“დაწერილია, რომ ეს მოხდება და, სამწუხაროდ, მოხდება..” – ნახეთ ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

0

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ადმინისტრაცია მის პირად გვერდზე 2010 წლის აპრილის თვის გაზეთიდან – “ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია” ინტერვიუს ვრცელ ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ინტერვიუ არქივიდან გაზეთი “ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია”, №44
— ქალბატონო ლელა, თქვენ 2008 წლის 20 ნოემბერს ასეთი რამ ბრძანეთ: „თურქეთში მოხდება დიდი მიწისძვრა. თუმცა იქნება წინმსწრები პირობები, რითაც ადვილი მისახვედრი გახდება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს ადგილი. მაგრამ იფიქრებენ, ეს პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან. ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. ხომ ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან. მაგრამ, რა? უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველის. ამ წინასწარ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ“. ასე მგონია,

ზემოთხსენებულ წინმსწრებ პირობათაგან ერთ-ერთი მარტში მომხდარი მიწისძვრაც იყო. — დიახ, ასეა. ეს იყო გაფრთხილება, მაგრამ კიდევ იქნება. და ვერაფერს და არაფერს მოიმოქმედებენ იმ დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, რაც მომავალში მიწისძვრისგან ელის თურქეთს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ 1993 წელს ვწერდი და იმავე პერიოდში გავაფრთხილე თურქეთის მთავრობა ჩემი თურქი მეგობრის მეშვეობით. მაშინ მან ეს წინასწარმეტყველება, სხვა პოლიტიკურ ჩანაწერებთა ერთად, თურქულ პრესაშიც გამოაქვეყნა და, ვინაიდან მაღალ წრეებთანაც იყო დაახლოებული, პირადადაც გადასცა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგრამ ბედისწერა ბედისწერაა. დაწერილია, რომ ასე უნდა მოხდეს და, სამწუხაროდ, მოხდება კიდეც. მცირე განმარტება რედაქციისგან: თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში, 2020 წლის 24 იანვარს 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც მეზობელ პროვინციებში: დიარბაქირში, მალათიაში, ადიამანში, სამსუნში, ასევე მეზობელ სირიაში, ლიბანსა და ირანში იგრძნობოდა. მაშინ მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 1607 კაცი კი დაშავდა. ეს სწორედ ის ტერიტორიებია, რომლებიც მოიცვა კიდეც 2023 წლის გამანადგურებელმა რყევებმა. ასე რომ, კატასტროფის წინმსწრები პირობები ნამდვილად იყო და ისინი ნამდვილად არ გაითვალისწინეს.

— მეორე, ასევე აპოლიტიკური თემა დედამიწის ღერძის გადახრას უკავშირდება, რამაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა და აალაპარაკა. თქვენ წერთ, რომ არავითარ გადახრას არ ხედავთ. საინტერესოა, რატომ გააკეთეს მეცნიერებმა ეს დასკვნა, უბრალოდ შეცდნენ თუ რაიმე სხვა მიზეზი არსებობს? — ბუნებრივი მოვლენების შედეგად დედამიწის ღერძის გადახრა ახლა პირველად არ მომხდარა. ღერძი იხრება, მერე კი სწორდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა შეგვაშფოთოს. არასდროს არ მოხდება ისეთი რამ, რაც დედამიწას ორბიტიდან ამოაგდებს, ააფეთქებს ან უფსკრულში დანთქამს. დედამიწა პერიოდულად სახეს იცვლის, წარმოიშობა ახალი კუნძულები, ახალი ზღვები, ტბები და ასე შემდეგ და ამით მთავრდება ყველაფერი. აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ მსგავს გადახრებსა და ცვლილებებს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, ამაში საშიში არაფერია. სხვათა შორის, საქართველოში უფრო ინერვიულეს ამ თემაზე, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში. რაც შეხებათ მეცნიერებს, კი ადამიანი რაღაც დონეზე ჩაწვდა კოსმოსის საიდუმლოს, რაღაც ამოხსნა და ისწავლა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პროცენტია დაფარულისა. ასე რომ, მეცნიერების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არის მხოლოდ და მხოლოდ შიში შეუცნობლის მიმართ. — გამოდის, რომ თუ დედამიწის ღერძი არ გადახრილა, არც დროში მომხდარა ცვლილება და არავითარი წამის მეასედები თუ მემილიონედები არ მოკლებია 24 საათს.— არა, ბუნებას არავითარი წვლილი არ მიუძღვის დროის ცვლაში… — მაშ რას ნიშნავს თქვენი 1996 წლის 26 მაისის ჩანაწერი: „საოცარია, ადამიანები, ანუ მეცნიერები, ვხედავ ცვლიან დროს, ანუ ციფრებს. წელთაღრიცხვა იწყება ისევ I საუკუნით“. — სწორედ იმას, რომ დროს, ანუ წელთაღრიცხვას ადამიანები შეცვლიან და არა ბუნება, არა კოსმოსი. ახლა ხომ პირველად არ ხდება დროის ცვლა? ეს ადრეც მომხდარა და არა იმიტომ, რომ კოსმოსმა აიძულა კაცობრიობა, გადაედგა ეს ნაბიჯი. ამას სწავლულები, მეცნიერები აკეთებდნენ და კვლავ ისინი გააკეთებენ სულ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

