“ბევრმა გამომიყენა..” – ნახეთ ალექსანდრე ზაზარაშვილის სულისშემძვრელი ინტერვიუ

0

ქართველმა მომღერალმა ბიჭმა, 15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა, კიდევ ერთხელ მოახდინა ფურორი – ამერიკულ მუსიკალურ პროექტ „ნიჭიერში” ოქროს ღილაკი დაიმსახურა და პირდაპირ ფინალის საგზური მიიღო. 2 წელზე მეტი გავიდა, რაც ალექსანდრე უკრაინული მუსიკალური შოუს, „ვოისის”, გამარჯვებული გახდა და მთელი ქვეყანა აალაპარაკა. უნიჭიერესი მომღერალი მანამდე ქართულ „ნიჭიერშიც” გამოდიოდა, საბავშვო “ევროვიზიაზე” წასვლაც სცადა, მაგრამ ამაოდ, საქართველოში ჟიური ბიჭს არასოდეს სწყალობდა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ქარელში, სოფელ რუისში დაიბადა და გაიზარდა, ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ალექსანდრე ,,სარკეს” თავის ამერიკულ ცხოვრებაზე მოუყვა:

– კონკრეტული პროექტისთვის ჩამოვედი, მაგრამ კორონას გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა და გადაიდო ჯერ ერთი თვით, მერე კიდევ… გადავწყვიტეთ, საემიგრაციო სამსახურში შეგვეტანა საბუთები. აქ რომ შეიტან საბუთებს, მერე აღარ შეგიძლია საქართველოში დაბრუნება. იწელება დრო და ჯერ კიდევ ველოდებით ცხოვრების უფლებას.

ონლაინსკოლაში დავიწყე სწავლა. ისეთი ასაკი მაქვს, პატარაობიდან დიდობის წლებში რომ შედიხარ. დიდი გამოცდილებების მქონე ადამიანებთან მიწევს ურთიერთობები. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ათი ადამიანი მაინც ვცხოვრობდით და სითბოს მეტი არაფერი მინახავს. აქ მე და მამაჩემი ჩამოვედით მხოლოდ და მარტო რომ აღმოვჩნდით, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია ერთად. ძალიან რთულია, როცა დედაც საქართველოშია, ჩემი და-ძმებიც, ბაბუაც…

კარგია, რომ ასე მოხდა, რადგან სადაც ახლა ვარ, სწორედ ამ ქვეყანაში ვხედავ ჩემს მომავალს. ამერიკაში ძალიან ფასდება შრომა, ნიჭი და აქ ვაპირებ დარჩენას.

დედაჩემი არ მანახვებს, როგორ ვენატრები, მაგრამ ჩემი დეიდაშვილი, რომელიც ჩემი კლასელიც იყო და 24 საათი ერთად ვიყავით, მეუბნება, ისე ენატრები და ისეთ ემოციებშიაო… მეც იმავეს ვგრძნობ და ვხვდები, ისიც როგორ განიცდის… დღე არ გავა, სიზმარში საქართველო და მისი ქუჩები არ ვნახო. მესიზმრება, რომ ამერიკიდან სახლში ჩავდივარ…

– რას გულისხმობთ სირთულეებში?

– ბევრმა გამომიყენა, ბევრმა იმედი გამიცრუა, ბევრი ცუდად მომექცა. ისეთი რაღაცები მოხდა, ბევრისგან მეტკინა გული, მაგრამ მაინც ყველას მადლობელი ვარ, რადგან საკმაოდ პატარა ასაკში მასწავლეს ჭკუა, რომ ადვილად არავის უნდა ენდო. მომავალში ალბათ უფრო მომზადებული დავხვდები ადამიანთა ცუდ ქცევებს.
წყარო:ambavi.club

Share.