“როგორ ცხოვრობს ქეთი ქველაძე 3 შვილთან ერთად ახალ ბინაში და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში..”

0

სანამ ტიკტოკი და ფეისბუკი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა და სანამ სლენგი – ბლოგერი და ინფლუენსერი დამკვიდრდებოდა, ქართველები Одноклассники-სა და Youtube-ს საკუთარი თავების წარმოსაჩენად აქტიურად იყენებდნენ.
წლების წინ, სწორედ ამ ორ პლატფორმაზე გამოჩნდა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირიც. ქეთი ქველაძე სოციალური ქსელის მომხმარებელმა 17-18 წლის ასაკიდან გაიცნო.
მისი კონტენტი, განსაკუთრებით იმ დროს, საკმაოდ თამამი იყო და რა თქმა უნდა, ქუთაისელი გოგოს, მეტსახელად კაკუს გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა.

ქეთის ვიდეოების გადაღებაში ეხმარებოდა „ბებო“, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ბებო, რეალურად, დედა ყოფილა.

დღეს უკვე თავად სამი შვილის დედა, ძლიერი და საკუთარ თავში ჩამოყალიბებული ქალია.

ცოტა ხნის წინ, ქეთის საკუთარი ბინა იყიდა, სადაც სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. რა სიახლეებია მის ცხოვრებაში ამაზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

ქეთი ქველაძე: ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს, შიში არ მაქვს, რომ უფულობის გამო ბინიდან გამაგდებენ. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ჩემი სახლი მქონოდა… როგორც იქნა, ხალხის წყალობით შევიძინე… ახლა ძალიან მშვიდად ვარ.

– რამდენიმე დღის წინ, კამერები დააყენე. რამე ინციდენტს ხომ არ ჰქონია ადგილი?

– მას შემდეგ რაც გადმოვედით, ბავშვები ამოდიან, ძირითად შემთხვევაში, ცუდი განზრახვა არ აქვთ. მაგრამ ბოლო დროს, აკაკუნებდნენ და გარბოდნენ. კარის სახელურს აწვალებდნენ.. თან ჩემი ყოფილი ქმარიც გამოვიდა ციხიდან და…

– ხომ არ გაწუხებს?

– დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოვიდა, თუმცა, 1 კვირის წინ მომწერა, ბავშვების ნახვა მინდაო. უარი ვუთხარი, ბავშვები რომ გაიზრდებიან, თავად გადაწყვეტენ, ჰქონდეთ თუ არა შენთან კონტაქტი მეთქი. შენ ხომ არ დაგავიწყდა შენი ძველი ცხოვრება, ვიდეოებს აგიტვირთავო. რა ვიდეოები უნდა ამიტვირთოს, მთელმა საქართველომ იცის, ახალს რას იტყვის?! ველოდები. ახლა წყნარადაა, თუ ისევ ასე განაგრძო, აუცილებლად ვუჩივლებ.

– ქეთი, ბავშვებს თუ აქვთ მამის ნახვის სურვილი, ახსენებენ ხოლმე?

– მასზე არც კარგად და არც ცუდად არ ვესაუბრები. ვკითხე ერთხელ, მამა მოგენატრათ მეთქი? თეკლამ არაო, ბიჭები არაფერს ამბობენ, არ საუბრობენ ამ თემაზე… ახალი წამოსულები რომ ვიყავით, ძმებს ახსენებდა იქ მომხდარ ამბებს, ეკითხებოდა, გახსოვთო?!

– პოზიტიურობა არასდროს გაკლია, მაგრამ ბოლო დროს, განსაკუთრებულად ბრწყინავ…

– გოგო, ბინა ვიყიდე და აბა რა იქნება?! (იცინის)

– ამბობენ, რომ შეყვარებული ხარ…

– ცოტა პრობლემები გვაქვს, კონფლიქტებია… იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება.

– ხომ არ გეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების?

– ახალი ურთიერთობის არ მეშინია. მე არ ვაპირებ ამ ადამიანის გამოჩენას, მაგრამ მეშინია, რომ სადმე მისი სახე გამოჩნდეს. იცით რატომ? ამდენი კარგი ადამიანის პარალელურად, ცუდის მსურველებიც მყავს. განსაკუთრებით, ინტერნეტსივრცეში იმდენი ბულერია… დარწმუნებული ვარ, ამას ცუდად გამოიყენებენ, გამილანძღავენ, ფოტოებზე წარწერებს გააკეთებენ. ეს ყველაფერი კი ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. მირჩევნია, დავმალო და ჩუმად ვიყო…

რაღაც რომ მიხარია და ბედნიერი ვარ, თვალი მეცემა და მეორე დღეს ცუდად ვარ ხოლმე. ვცდილობ, თავი დავიცვა…

– დედაზე გვითხარი, როგორ არის?

– დედაჩემი ისევ იქ არის, სადაც დავტოვე, ქუჩაში… ბოლოს, ბინა ჯერ კიდევ არ მქონდა ნაყიდი, მის ჩემთან წაყვანას ვცდილობდი, ნომერიც დავუტოვე, მაგრამ უარი მითხრა. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ არ მინახავს და არაფერი ვიცი – ცოცხალი რომ არის, მხოლოდ ის.

Share.