— მსოფლიო პოლიტიკას მივუბრუნდეთ: ქალბატონო ლელა, ამერიკის პარლამენტმა თურქეთის მხრიდან სომხების გენოციდი აღიარა. თქვენ წერთ, სომხური დიასპორის აქტიურობა ამერიკის მთავრობას პოლიტიკურად არაპოპულარულ ნაბიჯს ადგმევინებსო. იგულისხმება თუ არა ამ სიტყვებში სომეხთა გენოციდის აღიარება, თუ ამერიკამ ეს სრულიად შეგნებულად გააკეთა იმისათვის, რომ ეიძულებინა თურქეთი, პოლიტიკური ნაბიჯები მოეზომა?

— ამერიკა სრულიად შეგნებულად ატარებს სადამსჯელო ღონისძიებას თურქების მიმართ ყველგან და ყველაფერში. ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: თურქეთის პრეზიდენტს ძალიან გუჭირდება, ვინაიდან ძალიან სუსტ პოლიტიკას ატარებს (ისე, ხასიათითაც ფხუკიანია), რაც უარყოფითად უბრუნდება მის სახელმწიფოს. ამიტომაც ფიქრობს ამერიკა თურქეთის სახელმწიფოს დასუსტებაზე.

— და ის დიპლომატიური სკანდალი, რომელიც ახლა თურქეთსა და ისრაელს შორისაა თურქული ფილმის, „მგლების ხეობის“ გამო (ეს ფილმი ისრაელში ანტისემიტიზმის პროპაგანდად აღიქვეს), რა შედეგით დამთავრდება? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდება. — ფილმების შინაარსზე, ასე ვთქვათ, მხარის გაკვრასა და შეგინებაზე რომაა დამყარებული დღევანდელი პოლიტიკა, ასეთ არადიპლომატ პოლიტიკოსებს რომ აქვთ სადავეები ხელში ჩაგდებული, იმიტომაც არის „კარგად“ მსოფლიოს საქმე. ესენი ხომ პოლიტიკოსები არ არიან. რაც შეეხება ურთიერთობის გაწყვეტას ამ ორ სახელმწიფოს შორის, ეს დროებითი მოვლენა იქნება. — ამაშიც ამერიკული კვალი იკითხება? — იკითხება, ოღონდ ისრაელთან მიმართებაში. 1992 წლიდან ვწერ, რომ ამერიკა ისრაელთან დამოკიდებულებაში შეცდომებს დაუშვებს. ჰოდა, უშვებს კიდეც. <...> — ქალბატონო ლელა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროზონიდან ზოგიერთი ქვეყნის გარიცხვის საკითხი დააყენა, ვინაიდან ისინი სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საერთო ევროპულ ვალუტას — ევროს. — ვინც უნდა გარიცხონ, რა ძალისხმევასაც უნდა მიმართონ, ევროზონა ბოლოს მაინც დაიშლება. ეს 2008 წლის 1 მარტს ვიწინასწარმეტყველე: „მომავალში ევრო არ უნდა იყოს ევროპის ქვეყნების ერთიანი ვალუტა. ბრიტანეთივით ყველა მოინდომებს, თავისი ფული ჰქონდეს. ეს დროც დადგება“. ამ ეტაპზე კი ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელების გამოცვლაა საჭირო. გერმანიას, უბრალოდ არ სურს, რაღაც ვალდებულებები იტვირთოს, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს და სხვა არ აღელვებს. ამის დასტურია, თუნდაც, საქართველოს მიმართ ზერელე დამოკიდებულება რუსული აგრესიის შემდეგ, როცა ისევ რუსეთს უჭერს