“აღარ ვართ ფორსმაჟორში…” – ამ წუთებში გიორგი გახარია ძალიან სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

0

“ჩვენ უკვე აღარ ვართ ფორსმაჟორში, ჩვენ ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ისე ახლა უკვე ვიწყებთ ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ყველას კარგად მოგვეხსენება და გვესმის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვმოქმედებთ ყოველდღიურად საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

ჩვენ უკვე აღარ ვართ ფორსმაჟორში, ჩვენ ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ისე ახლა უკვე ვიწყებთ ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას და თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, გავცეთ პასუხი.

შეიძლება საუბარი იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ამ თუ იმ კომპანიას ნებართვა რატომ მიეცა და სხვას რატომ არ მიეცა, შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის შეკითხვა.

მათ შორის რატომ ჩაიკეტა ის ქალაქი და რატომ არ ჩაიკეტა სხვა ქალაქი, ზოგ შემთხვევაში, რატომ მივიღეთ ჩვენი მოქალაქეებისათვის ერთი შეხედვით საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები – თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, გავცეთ პასუხი.

ჩვენი წარმატების საფუძველი რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და გამოწვევის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური, სწრაფი აღდგენა.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობის ის მაღალი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share.