შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით – ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს.
„ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც… შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, – აღნიშნა იმნაძემ და დასძინა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან.
„არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან – ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი“,- განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ კორონავირუსმა და გრიპმა ერთდრიულად არ შემოგვიტიოს, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაა საჭირო.
„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, – განაცხადა იმნაძემ.
კითხვაზე, სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა, იმნაძე პასუხობს, რომ პირიქით, მსოფლიო ბაზარზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია და შესაძლოა აცრის ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს.
„სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება“, – აღნიშნა იმნაძემ.
რაც შეეხება ეპიდსიტუაციის შეფასებას, როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რომ პიკი მძიმე არ ყოფილიყო.
„ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა – ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.