მხარს. და ეს ის სახელმწიფოა, რომელიც დემოკრატიულობაზე დებს თავს. მაგრამ არა უშავს, ეს დროც დადგება, როცა ევროპის ქვეყნების პრემიერები, პრეზიდენტები თუ კანცლერები შეიცვლებიან, უპირველესად კი სწორედ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიისა. — სხვათა შორის, კრემლში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა შესაძლოა 2012 წლის შემდეგ ერთიანი ეკონომიკური სივრცის ახალი ფორმატი აამოქმედონ და ერთიანი ვალუტა შემოიღონ, ევროს მსგავსად… — მოკლედ, რუსებმა აღარ იციან, საბჭოთა კავშირის შექმნა რითი და საიდან დაიწყონ. — სწორედ ეს მინდოდა მეკითხა. ესე იგი, ესეც ერთიანი იმპერიის აღდგენის მცდელობაა? — რა თქმა უნდა! მაგრამ ვერაფერსაც ვერ აღადგენენ. ნებისმიერი მცდელობა საბჭოეთის თავიდან შექმნისა, კრახით დამთავრდება. ის კი არა, მალე თავზე დაემხობათ ყველაფერი, იმიტომ, რომ III მსოფლიო ომი უკვე კარის შემოლეწვას ლამობს. და წალეკავს კიდეც რუსეთს. ჩემი ქვეყანა კი გადარჩება!!! აი ნახავთ. <...>

— ქალბატონო ლელა, ამასწინათ ძალიან საინტერესო ფაქტი გახმიანდა: პუტინის საყვარელი გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი“ მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდა. ბალტიის ზღვის ფსკერზე, სადაც უნდა გაიაროს გაზსადენმა, 12 უძველესი ხომალდი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი ათასზე მეტი წლისაა, ანუ ვიკინგების ეპოქისა. ახლა, სანამ ამ ნამსხვრევებს არ ამოიღებენ, მანამ იქ არავითარი მშენებლობა არ დაიწყება. რამდენად შეიძლება ეს ნაპოვნი ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს „ჩრდილოეთის ნაკადისთვის?“ — გაზსადენისთვის დაბრკოლებები არ უნდა გაუკვირდეთ რუსებს, ვინაიდან კოსმოსი კვლავაც არაერთ სერიოზულ პრობლემას შეუქმნის „ჩრდილოეთის ნაკადს“.

— ქალბატონო ლელა, რუსეთში ანტპუტინური მოძრაობა დაიწყო და თანდათან ძლიერდება. 20 მარტს მთელი ქვეყანა მოიცვა, ეგრეთ წოდებულმა, რისხვის დღემ, რასაც მომიტინგეთა დაკავებები მოჰყვა.

— ეგ რა არის, ისეთი მიტინგებისა და გამოსვლების ტალღა მოიცავს რუსეთს, დღეს რომ ვერავინ წარმოიდგენს. ანტიპუტინური მოძრაობა გაძლიერდება და ასრულდება წინასწარმეტყველება: პუტინს პრეზიდენტის სავარძელს გამოაცლიან. <...> — ქალბატონო ლელა, ლარსის საბაჟო გაიხსნა. თქვენ თავის დროზე მოუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, არ აემოქმედებინათ ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების შემცველი გამშვები პუნქტი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გაზეთს ლამის მიკროსკოპით სწავლობენ, რჩევა არ გაითვალისწინეს.

