თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გოგონა სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები. მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო. ცხედრები სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.ერთი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირებაა, სოციალურ ქსელში კი
მეგობრები სხვა ვერსიასაც განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ ტრაგედიის მიზეზი გაზით ინტოქსიკაცია ყოფილიყო.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გვიან ღამით ლაშა მინდელის ცხედარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში გადაასვენეს, სადაც მისი დედა ცხოვრობს.
როგორც ოჯახის ახლობელმა “ამბებს” განუცხადა, ლაშა დედისერთა იყო:
“ძალიან მძიმე ამბავია. მთელი სოფელი დასტირის ლაშას და ვიწვით მისი დედის საცოდაობით. ერთადერთი შვილი ჰყავდა დედას, ლაშა ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. მუშაობდა თბილისში და ნაქირავებში ცხოვრობდა. რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, არ ვიცით. დედამ მარტო გაზარდა, ქუთაისში ცხოვრობდნენ, მერე როგორც ვიცი, იქ ბინა გაყიდეს, გეგუთში ჰქონდათ სოფელი და აქ გადმოვიდა დედამისი საცხოვრებლად.
ვერავინ უბედავდა დედას, რომ ეს საშინელი ამბავი ეთქვა მისთვის. ჯერ უთხრეს ლაშა დაჭრესო, მერე კი გაიგო, რა უბედურებაც სჭირდა. ძალიან კარგი ახალგაზრდა აღარ არის, დედის იმედი. დღეს მოასვენეს. ლაშა წლებია წლებია, თბილისშია, დედამისიც გარკვეული პერიოდი თბილისში მუშაობდა, მაგრამ მერე სოფელში ჩამოვიდა.
ლაშაც ჩამოდიოდა ხანდახან, მაგრამ ძირითადად მუშაობდა და დრო არ ჰქონდა. მაგის მეტი არავინ გააჩნდა დედამისს, ისე მეცოდება გული მეწვის მისი საცოდაობით. არც მშობლები ჰყავს ცოცხალი, არც ძმა, ამ ერთადერთი შვილის იმედად იყო და ეს ტრაგედიაც დატრიალდა, მიზეზი არ ვიცით რა იყო. ლაშა დაოჯახებული არ ყოფილა. გაგვანადგურა ყველა ამ ამბავმა” – თქვა ოჯახის ახლობელმა.