ლელამ და “მამულიჩამ” ორი დღის წინ დიდი შიში ჭამეს. ცნობილი წყვილის ქალიშვილს, ავტობუსში მგზავრობისას, კოლაფსი დაემართა. ლელას მარიკოს ნომრიდან ავტობუსის კონდუქტორი დაეკონტაქტა და ეს ინფორმაცია ამცნო. დანარჩენს, “პრაიმტაიმის” მკითხველს, თავად მომღერალი უყვება.
ლელა წურწუმია: – სულ ვამბობ, ქვეყანა კეთილ ადამიანებზე დგას-მეთქი.
მარიკოს ტრანსპორტში კოლაფსი დაემართა. რეკავს მისი ნომერი და უცებ, კაცის ხმა მესმის: ავტობუსის კონდუქტორი ვარ, თქვენმა შვილმა გონება დაკარგა, წევს, ავტობუსი ჩამოვცალე, დიდუბეში ვართ გაჩერებული, სასწრაფოს გამოვუძახეო… ამ კაცის ნათქვამი ნაწილ-ნაწილ მესმოდა. არ გიყვებით რა მომივიდა, რა ჯოჯოხეთი გადავიტანე…
გზაში საცობები, იქამდე როგორ მივედი, არ მახსოვს. თან გზიდან ვურეკავდი, არ მომატყუოთ, ხომ
ცოცხალია-მეთქი? რომ მივედი, სასწრაფო იყო მისული. როგორც აღმოჩნდა, რომ წაქცეულა, მგზავრს დასცემია ზემოდან. ქალებს კალთაზე გადაუწვენიათ, ყურები დაუზელიათ. ამ კონდუქტორს დაუცლია ავტობუსი. მოუტანა წყალი, წამალი, სასწრაფო გამოიძახა…
სასწრაფოს მანქანაში შევვარდი. მარიკო იწვა, ჟანგბადი მოვხსენი და მინდოდა ხმა გაეცა ჩემთვის. ხმა გამცა და პირველად მაშინ მომეშვა.
კონდუქტორს მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ იმ საშინელ წუთებში, ისეთი მადლობა ვერ ვუთხარი, როგორსაც იმსახურებდა. ამიტომ თქვენი მეშვეობით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს ასეთი ყურადღება მიაქცია.
მერე გერმანულ ჰოსპიტალში, სამ საათში ყველა ანალიზის პასუხი ხელში მეჭირა და დიდი მადლობა მედპერსონალსაც.
გამოცდების პერიოდი აქვს და ხომ იცით, რა სტრესულია სტუდენტისთვის ეს დრო. თან კარგი სტუდენტია, პასუხისმგებლიანი, კარგი გოგოა.
ემოციურია, თან მშიერი იყო, უძინარი… როგორც ჩანს, ავტობუსში ჰაერიც არ იყო და გონება დაკარგა…
ასეთ დროს ხვდები, რომ… ყველაფერი უცებ უფერულდება და აზრს კარგავს. ახლა კარგად არის. მადლობა.
წყარო:statiebi.club