— ჰოდა, თავში სახლელი გაუხდებათ ამ საბაჟოს ამოქმედება. ლარსის გამშვები პუნქტი უნდა დაიხუროს! და მომავალში დაიხურება კიდეც. ისეთი რამეები მოხდება, რომ ეს გარდაუვალი შეიქნება.

საბაჟოები და გამშვები პუნქტები გახსნან კი არა, ის დროა, როკის გვირაბის აფეთქებაზე იზრუნონ. — ქალბატონო ლელა, თქვენ რამდენჯერმე ბრძანეთ, დადგება დრო, როცა პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ჩემი ენით ალაპარაკდებიანო. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის თქვენი ფრაზები ცნობილი პოლიტიკოსების გამოსვლებში. თან მეცინება, თან მწყინს. კაცმა რომ ჰკითხოს, თქვენი ფენომენისა არ სჯერათ, თქვენს პოლიტიკურ ანალიზებს კი ისე ითვისებენ, წარბიც არ უტოკავთ. — რამდენი ხანია ვამბობ, რომ ჩემს წინასწარმეტყველებებს იპარავენ-მეთქი. ამას უკვე ყურადღებას არც ვაქცევ. რაც შეეხება მათი მხრიდან ჩემს აღიარებას, ეგ სწორედ ისაა, რაც საერთოდ არ მაინტერესებს. თავად იკითხონ, რომ ხალხმა სასტიკად უარყო ისინი და მალე გაქრებიან კიდეც პოლიტიკიდან. სასაცილოები არიან, მეტი არაფერი. თუ ასე ძალიან არ სჯერათ ჩემი, მაშ, რატომ კითხულობენ ჩემს გაზეთს? რატომ იხოცავენ თავებს ჩემთან მოსახვედრად? რატომ მიგზავნიან შუამავლებს? შენც კარგად იცი, რომ ვღებულობდე, სახლთან კილომეტრიანი ცოცხალი რიგი გამეჭიმებოდა. ჩემი წინასწარმეტყველებები კი ხალხმა ზეპირად იცის, ვინაიდან უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა გამოცემებით ვაქვეყნებ მათ. და როგორც უნდა გადააკეთონ, ხალხი მაინც ხვდება, რომ ეს ჩემი სიტყვებია. იმისა არ იყოს, ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა რომ ბრძანა ორიოდე კვირის წინ, დაიმახსოვრეთ, რუსეთი იძულებული გახდება, აფხაზეთი და სამაჩაბლო თავად დაგვიბრუნოს, ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან გაუჭირდებაო. ის კი ვერ გაითვალისწინა ამ ადამიანმა, რომ ამ სიტყვებს თვრამეტი წელია, ლამის ყოველდღე ვიმეორებ და მთელმა საქართველომ იცის, რეალურად ვის ეკუთვნის ისინი. — და აუცილებლად მინდა ვთქვა თქვენი ვებსაიტის შესახებ, რომელსაც მანამდეც არაერთხელ შექმნია გაურკვეველი პრობლემები, ახლა კი ჰაკერებმა საბოლოოდ გაანადგურეს. — ანადგურონ და იყვნენ. რაც უნდა გააკეთონ, ვერაფერს გახდებიან. ხალხი ერთმანეთს ზეპირად გადასცემს, გაზეთებს ათხოვებს, გადაბეჭდავს და მაინც წაიკითხავს, გაეცნობა წინასწარმეტყველებებს. დიახ, წინასწარმეტყველება მთელ დუნიას მოედება, მსოფლიოს მოივლის და ამას ვერავინ შეაკავებს. თანაც უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალ, უფრო საინტერესო, შინაარსობრივად უფრო დატვირთულ ინტერნეტპლატფორმაზე. ის მალე იქნება მზად და თუ მასაც გატეხენ, კიდევ ახალს გავაკეთებთ. ხომ არ ჰგონიათ, რომ დავიღლები და გავჩერდები? ვერ ეღირსებიან!”.

Share.