ერთმა თბილისელმა ქალბატონმა თავისი სიხარული გაგვიზიარა, არადა, როგორც წესი, ამ რუბრიკას უფრო ხშირად ის “სტუმრობს”, ვისაც რაიმე საწუხარი ან პრობლემა აქვს. თეომ თავისი თავგადასავალი გვიამბო:
“- ისეთი ბედნიერი ვარ, სიხარულს გულში ვერ ვიტევ და მინდა თქვენი საშუალებით ამქვეყნად ყველას გავაგებინო, რომ ოცნებები სრულდება… როცა გულწრფელად გიყვარს, არასოდეს არ უნდა ჩაიქნიო ხელი, რადგან დღეს თუ არა, ხვალ ბედი აუცილებლად კარზე მოგიკაკუნებს.
მე და გიგის ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ის ძალიან კარგი და
გამორჩეული ბიჭი გახლდათ. არც მე ვიყავი ურიგო გოგო, მაგრამ მაინც ყველას მიაჩნდა, გიგიმ იმიტომ ამირჩია, მდიდარი მამიკო რომ მყავდა. არადა, არც გიგის ოჯახი იყო ხელმოკლე, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ბევრს შურდა ჩვენი სიყვარულის. ბოროტმა ადამიანმა (მე რომ მეგობარი მეგონა) საშინელი რამ ჩაიდინა (ახლა, ამ წერილში არ მინდა ვთქვა, რაც მან იკადრა) და მე და გიგი ერთმანეთს დაგვაშორა. მტკივნეულად გადავიტანე მასთან დაშორება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა შერიგების იმედი გადამეწურა, სხვას გავყევი ცოლად. წლები გადიოდა და ბავშვი არ შეგვეძინა. სად არ ვიყავი სამკურნალოდ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. საშინლად განვიცდიდი. ქმარი გიგისნაირად არ მიყვარდა და მეგონა, ბავშვი რომ გაჩნდებოდა, მერე მაინც გამიჩნდებოდა მის მიმართ გრძნობა. მეთერთმეტე წელი იწურებოდა, როცა ქმრის ნათესავმა ექიმმა “მწარედ” დამისვა დიაგნოზი – ვერასოდეს შეძლებ ბავშვის გაჩენასო. დედამთილ-მამამთილმაც გამომიცხადა, – არ გვინდა უშვილო ქალიო. გული მეტკინა, მაგრამ რაღას ვიზამდი? ერთ დღესაც ჩანთა ჩავალაგე და ქმრის ოჯახიდან წამოვედი.
ვიცოდი, გიგი კვლავ უცოლოდ იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია მასთან დაკავშირება. იმიტომ კი არა, რომ აღარ მიყვარდა, ან ისევ გაბრაზებული ვიყავი მასზე. არა, ის, ისევე როგორც მე, ბოროტი ენის მსხვერპლი იყო, მაგრამ მან არ შექმნა ოჯახი, მე კი, ცხელ გულზე, ავდექი და გავთხოვდი. ალბათ, იმიტომაც არ მიჩნდებოდა ბავშვი სხვასთან, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანს გული ვატკინე… ფაქტია, რომ მან მარტო ყოფნით თავი დაისაჯა, მე კი იმით, რომ უსიყვარულოდ გავყევი სხვას. ჩვენი დაშორებიდან 14 წელი იყო გასული, ეკლესიაში რომ შემთხვევით შევხდით. ღვთისმშობლის ხატთან ვიდექი. ვიღაცის დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, გავიხედე და გიგი დავინახე. მერე, თითქოს ეს წლები არც იყო გასული, ერთმანეთს პატარა ბავშვებივით ჩავჭიდეთ ხელი და სადაც სტუდენტობისას გვიყვარდა სიარული, ყველა ადგილი მოვინახულეთ.
39 წლის ვარ. ერთ თვეში დედა გავხდები, გვერდით მყავს ძვირფასი და მზრუნველი ადამიანი და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. თურმე, ლამაზი ოცნებები მარტო ზღაპრებში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც ხდება!”წყარო:genews.ge