ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში პოლიციაა მობილიზებული, მათ თან აქვთ სპეციალური აღჭურვილობაც. ეს უკავშირდება გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას და ამ შემთხვევის შედეგად მომხდარ დაპირისპირებას.
ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ.
ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის” ხელმძღვანელის, ოთარ ქებაძის განცხადებით, სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
როგორც ქებაძე აღნიშნავს, კლინიკაში მყოფ პაციენტებს „მძიმე დაზიანებები” აღენიშნებათ.
„შემოიყვანეს ათი პაციენტი, აქედან, ორი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, რვა კი გაეწერა. ისინი სხვადასხვა ტრავმით გაეწერნენ და შემდგომი ამბულატორიული მკურნალობის რეკომენდაცია მიეცათ. ერთი [საავადმყოფოში მყოფი პაციენტი] გადაყვანილია პალატაში, მეორე ჯერ-ჯერობით, დაკვირვების დარბაზში იმყოფება და ცოტა ხანში მასაც გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ, რჩებიან სამკურნალოდ”, – განაცხადა ოთარ ქებაძემ.
დაღუპული ახალგაზრდას ოჯახი, რომელიც „ტვ პირველმა” ჩაწერა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის სასტიკად ითხოვს.
„სად არის საქართველო? რატომ? ჩემი შვილი ვინც მოკლა, ის ცოცხალი არ დარჩება. ჩემი შვილი დამტვრეულია” – ამბობს ერთ-ერთი დაღუპულის დედა.
ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მძღოლი ნასვამი იყო.
„ეს ჩვენი მიცვალებული ძირს იწვა და მძღოლი შეიყვანეს სასწრაფოში. ამას მოჰყვა დაპირისპირება. მთვრალი იყო მძღოლი, იგინებოდა. ეს საქმე ასე არ უნდა დარჩეს, ვინც ეს გააკეთა ციხეში უნდა წავიდეს” – ამბობენ გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები.
ცნობისთვის, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მერსედერსის მარკის ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი მართავდა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. (თენგო ჩხეტიანი) უკვე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს” – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.