვენც ვართ. კონვენციის აღსრულებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საკითხი იყო მოსაგვარებელი,
მათ შორის სათბური გაზების ემისიასთან დაკავშირებული ეროვნული წვლილის დოკუმენტის მომზადება, რომელიც ვალდებულებებს აკისრებდა ქვეყნებს, რომ ისინი განსაზღვრული პერიოდისთვის შეამცირებდნენ სათბური გაზების ემისიებს კლიმატის გასაუმჯობესებლად. კლიმატის ჩარჩო-კონვენციის მხარეთა შეხვედრას, რომელიც ბაქოში იმართება (პირველი კონფერენცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში ტარდება), წინ უძღოდა ანგარიში, რომელიც აფიქსირებს, რომ ევროპის კონტინენტზე ტემპერატურა მკვეთრად მომატებულია 1,5 გრადუსით, თითქმის 2 გრადუსამდეც მივიდა. არის ვარაუდი, რომ 3 გრადუსამდეც მალე აიწევს.
დაწყებული დათბობა განპირობებულია სათბური გაზების ემისიებით და შეიძლება შეუქცევადი გახდეს კლიმატისთვის დედამიწაზე.- რა შეიძლება მოჰყვეს ამას?
– ყველაზე დიდი პრობლემაა მყინვარების, არქტიკისა და ანტარქტიდის დნობა. ბევრი სცენარია დათქმული. სავარაუდოდ, დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ზღვის დონემ შეიძლება მეტრამდე აიწიოს, რაც ზემოქმედებას იქონიებს ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ.ეს განსაკუთრებით პრობლემატურია კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის. ამიტომ ყველა ქვეყანა ვალდებულია მკვეთრად შეამციროს სათბური გაზები. ჩვენ ადრე სათბური გაზების 31%-ით შემცირების ვალდებულება ავიღეთ. ახლა ვალდებულებას ვიღებთ, რომ 50%-მდე შევამცირებთ სათბური გაზების ემისიას. საკმაოდ ამბიციური ვალდებულებაა, გათვლილი 2030-50 წლებისთვის.
– 1,5 გრადუსით ტემპერატურის მატება ვალდებულებების შესრულების შედეგია, თუ პირიქით, არ ასრულებდნენ და ამან გამოიწვია?
– ყველა ვალდებულება დროში იყო გაწერილი. ყველაზე მკაცრი 2030 წელია ყველა ეკონომიკურ სექტორში, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ საწარმოო სექტორებში. ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რაც უფრო ნაკლებად მოახდენს ზემოქმედებას გარემოზე და უფრო მეტად შეამცირებს სათბური გაზების გაჩენას. ახლა ყველა ქვეყანას მოეთხოვება ამ ვალდებულებების ეტაპობრივად შესრულება, რადგან თუ ტემპერატურამ 3 გრადუსამდე მოიმატა, დედამიწაზე შეუქცევადი პროცესები დაიწყება. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დნება მყინვარები.
საქართველოში ცენტრალურ კავკასიონზე ერთი მესამედით არის შემცირებული მყინვარის საფარი, რამაც ის ბუნებრივი კატასტროფები გაააქტიურა, რაც გასულ წელს გვქონდა შოვის ტრაგედიის სახით.მოსალოდნელია, რომ ასეთი ბუნებრივი კატასტროფული მოვლენები, რომელთაც იწვევს კლიმატის ცვლილება, შესაძლოა გახშირდეს.
გარემოს დამცველები და არასამთავრობო სექტორი ითხოვენ აიკრძალოს წიაღისეული საწვავი, რომელიც ყველაზე მეტად გამოსცემს სათბურ აირებს. განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ მთლიანად გადაერთონ ელექტრომობილებზე, რათა ნაკლები გამონაბოლქვი ავიდეს ჰაერში.
– 1.5 გრადუსით ტემპერატურის მატება არის თუ არა კავშირში ბოლო ხანს ესპანეთში გახშირებულ წყალდიდობებთან?
– როგორც ესპანელი მეცნიერები ამბობენ, აშკარად კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოვლინებაა. ასეთი წყალდიდობა ესპანეთს არ ახსოვს.
ბუნებრივი კატასტროფები უკვე ყველგან ხდება, ყველა კონტინენტზე. ძალიან მოწყვლადი გახდა ადამიანების ცხოვრება, დაწყებული ექსტრემალური ტემპერატურებით, ზოგ ქვეყანაში 50 გრადუსსაც აღწევს. მაგალითად, 2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე თბილ წელიწადად ჩაითვალა, ყველაზე მეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ.
ეს მეცნიერების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მეტეოროლოგებსაც ძალიან უჭირთ გრძელვადიანი პროგნოზები.
– ჯერ მსოფლიოზე ვისაუბროთ, რა პროგნოზებია და რას ელიან?
– ელიან ზღვის დონის მომატებას, არქტიკა-ანტარქტიდაში ყინულის საფრის ინტენსიურ დნობას. ამინდი მკვეთრად იცვლება, არაპროგნოზირებადი ხდება. უკვე ხშირია ექსტრემალური ტემპერატურები, რაც დამახასიათებელია სამხრეთის ქვეყნებისთვის. გაჩნდა ახალი ტერმინი `კლიმატმიგრანტები~. კლიმატური პირობების გამო ხალხი ერთიდან მეორე ქვეყანაში გადადის. თუ ქვეყნებმა არ მოილაპარაკეს ემისიების შემცირებაზე, თუ ყველა სახელმწიფომ არ გაატარა ღონისძიებები, კლიმატმიგრანტების რაოდენობამ შეიძლება ყველა ქვეყანაში მოიმატოს და ეს შემაშფოთებელია.
– მიგრანტები, ძირითადად, რომელი ქვეყნიდან სად მიდიან?
– ძირითადად, სამხრეთის ქვეყნებიდან ჩრდილოეთის ქვეყნებში გადადიან. თუმცა, შესაძლებელია მიგრაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთულ ქვეყნებში, ანუ იმ სარტყელში, სადაც კლიმატზე ნაკლები ზემოქმედებაა.
რაც შეხება საქართველოს, ჩვენი კლიმატური და მეტეოროლოგიური მდგომარეობა ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე. ამას ემატება ბუნებრივი კატასტროფები, რაც 2023 წელს უხვად გვქონდა: წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები… სავარაუდოდ, შესაძლოა ეს გაგრძელდეს.
– ქართველებს როგორი ზამთარი გველის?
– ჯერჯერობით, საქართველოში დაბალი ტემპერატურებია.
ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ტემპერატურამ მოიმატოს დეკემბერ-იანვარში. სეზონები თითქმის წაშლილი გვაქვს, გაზაფხული-ზაფხული არაპროგნოზირებადი სეზონები გახდა…
დიდი თოვლი დიდი ხანია, არ ყოფილა. საქართველოს ჯერ არა აქვს ადაპტაციის ღონისძიებათა გეგმა, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტზე უნდა იყოს გათვლილი. იმედია, ახალი ადაპტაციის ღონისძიებათა გეგმაზეც დავიწყებთ მუშაობას.
წყარო:geonews.site