“გუშინ იმ 9 სართულიანი კორპუსის სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა…” – ლუკა სირაძის ძმის მოულოდნელი განცხადება

0

„ჩვენ გვინდა ის ადამიანები დაისაჯონ, ვინც შეხებაში იყო ჩემი ძმის დაკითხვასთან. მართალია ეს ლუკას ვეღარ უშველის, მაგრამ სხვა ბავშვებს უშველის“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავართან“ ლუკა სირაძის ძმამ განაცხადა.
დიღომში, 9-სართულიანი სახლის სახურავიდან გადმომხტარი 15 წლის მოზარდის ძმა ბექა სირაძე ამბობს, რომ იქამდე ივლის ყველა უწყებაში, ვიდრე არ დაისჯება ყველა ის სამართალდამცველი, ვინც მის ძმას პოლიციაში ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო.
„იმ სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა. მინდოდა ჩემს თავზე წარმომედგინა და განმეცადა, რა დაინახა როცა იქ ავიდა და ქვემოთ გადმოიხედა… ძალიან გამიჭირდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი მეც მენახა და წარმომედგინა“, – ამბობს გარდაცვლილის ძმა.
ბექა სირაძის თქმით, მისი ძმის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ერთ-ერთი ბრალდებულია, თუმცა არა ერთადერთი ვინც ლუკა დაკითხვის დროს დაატერორა. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ლუკას სწორედ მისით აშანტაჟებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მის 20 წლის ძმას, რომელიც ჯარისკაცია, საფრთხე დაემუქრებოდა.
„ჩემს ძმას ვიცნობდი როგორც ძლიერ პიროვნებას, თუმცა მაინც ბავშვი იყო… ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი, რის გამოც სახურავზე ავიდა, ვიყავი მე, ალბათ ფიქრობდა, რომ მის გამო შეიძლება მე შემქმნოდა პრობლემები და ეს არ უნდოდა“, – აცხადებს ბექა სირაძე.

15 წლის ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს მიიყვანეს. გამოძიება მას „მწვანე სკოლის“ კედლებზე წარწერების დაწერას ედავებოდა. 14:00 საათზე დედას უთხრა, რომ ის მიდიოდა და უკან აღარ დაბრუნდებოდა. სახლიდან გაქცეული ახალგაზრდის შეჩერება დედამ ვერ შეძლო, პოლიციაში დარეკა და შველა ითხოვა.

„დედა ამბობს, რომ ლუკა უცებ წამოხტა და გაიქცაო, თან მიუძახებია, მე დღეს სახლში არ დავბრუნდებიო… დედამ მაშინვე დაურეკა მარიანა ჩოლოიანს და დახმარება სთხოვა. გამომძიებელს უარი უთქვამს დახმარებაზე, მარიანას დედაჩემისთვის ასე უპასუხია, თქვენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგაძებნინოსო“, – აცხადებს ლუკა სირაძის ძმა.

უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ლუკა სირაძის დედა, რომელსაც სამართალდამცველები უახლოეს დღეებში დაკითხავენ.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობა სცადა. პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ.

Share.