“ქალბატონი ზიზი მესტუმა სახლში და მითხრა რომ..არ ვიცი ადამიანმა ამდენი გაიმეტო სხვისთვის..გოგონა და ბიჭის დედას შევხვდი და..”

0

დღეს, სოციალურ ქსელში გიორგის დედამ გაავრცელა ერთობლივი ფოტო, რომელშიც ვიდეოს მთავარი გმირები ერთად არიან გადაღებულნი. ზიზი ჭელიძე გიორგის სახლში ესტუმრა. მოზარდის დედა ლალი ბერინაშვილი პოსტს აქვეყნებს და ექიმს საჯარო ბოდიშს უხდის.
„მოკლედ, აპრილში გადაღებული ქალბატონი ზიზის და გიორგის ვიდეოს შესახებ, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჩემს რეაქციაზე და ქალბატონი ზიზის და მისი მეუღლის ჩვენთან სტუმრობაზე…
გიორგის ვინც იცნობს იცის, როგორი ცელქიც არის, ამავდროულად, ყოჩაღი, მიზანდასახული და მშრომელი, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ, ასეა. წავიდა და ყვავილები გაყიდა, პატიოსანი შრომით ფულის შეგროვებას ცდილობდა, მის საბედნიეროდ კი, იმ მომენტში, ქალბატონი ზიზისნაირი ადამიანი გამოჩნდა და როგორც ვიდეოში ნახეთ, ასე გაახარა ჩემი შვილი.

ვიდეო ისე გავრცელდა სოციალურ ქსელში, მთელმა საქართველომ თუ არა ნახევარმა, მაინც იცის უკვე ამ სიკეთის და გიორგის ემოციების შესახებ. ვაღიარებ, როგორც დედა ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გავბრაზდი, ასე გასაჯაროება რა საჭირო იყო მეთქი, ალბათ საზოგადოების რეაქცია მაშინებდა, ხალხი რას იფიქრებს შვილი გაუშვა და ყვავილებს აყიდინებსო. ამ ვიდეომ ბევრი პოზიტიური და ბევრიც ნეგატიური კომენტარი დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ნეგატიურმა პოზიტიური მხარე ამ სიკეთეს ვერ და არ დაუკარგა. უშუალოდ ქალბატონ ზიზიზე, არც კი ვიცი, რა სიტყვები მეკუთვნის, რომ ვთქვა, ან ის გრძნობები იმ სიტყვებით გადმოვცე, რა სიტყვებითაც ეს ამბავი იმსახურებს მოყოლას. ეს უზომოდ კეთილი, თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი სახლში მესტუმრა, კიდევ ერთხელ გაახარა ჩემი შვილი და ამ ვიდეოსთვის მომიბოდიშა, თუმცა მას რა აქვს საბოდიშო, პირიქით, ბოდიში მე მეთქმის, რომ რეაქცია სათანადო ვერ გამოვხატე.

შეიძლება გჯეროდეს ამ ქვეყანაზე კარგი ადამიანების არსებობის, ქალბატონი ზიზი კი ცოცხალი მაგალითი, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება. არ ვიცი, ადამიანმა ამდენი გაიმეტო სხვისთვის… ღმერთი ასმაგად და ათი ათასად დაუბრუნებს და დაუფასებს ქალბატონს ამ სიკეთეს. კი უნდა გადაეღო ეს ვიდეო, სხვა შემთხვევაში დღეს არ გვეცოდინებოდა არც მე და არც თქვენ, რომ მისნაირი ხელგაშლილი ადამიანები საზოგადოებაში შემორჩნენ! არ ვიცი, რით დავიმსახურეთ მისგან ასეთი სიკეთე, მაგრამ ფაქტია, უანგაროდ აკეთებს. ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება და სილაღე არ მოაკლოს თქვენს ოჯახს ქალბატონო”, – წერს გიორგის დედა ლალი ბერინაშვილი სოციალურ ქსელში.

Share.