გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ეხმარება. ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ლარის კუპიურას აძლევს და ბოლოს – დოლარს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება. ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა.
ლალი ბერინაშვილი გიორგის დედაა, ქალმა პირველად შვილის ვიდეო ოქტომბერში ნახა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოეთხოვა დაბლოკვა, რადგან ვიდეოს გამოქვეყნებით მისი შვილის უფლებები შეილახა.
„სამი შვილი მყავს, უფროსი გოგონა მეორე კურსის სტუდენტია, ძალიან განიცადა, ეს ვიდეო რომ ნახა. კიდევ მყავს ორი ბიჭი, გიორგი, ვინც ვიდეოში ჩანს, უმცროსია. ბავშვს ვინც ფულს აძლევს, სტომატოლოგი ყოფილა, ზიზი ჰქვია. ეს ვიდეო შარშანდელია.
ყველა მეგობარმა და ნათესავმა დამირეკა. მიგზავნიდნენ პირადში ვიდეოს, ლალი, ეს შენი გიოა? – ნამდვილად სიკეთე გამოიჩინა, რომ დაეხმარა, მაგრამ აუცილებელი არ იყო, რომ გამოექვეყნებინა. იქნებ არ მინდა და არ მსიამოვნებს. გვიწერდნენ სალანძღავ კომენტარებს, ყველას ვერც ვუპასუხე.
ბავშვმა მომიყვა, დედა, გზაზე ვიჯექი და ყვავილებს ვყიდდი, უცებ მანქანამ გაიარა, შემდეგ უკან წამოვიდა და ფული მაჩუქაო. არ უთქვამს არაფერი, რაც მანდ ისმის. უბრალოდ, მკითხა, რატომ ყიდი და ვუპასუხე, რა ვიციო. არანაირი გრიპი, არაფერი არ უთქვამს, ის რასაც ვიდეოში იძახის.
სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ძალიან გავუბრაზდი გიორგის. შემეშინდა, დავიბენი, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი. ძალიან განვიცადე, მეუბნებოდა არ მომიპარავსო. ვუთხარი, რატომ არ გამოართვი ნომერი, დავურეკავდი ამ ქალბატონს და მადლობას მაინც გადავუხდიდითქო.
პირველად ოქტომბერში გამოქვეყნდა ტიკ-ტოკზე, ჩემმა გოგონამ ნახა. მე მაშინ მოვტყუვდი, რომ არ დავაბლოკინე, მაგრამ ასე არ გავრცელებულა. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, გუშინ ძალიან განვიცადე, ხალხის მრცხვენია, ზოგი კარგად საუბრობს ჩემთან სოფელში, მაგრამ ზოგისგან აგრესიული საუბრებიც წამოვიდა.
სოციალურად დაუცველები ვართ, მე მცხეთაში, ოჯახში დიასახლისად ვარ, სოფელ გალავნიდან ვართ. ვშრომობთ ოჯახი, არც გრიპი ჰქონია გიორგის მაშინ, პირველად იმ დღეს გავიდა ყვავილების გასაყიდად ან საიდან მოიფიქრა. სარვამარტოდ მეზობლები ტყეში დავდივართ-ხოლმე, ყოჩივარდებს ვკრეფთ და ვყიდით, შრომა სირცხვილი არ არის. მტკივნეული და სამწუხაროა, თითქოს ნახევრად გააკეთა სიკეთე, აი, მაქედანაც წამოვიდა ცუდი კომენტარები, დოლარი არ უნდა მიეცა, მასხარად აიგდოო ბავშვი, როდესაც ჰკითხა, დოლარი არ გინახავსო. მინდა, რომ აიღონ ეს ვიდეო, მაგრამ ისე მოედო ფეისბუქს, რომ აზრი აღარ აქვს. ტელევიზორშიც გაუშვიათ.
იმ თანხით ტელეფონი იყიდა თავისთვის და სახლისთვისაც პროდუქტები”, – განუცხადა “ამბებს” გიორგის დედამ.
წყარო: anews.ge