“მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია” – ამის შესახებ რუსთავის ციხესთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა.
“გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენხანს შიმშილობს.
ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, – განაცხადა ბოტკოველმა.
წყარო: daqali.club