რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 14 თებერვალს ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა და 25 თებერვალს საქართველოში დაკრძალეს. ქეთი ვადაჭკორია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოშია, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ისრაელში უკან დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია სადაც ზურაა, იქ უნდა დარჩეს…
“მართალია, ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და ისრაელის მოქალაქეებიც ვართ, მაგრამ იქაც ქირით ვცხოვრობდით. დღისით მთელი დღე ზურასთან ვიყავი და ღამე ფიზიკურად ვმუშაობდი. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი წასვლის ერთადერთი მიზეზი ბინის დაკარგვაა. ნულიდან ვიწყებდით ყველაფერს, რომ
საქართველოში ჭერი გვქონოდა.
ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ თბილისში, ორმოცამდე აქ ვიქნები და შემდეგ ისრაელში გავფრინდები, საბუთები მაქვს მოსაგვარებელი ზურასთან დაკავშირებით და შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, სამუდამოდ.
ზურას სიცოცხლეში დაახლოებით ხუთი თვის წინ “ქართუ ბანკს” გავუგზავნე წერილი. მაშინ ვფიქრობდით, რომ ზურას გადმოყვანას რეანომობილით შევძლებდით და არ ვიცოდი მე სად დავბინავებულიყავი. ეს წერილი “ქართუ ბანკში” ახლაც დევს. ზურას ვარსკვლავის გახსნის წინა დღეს დამიკავშირდნენ “ქართუდან” და მითხრეს რომ ჩემი წერილი განხილვაში იყო და აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. რა ვიცი, ახლა ზურა აღარ არის და დანარჩენს ვერ გეტყვით…
შვილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. რთულია დაკარგო ასეთი მამა, უსმინო იმას რასაც ადამიანები ზურას შესახებ ყვებიან.
არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, ზურასგან წყენა არ მახსოვს. იუმორით სავსე ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა სტუმრები, მეგობრები, სახლის კარს გასაღებით არასოდეს ვკეტავდით. სიცოცხლე უყვარდა, სტუმრები, ქეიფი, დროსტარება… შეწუხებულები ვიყავით, მისი ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფნით. რაც არ უნდა პრობლემა ყოფილიყო მეუბნებოდა, ნუ გეშინია ქეთუშ, ნუ გეშინია „ჩვენ გამოვძვრებით“…” – განაცხადა ქეთი ვადაჭკორიამ
წყარო:ambavi.club