ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება, ამის შესახებ მან, „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღდგომის დღეებში ზუგდიდში მასობრივ თავყრილობებს ადგილი არ ჰქონია.
„ზუგდიდში ვითარება სტაბილურია, მანქანების აკრძალვამ კარგი შედეგი გამოიღო, 2 დღეა პოლიცია თავდაცვის ძალებთან ერთად სასაფლაოებზე მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს. ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდვას გაგებით მოეკიდა და ქალაქში მოქალაქეების გადაადგილება თითქმის არ შეიმჩნეოდა. მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მთელი ზუგდიდის მოსახლეობას მადლობას ვუხდი“, – აღნიშნა ზუგდიდის მერმა.
მისივე თქმით, ზუგდიდში კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა იყო და ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„ზუგდიდში 2 პაციენტი მკურნალობდა, ორივე გამოჯანმრთელდა და ამ წუთში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება. თვითიზოლაციაში რჩება 45 ადამიანია“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდში სასურსათო მარაგის პრობლემა არ არის და ქსელური მარკეტები შეუფერხებლად მუშაობს.