“დამორცხვილად ჩაქინდრეს თავი პოლიციელებმა,არცერთი კანონი არ დგას შვილმკვდარ დედაზე მაღლა..” – ნახეთ რა მოხდა ერთ-ერთ სასაფლაოზე

0

ქრისტე აღდგა! – თქვა მოხუცმა ქალმა და გზა განაგრძო. – ჭეშმარიტად აღდგა, – მიუგეს პოლიციელებმა, რომლებიც სასაფლაოს შესასვლელში იდგნენ. მოხუცმა ჩანთიდან რამდენიმე სისხლისფერი კვერცხი ამოიღო და პოლიციელებს ჩამოურიგა. – მადლობა, ბებო, – თქვა შავგვრემანმა ახალგაზრდა პოლიციელმა. – არაფრის. ჩაუჭახუნეთ. ღმერთმა შეგარგოთ.– გაიხარეთ, – გაუღიმა წითურმა ახალგაზრდა პოლიციელმა. – აქამდე რით იმგზავრეთ? – ჰკითხა მოხუცს შუახნის ჭაღარა პოლიციელმა. – ჯერ ფეხით, მერე ერთმა ღვთისნიერმა გამიჩერა მანქანა, მერე ისევ ფეხით.აბა რა ვქნა, ტაქსისი ფული არ მაქვს,

არც ტრანსპორტია. – გერტყობათ, სასაფლაოზე მობრძანდით, – უთხრა წითურმა. – ჰო, შვილო, – თავი დაუქნია მოხუცმა. – ხომ იცით, რომ არ შეიძლება, – ხმა გაიმკაცრა შავგვრემანმა. – ვიცი, შვილო, – უხერხულად შეიშმუშნა და ცალი ხელით სახეზე პირბადე შეისწორა ხნიერმა ქალმა. – თუ იცით, რატომღა მოხვედით? – კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა შავგვრემანმა. – არ შემიშვებთ? – თუ შეხვალთ დიდი ჯარიმა დაგეკისრებათ. – გადავიხდი, ოღონდ შემიშვით! – მტკიცედ განაცხადა ქალმა, – შვილთან მოვედი. უნდა ვნახო მისი საფლავი. – მერე ჯარიმა?! – შეახსენა წითურმა. – გადავიხდი. – უკან არ იხევდა მოხუცი, – ერთი წლის პენსიას გამოვიტან და გადავიხდი.

– შეიძლება არ გეყოთ, – უთხრა შავგვრემანმა, – მერე რით უნდა იარსებოთ? – ეგ მე ვიცი! – მოიღუშა შვილმკვდარი დედა. – გამომიწერეთ ჯარიმა. ნუღარ მაჩერებთ! შვილს დავიტირებ, წითელ კვერცხს გავუგორებ, პასკას გავუჭრი, შესაბდობარს ვეტყვი და გამოვალ. – სამწუხაროდ, ვერ შეგიშვებთ, ქალბატონო! – გადაეღობა წითური. – კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს! – საკმარისია! – მრისხანედ შესძახა შუახნის ჭაღარა პოლიციელმა. ახალგაზრდა პოლიციელები დადუმდნენ. – ჩემი შვილის საფლავიც ამ სასაფლაოზეა, – უთხრა ქალს ჭაღარა პოლიციელმა. – მე თავისუფლად შევედი, შვილის საფლავს პატივი მივაგე და არავის დავუჯარიმებივარ.

– ჰო, მაგრამ შენ პოლიციელი ხარ, ჩვენი თანამშრომელი ხარ და როგორ დაგაჯარიმებდით?! – შეეპასუხა შავგვრემანი. – აკი კანონი ყველასთვის კანონია! – სიტყვა არ დაუხვალია ჭაღარამ. – ჰო, მაგრამ… – მხრებში აიწურა შავგვრემანი. – რაღა მაგრამ?! – არ მოეშვა შუახნის პოლიციელი თავის შავგვრემან თანამშრომელს და წითურსაც ალმაცერად გახედა, – ან დამაჯარიმეთ, ან არა და შეუშვით ეს ქალბატონი. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ვართ და ადამიანებად უნდა დავრჩეთ. არცერთი კანონი არ დგას შვილმკვდარ დედაზე მაღლა!..

ახალგაზრდა პოლიციელებმა დამორცხვილად ჩაქინდრეს თავი და მოხუც ქალს ხელით ანიშნეს, სასაფლაოზე შესულიყო. – შენ გაიხარე, – უთხრა ქალმა ჭაღარა პოლიციელს, შემდეგ თვალცრემლიანმა ჩაილაპარაკა, შვილო, მოვედიო, და სასაფლაოსკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯებით. გელა ბერუაშვილი

წყარო:geoambebi.com

Share.